როგორ უნდა შეამოწმოთ ნეგატივითაა თუ არა დამუხტული საჩუქარი

  • თბილისელები
  • 24 დეკემბერი 18:41, 2018 წელი

საჩუქრები უყვარს ყველას და დიდი სიამოვნებით იღებს მას ნებისმიერ დროს.

მართალია, ისეთი ცხოვრება არ გვაქვს, რომ ხშირად გვანებივრებდნენ ამგვარი სიურპრიზებით, მაგრამ წელიწადის განმავლობაში არსებობს რამდენიმე გამონაკლისი, როცა ის დღე დასაჩუქრების გარეშე არ ჩაივლის. ახლოვდება შობა-ახალი წელი და სწორედ ახლაა ყველაზე აქტუალური საყოველთაო საჩუქრომანია, რომელზე ზურუნვასაც აქედანვე იწყებენ ჩვენი თანამოქალაქეები. რა საერთო აქვს ამ ყველაფერს შეუცნობელთან? – თურმე, ეს ყველასთვის სასიამოვნო პროცესი არც ისე უსაფრთხო ყოფილა: განა ყოველთვის გულითაა მორთმეული ასე სანუკვარი პრეზენტი ნაცნობ-მეგობრებისა და თქვენ წარმოიდგინეთ, ნათესავებისგანაც კი. თუ რა იგულისხმება ამ ფრაზაში, შეიტყობთ ქალბატონ ნანი დ-ს ინტერვიუდან, რომელიც ეზოთერული თვალსაზრისით განგვიმარტავს, რა საფრთხე შეიძლება, იმალებოდეს თვით ყველაზე ძვირფას საჩუქარშიც კი.


– ნაჩუქარ ცხენს კბილი არ გაესინჯებაო, ნათქვამია, მაგრამ გაესინჯება და თანაც, როგორ! განა ყველა საჩუქარს მოაქვს სიხარული და ბედნიერება?! ზოგჯერ უბრალო სუვენირმაც კი, შეიძლება, სახლში ავადმყოფობა, ჩხუბი, ჩვეული რიტმის დარღვევა გამოიწვიოს და ცხოვრება აუტანელი გახადოს. თუმცა, თავიდან აზრად არავის მოსდის, ყოველივე ეს, სათუთად მოძღვნილ დაბადების დღისა თუ ახალი წლის საჩუქარს დააბრალოს. ამ დროს კი, „მოჯადოებული საჩუქარი“ ყველაზე გავრცელებულია და შესაბამისად – ყველაზე სულმდაბალი და ამაზრზენი საქციელიც. იბღალება საჩუქრის ყველაზე საკრალური მნიშვნელობა – მიძღვნა, რომელიც გამოხატავს პატივისცემას, სიყვარულსა და უკეთესი ცხოვრების სურვილს. საჩუქრის მიღებისას ადამიანის სული ბოლომდეა გახსნილი ნებისმიერი ენერგეტიკისთვის, რითაც სარგებლობს კიდეც ავისმზრახველი და „მსხვერპლს“ უხვად „აჯილდოებს“ – უბრალო ნეგატივიდან დაწყებული, უძლიერესი წყევლითა და ჯადოთი დამთავრებული. განსკუთრებით ძლიერია ჯადო ნივთებზე, რომელიც ყველაზე დიდ ხანსაა „მსხვერპლთან“ ახლოს. ასეთია: საყოფაცხოვრებო ნივთები, სამკაული და კოსმეტიკა. რაც შეეხება ახლობლისგან მოძღვნილი საჩუქრის მავნებლობას, ეს შეიძლება, სულაც არ უკავშირდებოდეს მის განზრახვას. როცა ნივთი რაღაც დროით ერთ მფლობელთანაა, მისივე ენერგეტიკით – ემოციებით, განცდებით, გრძნობებით იმუხტება, რაც განსაზღვრავს ამ ადამიანის იღბალსა და უიღბლობას, გამდიდრება-უფულობის პერსპექტივასა თუ ჯანის სიმრთელესა და ავადობას. შემდეგ კი, თუ ამ ნივთმა ახალ პატრონთან გადაინაცვლა, დიდია რისკი, რომ მასთან ერთად, სხვისი პრობლემები ან სიხარული და ბედნიერებაც „აიკიდოს“.


