ნუზარ ერგემლიძე ონლაინ სესხებით ცხოვრობს

  • სარკე
  • 27 დეკემბერი 15:31, 2018 წელი

მომღერალი, მუსიკოსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ნუგზარ ერგემლიძე, რომელიც სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" მსახიობად მოგვევლინა, ამბობს, რომ მისი გმირი, გოგი კირვალიძე, ტრაგიკული ადამიანია.

არადა მაყურებელი მას კომიკურ, გაშარჟებულ პერსონაჟად აღიქვამს.


– ბატონო ნუგზარ, თქვენი თაობის მამაკაცებიდან ალბათ ბევრი ჰგავს გოგი კირვალიძეს, ის გარკევეული კატეგორიის ადამიანების კრებითი სახეა. ზოგადად თქვენი თაობა რა ღირებულებებით, რა მისწრაფებებით ცხოვრობდა?


– ახლა მეტი თავისუფლებაა, მაგრამ ჩვენ ვახერხებდით მეგობრობას, შეხვედრებს, ლექსებს ვკითხულობდით, სიმღერებს ვმღეროდით. სანთლის შუქზე გვიყვარდა ეს ყოველივე, რადგან უფრო რომანტიკულია. ბუნებაში დავდიოდით – კოცონი, გიტარა…


მაშინ რთული იყო კომუნიკაცია, ახლა გვიკვირს, როგორ ვახერხებდით ურთიერთობას. ერთხელ სამი დღე არ ვიყავი სახლში – მეგობრებმა გადავაბით ქეიფი. სახლში დაბრუნებულს მითხრეს, რომ ქალაქ უფადან რეკავდა ვახტანგ კიკაბიძე და ბას გიტარისტად უნდოდა ჩემი მიწვევა “ორერაში”. სანამ მე სახლში დავბრუნდი, სხვა იპოვეს. დღეს აუცილებლად მიპოვნიდნენ და “ორერას” წევრი ვიქნებოდი.


– გული დაგწყდათ?


– არა, რადგან ყველაფერი, რაც ხდება, უკეთესობისთვისაა. "ორერაში" ვერა, მაგრამ "ვია 75”-ში მოვხვდი. მაშინ რომ სახლში ვყოფილიყავი, სულ სხვა გზით წავიდოდი. მერე ამერიკაში წავიდა “ორერა” და ვინ იცის, იქნებ იქ დავრჩენილიყავი. ბევრი დარჩა, ვინც წავიდა.


– გინდოდათ ამერიკაში ცხოვრება?


– კი, მაგრამ არსად დავრჩებოდი, რადგან აქ დედა მყავდა, ვერ მივატოვებდი. ფული ყოველთვის ჭირდა, მაგრამ ახლა გადამწყვეტი როლი შეიძინა. თუ ფული არ გაქვს, დენი, ინტერნეტი გაგეთიშება. მაშინ ეს საშიშროება არ იყო. ახლა თუ ფული გაქვს, შეგიძლია ევროპაში წახვიდე. ჩვენ დროს კი ევროპაში მოხვედრა ნიშნავდა, რომ ვიღაც დიდი ადამიანი იყავი. დიდ პატივს სცემდნენ საზღვარგარეთ ნამყოფ ხალხს. ეს განცდა დღემდე შემოგვრჩა – ვისაც საზღვარგარეთ უმღერია, სპექტაკლი უთამაშია თუ ფეხბურთი, უფრო დიდ ხელოვანად მიიჩნევა.


– რით ჰგავხართ ან არ ჰგავხართ თქვენს გმირს სერიალიდან, გოგი კირვალიძეს?


– მე არ მიცხოვრია იოლი ცხოვრებით. ლექსებს, სიმღერებს ვწერდი, ვხატავდი… 120 მანეთი ყველას ჰქონდა საბჭოთა პერიოდში, მაგრამ ის ცხოვრება არ იყო. მე ფილარმონიიდან თითო კონცერტში 20 მანეთი მქონდა, მაგრამ მეტი მინდოდა. როცა ის სისტემა მოიშალა, 500 მანეთი მქონდა. სტადიონებზე დავდიოდი და 500 მანეთს ვიღებდი. მერე სულ დაინგრა საბჭოთა კავშირი და კუპონებს გვაძლევდნენ.


