რატომ უნდა შეიკავოთ თავი სექსისგან კბილის ამოღების დღეს

  • თბილისელები
  • 25 დეკემბერი 18:56, 2018 წელი

სტომატოლოგთან ჩატარებული პროცედურის შემდეგ, პაციენტს აუცილებლად ეძლევა რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა მოიქცეს სახლში დაბრუნების შემდეგ, როგორ უნდა მოუაროს ჭრილობას, რისგან უნდა შეიკავოს თავი და ასე შემდეგ.

ეს რეკომენდაციები აუცილებელია გართულების თავიდან ასაცილებლად და ზედმიწევნით უნდა დავიცვათ. ძალიან ხშირად გართულებების მიზეზი მკურნალობის პროცესის სწორედ იმ ნაწილზე მოდის, რომელსაც ექიმი ვერ აკონტროლებს და პასუხისმგებლობა პაციენტს ეკისრება. ეს – ზოგადად, რათა გავაცნობიეროთ, რომ პაციენტი არ არის განყენებული სუბიექტი მკურნალობის სქემაში და მისი ჩართულობის გარეშე სასურველი შედეგის მიღწევა შეუძლებელია. ყურადღება გავამახვილოთ იმ გარემოებაზე, რომელიც უმეტეს შემთხვევაში იგნორირებულია და გართულების შემხვევაშიც კი მიზეზი დაფარული რჩება. კერძოდ კი, ესაა სექსი კბილი ექსტრაქციის შემდეგ.


კბილის ამოღების პროცედურა, ანუ ექსტრაქცია, სხვადასხვა სირთულის შეიძლება იყოს: ექიმისთვის – ტექნიკური თვალსაზრისით, პაციენტისთვის – ფსიქო-ემოციური მდგომარეობის მიხედვით. ზოგჯერ რთული, ხანგრძლივი და ტრავმული ექსტრაქცია პაციენტს მხნედ გადააქვს და რამდენიმე საათში ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება. ამიტომ, თვითშეგრძნება და ზოგადი მდგომარეობა არ არის იმის განმსაზღვრელი, მაღალია თუ არა გართულების რისკი და საჭიროა თუ არა სიფრთხილე.


ყველაზე ხშირი და საშიში გართულება ამ დროს კბილბუდიდან სისხლდენაა, რომლის ალბათობა პროცედურის მომდევნო საათებში ყველაზე მაღალია და ეს ალბათობა სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული — სისხლის შედედების (კოაგულაციის) უნარი, არტერიული წნევა, ქსოვილისა და კაპილარების დაზიანება. როგორც წესი პაციენტს ურჩევენ თავი შეიკავოს ფიზიკური აქტივობისგან პროცედურის ჩატარების დღეს, თუმცა თითქმის არასოდეს აღნიშნავენ, რომ ამაში სექსიც იგულისხმება, ალბათ, საკითხის დელიკატურობის გამო. სექსი კი ერთ-ერთი ყველაზე „აქტიური“ ფიზიკური დატვირთვაა, რომლის დროსაც ორგანიზმში იმატებს არტერიული წნევა, მათ შორის თავის ნაწილში, რამაც შეიძლება სისხლდენა გამოიწვიოს პირის ღრუში არსებული ჭრილობიდან. სისხლდენის განახლება კბილის ამოღების შემდეგ კი ნიშნავს, რომ პირის ღრუში არსებული უამრავი პათოგენური ბაქტერია ჭრილობაში ხვდება და მის დაინფიცირებას იწვევს, რასაც მომდევნო დღეებში ტკივილი მოსდევს. ასეთ შემთხვევაში აუცილებელად მოგიწევთ ქირურგიული გზით ჭრილობის გასუფთავება და ანტიბიოტიკოთერაპია. ამიტომ, გირჩევთ, გაითვალისწინოთ და კბილის ამოღების დღეს სექსისგან თავი შეიკავოთ.

წყარო: თბილისელები