როგორ აქეიფა გია ფერაძემ მეგობრები

  • თბილისელები
  • 24 დეკემბერი 18:48, 2018 წელი

ლეგენდარული ფეხბურთელი დათო ყიფიანი და ცნობილი მსახიობი გია ფერაძე მეგობრები იყვნენ.

გია ფერაძე თავისი ოხუნჯობებითაც იყო ცნობილი და ამ მხრივ, არც თავის მეგობრებს „ინდობდა“ – ერთმანეთში ხუმრობა „მოსული“ ამბავი იყო. ერთხელ, გიამ ყიფიანებთან დარეკა და უთხრა:


– შოთა მილორავა ვარ, დათოზე კანტატას ვწერ და თუ შეიძლება, ამ საღამოს თქვენს სახლში მოვალო.
ცნობილ კომპოზიტორს ყიფიანები დიდ პატივს სცემდნენ. სტუმრობაზე უარს როგორ ეტყოდნენ და რა თქმა უნდა, უთხრეს, – მობრძანდითო.


– საღამოს შვიდზე მოვალო, – თქვა „მილორავამ“ და ტელეფონი გათიშა.
ყიფიანები დაფაცურდნენ და ძვირფასი სტუმრის დასახვედრად საკადრისი სუფრის გაწყობას შეუდგნენ.
ექვსი საათისთვის ყიფიანებთან, ვითომდა შემთხვევით, გია ფერაძე და მისი მსახიობი მეგობრები მივიდნენ. ისინი, რა თქმა უნდა, შეიპატიჟეს და მილორავასთვის გაწყობილ სუფრასთან მიიწვიეს. ერთი სიტყვით, ნელ-ნელა ქეიფიც გაჩაღდა. ძვირფასი სტუმარი კი არც შეთანხმებულ დროს მოვიდა, არც – მოგვიანებით და როდესაც გვიან ღამით სტუმრები წამოდგნენ და სუფრა აიშალა, შექეიფიანებულმა გია ფერაძემ მასპინძლებს უთხრა:


– ისეთი გრძნობა მქონდა, რომ შოთა მილორავა უნდა მოსულიყო და დათოზე კანტატა უნდა დაეწერა, მაგრამ „გადაგვაგდოო“...

წყარო: თბილისელები