მართალია, გოგი კირვალიძეზე ვიცინით, მაგრამ ის ტრაგიკული პიროვნებაა. მე მყავს არქიტექტორი მეგობრები, რომლებიც მუშაობდნენ თავიანთ რაიონებში ზედამხედველებად და ა.შ. ყველა გაყარეს, ყველაფერი მოისპო. სხვა ქვეყანაში აუცილებლად დაასაქმებდნენ ან დიდ პენსიას მისცემდნენ. ანუ ჩვენ ვიცინით იმაზე, რაც სინამდვილეში სატირალია.


ეს არის ქვეყანა, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს და გოგი კირვალიძეც მინისტრის მოადგილე გახდა. სოციალური სამართალი სადაც მოქმედებს, ასეთი რამეები არ ხდება. ძალიან გოგი უნდა იყო, რომ შვედეთში უმუშევარი დარჩე.


– თქვენს ცხოვრებაშიც ყოფილა ფინანსური ჩავარდნები?


– იყო მომენტები, კაპიკი ფული არ მქონდა. ჩემი ნახატი გავიტანე ჭრელ აბანოსთან, მხატვრების გამოფენა რომაა და 50 მანეთად გავყიდე. სიხარულით მოვედი სახლში, რადგან ეს უკვე საჭმლის ფული იყო. ეს იმაზე მეტი ფული იყო მაშინ, ვიდრე ახლა 300 ლარია. ახლაც ასე ვარ – თავი გაგვაქვს როგორღაც. ფული რომ არ მაქვს, ონლაინ სესხს ვიღებ და მერე ჩავასესხებ ხოლმე.


წესიერ ქვეყანაში ბანკებით ცხოვრობს ხალხი, რადგან ბანკები ადამიანებს არ ახრჩობენ. ჩვენთან კი ბანკი გადასულია დახრჩობაზე. აქ უკუღმაა – ვისაც შემოსავალი აქვს, მას არ ასესხებენ და ვისაც არაფერი აქვს, გარდა სახლისა, მას აძლევენ, რათა მერე ის სახლი წაართვან.


რაც შეეხება გოგის, ოპტიმისტი კაცია. ამაში და იუმორში მგავს, იმაშიც, რომ მღერის. ძალიან დიდი მადლობელი ვარ სცენარისტ ქეთი დევდარიანის, რომ მამღერა ამ სერიალში. კიდევ თუ მამღერებენ, გადასარევი იქნება, რადგან გარდა რადიოსი “არ დაიდარდო”, ჩემს სიმღერას არსად უშვებენ, თუმცა საახალწლო დღეებში ყველა ტელეკომპანია ყველაზე მეტს ჩემს სიმღერას უშვებს, რადგან ჩემი დაწერილია “ბაკურიანი”, “თოვლი მოდის, არემარე ფანტელებით იფარება” და სხვა საახალწლო სიმღერები, რომლებსაც ატრიალებენ ხოლმე.


ჩემი ლექსებია “გულმართალი კაცი მიყვარს”, “ნატვრის ხეო, ნატვრის ხე” და ა.შ. ბევრმა არ იცის ეს, რადგან არ აცხადებენ. ჩემს ახალგაზრდობაში ეს ყველამ იცოდა, რადგან რადიო აცხადებდა – მუსიკა ამისი და ლექსი ამისა და ამისაო.


კანონები უნდა შემოვიღოთ, რომ ბიზნესი, რომელიც ფულს ჩადებს ხელოვნებაში, გათავისუფლდეს იმ რაოდენობის გადასახადისგან. 20%-ით ხომ იბეგრება გადასახადი, 2% თუ ჩადო ადამიანმა ხელოვნებაში, სახელმწიფომ უნდა აპატიოს ის 2%. ამით მოკვდება მათხოვრული დამოკიდებულება. კომპანია მოგცემს იმ 2%-ს, რადგან მას ურჩევნია, ფილმში ჩადოს, ვიდრე ბიუჯეტს გაატანოს, თუმცა ის ფული ბიუჯეტს მაინც უბრუნდება.


პოლიტიკური ნებაა საჭირო, რომ ხალხი მეტად დასაქმებული იყოს. გოგის სიტყვებს ვიტყვი, რის კანტი, რის ნიუტონი, მთავარი სიმღერა და ცეკვაა ამ ქვეყანაზე. გართობაა მთავარი! გოგიმ, მინისტრის მოადგილემ, ხომ შესთავაზა მინისტრს კონცერტები პატარა უბნებში? არ იყო ცუდი იდეა.


