დეპრესიული მდგომარეობის მიზეზები და გამოსავალი

  • თბილისელები
  • 25 დეკემბერი 18:52, 2018 წელი

დეპრესია თითქმის ყველას გამოუცდია. ის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, თუმცა მკურნალობას სხვებზე უკეთ ექვემდებარება.

ყოველ მეოთხე ქალსა და ყოველ მეათე მამაკაცს დეპრესია სიცოცხლეში ერთხელ მაინც ემართება. საბედნიეროდ, მათი 80-90 პროცენტი წარმატებით იკურნება.


დეპრესიის ამოცნობა ზოგჯერ ძნელია, რადგან ადამიანები ცდილობენ, ავადმყოფური სიმპტომები ყოფით სირთულეებს მიაწერონ.


დეპრესიაზე მიანიშნებს:


* მადის გაძლიერება ან შესუსტება, რასაც თან სდევს წონის მატება ან კლება;
* ძილის დარღვევა – წყვეტილი ძილი, ჩაძინების გაძნელება, დილით ადრე გაღვიძება ან ძილად მივარდნა;
* ენერგიის დაქვეითება, ადვილად დაღლა;
* ამაოების განცდა;
* დანაშაულის შეგრძნება;
* ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება, აზროვნების გაძნელება, გაუბედაობა;
* სიკვდილზე ან თვითმკვლელობაზე ფიქრი, სიკვდილის სურვილი ან თვითმკვლელობის მცდელობა;
* მელანქოლია (ძლიერი მოწყენილობა, უხალისობა), მოძრაობის შენელება;
* თავის, მუცლის ან სხვა მიდამოს ტკივილი, წვა, ჩხვლეტა და სხვა უსიამოვნო შეგრძნებები.
თუ ადამიანს აქვს ჩამოთვლილთაგან ოთხი ან მეტი სიმპტომი ორ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში, მან ფსიქოლოგს უნდა მიმართოს. დეპრესიის დროს ამ ფიზიკურ და ფსიქიკურ უსიამოვნო შეგრძნებებს თითქოს ბოლო არ უჩანს. მათ არც სასიამოვნო ამბები აქარწყლებს. ზოგი ადამიანი ისეა მოცული სასოწარკვეთილებით, რომ ექიმთან მისვლაც კი არ შეუძლია, არც მიაჩნია საჭიროდ და რაიმე შედეგის იმედიც არ აქვს. ოჯახის წევრები, მეგობრები და თანამშრომლები ცდილობენ, დეპრესიით დაავადებულს რჩევებითა და დაყვავებით დაეხმარონ, მაგრამ დროთა განმავლობაში რწმუნდებიან, რომ მათი ცდები უშედეგოა – დეპრესიული ადამიანი არ ითვალისწინებს მათ რჩევებს და უარყოფს დახმარებას. დეპრესია ადამიანს ნებისმიერ ასაკში შეიძლება დაემართოს, ზოგს – მთელი სიცოცხლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ, ზოგს – რამდენჯერმე. დეპრესიის შეტევებს შორის ადამიანი თავს სავსებით ჯანმრთელად გრძნობს. უნდა ითქვას ისიც, რომ ავადმყოფების დაახლოებით მეოთხედს დაავადება უხანგრძლივდება და ქრონიკულ დეპრესიაში გადაეზრდება. როცა ადამიანს ძალუძს დეპრესიასთან გამკლავება და თავის მოვალეობათა შესრულება, საფიქრებელია, რომ მას ექიმის დახმარება არ დასჭირდება, მაგრამ თუ იგი იმდენად არის მოცული ავადმყოფური განცდებით, რომ ნორმალურად ვეღარ ცხოვრობს – ეს უკვე ავადმყოფობაა. დეპრესიას უამრავი მიზეზი აქვს: ოჯახური, სამსახურებრივი თუ ინტიმური უსიამოვნებები, იმედგაცრუება, ხანგრძლივი ემოციური და ფიზიკური გადაძაბვა, ცუდის მოლოდინი. არსებობს უმიზეზო დეპრესიაც – ადამიანი დასაძინებლად ჯანმრთელი წვება და ღრმა დეპრესიით იღვიძებს. ბავშვებში დეპრესია ხშირად გამოიხატება ქცევის დარღვევით – გამომწვევი ქცევით, კონფლიქტურობით, ხეტიალისადმი მიდრეკილებით. დეპრესია იპყრობთ უმეტესად ლაბილური ფსიქიკის, სუსტი ნებისყოფის, თავდაჯერებას მოკლებულ, დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანებს. ისინი ადვილად ემორჩილებიან სტრესს. მათზე ძლიერ გავლენას ახდენს სხვების უარყოფითი დამოკიდებულება, ცინიკური მოპყრობა. ზოგჯერ უბრალო ირონიასაც კი წონასწორობიდან გამოჰყავთ. დეპრესიამ წესით უკვალოდ უნდა გაიაროს. მსუბუქი ფორმის დროს ადამიანი შესაძლოა, უწამლოდ, ოჯახის წევრებისა და მეგობრების დახმარებით განიკურნოს. ზოგჯერ სასარგებლოა გარემოს, სამსახურის გამოცვლა. უმეტესად კი საჭირო ხდება სპეციალისტის – ფსიქიატრის ან ფსიქოლოგის, დახმარება. მთავარია, ავადმყოფმა ის არ დამალოს, საკუთარ თავთან მარტო არ დარჩეს. ასეთ ადამიანს ახლობლები უნდა ესაუბრონ, აგრძნობინონ, რომ გვერდით ჰყავთ გულშემატკივარი, რომელიც მოუსმენს, მის წუხილს გაიზიარებს, თანაუგრძნობს. თუ საჭიროა, ფსიქოთერაპიული ჩარევა, ეს დროულად, მდგომარეობის გაღრმავებამდე უნდა მოხდეს.

წყარო: თბილისელები