– თქვენი იდეა ხომ არ იყო რეალურად?


– არა, სცენარში ეწერა. მეც მაქვს ხოლმე ასეთი იდეები. მაგალითად, ჩემმა ძამაკაცმა იყიდა ნაკვეთი დიღომში. ვუთხარი, გააკეთე ქარის წისქვილი, ის დატრიალდება, დაბლა რესტორანი იქნება და შენი დენი გექნება, ამით კერძები გაიაფდება და ბევრი ხალხი ივლის-მეთქი. ცუდი იდეაა?! მერე ბიტკოინებიც მოგივა. გოგის იდეას ჰგავს. მინდა, რუბრიკა გავაკეთო – გოგი კირვალიძის იდეები.


– პოლიტიკაშიც იყავით ერთი პერიოდი. იქ რა კვალი დატოვეთ?


– ყველაფერში ვმონაწილეობდი და ჩემს აზრს ვამბობდი, მაგრამ მმართველი პარტია გადამწყვეტ როლს ასრულებდა. 25 წელიწადში გაცილებით წინ შეიძლებოდა წასულიყო საქართველო, მაგრამ… არაა ნორმალური, მშიერ ხალხს უფრიალო წინ შენი მილიონერული და მაგარი ცხოვრება!


მე კი არ მინდოდა პოლიტიკაში, ვინც მე ჩამწერა სიაში, მან იცოდა ჩემი პოლიტიკური აზროვნება და შესაძლებლობები. ეს შემთხვევით არ ხდება. ჩამსვეს სიაში და მერე იმ პარტიამ სხვანაირად გააგრძელა, რაზეც ახლა საუბარი არ მინდა.


– სიყვარულზე გაქვთ უამრავი სიმღერა შექმნილი. როგორი შეყვარებული იყავით?


– სიმღერებს ვწერდი, როცა შეყვარებული ვიყავი – “ასე ნანატრი რომ ხარ, ირმის თვალებით, ასე საძებნი რომ ხარ”… ყველაზე მეტად მიყვარს ჩემი ცოლი – ანი! არსებობს პირველი სიყვარული და კიდევ სხვა, მაგრამ, როცა სიყვარულით შექმნი ოჯახს, მერე სულ სხვა ცხოვრება იწყება, თუნდაც გოგის ცხოვრებაში.


– თქვენი რეალური სიყვარულის ისტორია როგორია?


– ანი 12 იანვარს გავიცანი მცხეთაში, ახალგაზრდულ კლუბში, სადაც მე და ჩემმა მეგობრებმა დიზაინი გავაკეთეთ. იქ იყო სტუმრად და ტელეფონი გამოვართვი. შევხვდით ძველით ახალ წელს მხატვრის სახლში, რუსთაველზე. მერე კიდევ შევხვდით, მერე კიდევ და გაგვიჩნდა სურვილი, ყოველდღე შევხვედროდით. ეგაა სიყვარული, როცა სურვილი გიჩნდება, ყოველდღე ნახო ადამიანი.


– ცოლს ხატავთ?


– ძირითადად მას ვხატავ. ჩემი მეუღლე ძირითადად ჭკუას მასწავლის – როგორ ვიცხოვრო, არ დავლიო…


– ბრაზდებით?


– არა. ასეთი მოცემულობაა ცოლების და ჩემი ხომ არ იქნება გამონაკლისი?! პირიქით, რომ ზრუნავს, კარგია. ახალგაზრდობაში ვხუმრობდი ხოლმე, ღმერთი ხომ არ ჩამოვა და გეტყვის, ასე არ ქნა, ისე არ ქნა, ამ როლს მეუღლე ასრულებს-მეთქი.


– თქვენს უფროს ვაჟთან დაძაბული ურთიერთობა გქონდათ და ამის შესახებ საჯაროდაც აცხადებდა. ახლა როგორია თქვენი მამაშვილობა?


– არ მინდა მაგ თემაზე საუბარი. დამთავრდა ეგ ამბავი და ნეგატივის უკან მობრუნება ცუდი რამაა. ახლა გადასარევი ურთიერთობა გვაქვს.

წყარო: სარკე