– როგორ გავიგოთ, არის თუ არა საჩუქარი „მოჯადოებული“?


– საჩუქარი, რომელზეც ჯადოა გაკეთებული, პატრონში იწვევს ძლიერ, მაგრამ არაერთმნიშვნელოვან გრძნობას – თან, საოცრად მოგწონთ, თან, განგაშსა და მტრულ გამწყობას იწვევს თქვენში. ჯადოგაკეთებულ ნივთზე აუცილებლად არის რაღაც ნიშანი, თანაც საკმაოდ მკვეთრი, რადგან ჯადო მოქმედებს მანამ, სანამ ეს ნიშანი იქნება საგანზე. ამიტომ, თუ საჩუქარი გაეჭვებთ, ყურადღებით დაათვალიერეთ. მაგალითად, ფუმფულა სათამაშოზე ჯადო ჩატნეული იქნება ნაკერში. საჩუქრის შემოწმება ნეგატივზე შეიძლება სანთლებითაც. სახელდებულ ნივთს 10 სანტიმეტრის დაშორებით, ნელა შემოატარეთ ირგვლივ ანთებული სანთელი. თუ ის ციმციმს ან ბჟუტვას დაიწყებს, ესე იგი, ნივთი ნეგატივს შეიცავს.


– როგორ მოვხსნათ საჩუქარს ნეგატივი?


– თუ საჩუქრის მიღების შემდეგ, შეამჩნიეთ, რომ თქვენს ცხოვრებაში ბევრი პრობლემა გაჩნდა – ავადმყოფობის, ჩხუბისა თუ კონფლიქტების სახით, მაშინ სცადეთ, მოიქცეთ შემდეგნაირად. ჩაუშვით ნაჩუქარი ნივთი (შეგიძლიათ, წინასწარ ცელოფანშიც გაახვიოთ) ნაკურთ წყალში 3 დღით. თუ ეს არ ხერხდება, მაშინ დღე-ღამეში (მზის ამოსვლისა და ჩასვლის დროს და ასევე, შუადღეს) სამჯერ მაინც შეასხურეთ საეჭვო ნივთს აღნიშნული წმინდა წყალი შვიდი დღის განმავლობაში. მერვე დღეს კი შეამოწმეთ ნივთის ენერგეტიკა. ამისთვის, ზუსტად ერთი მეტრის დაცილებით, ზემოდან ქვევით ხელისგული გადაატარეთ და თუ ხელი ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ჩამოეშვა – ნივთი თავიდან უნდა მოიშოროთ. მაგრამ, თუ ხელისგული წამის უმცირეს ნაწილშიც კი შეიცვლის ვარდნის სიჩქარეს, საჩუქარი გაწმენდილია და შეგიძლიათ, დანიშნულებისამებრ გამოიყენოთ. რაც შეეხება, თუ „მაგიურ საჩუქარს“ რიტუალმა ვერ უშველა, რა იგულისხმება მის თავიდან მოცილებაში – როგორ გგონიათ, შუა საუკუნეებში რატომ წვავდნენ ჯადოქრებს კოცონზე და დასჯის ფორმად არ იყენებდნენ, თუნდაც, ჩამოხრჩობას ან წყალში დახრჩობას? – იმიტომ, რომ ცეცხლის გამწმენდი ძალა ძალიან ძლიერია. ჰოდა, თქვენც დაწვით ის საჩუქარი. მაგრამ, თუ ეს შეუძლებელია, ძალიან წვრილად დააქუცმაცეთ, გამოკარით სელის ნაჭერში და სასაფლაოს ღობესთან ჩაფალით მიწაში. უძრავი ქონების ჩუქებისას კი, სანამ სახლისა თუ ოთახის საბოლოო მფლობელი გახდებით, მოგიწევთ, დამოუკიდებლად „გაწმიდოთ“ ის. რიტუალი სრულდება მარილით. ნელ ცეცხლზე დადგით ტაფა, ზედ დაყარეთ ერთი ჭიქა მარილი და ნემსები – სახლში მცხოვრებთა რაოდენობის შესაბამისად. ფრთხილად მოურიეთ საათის ისრის მიმართულებით. მარილი ტკაცუნსა და გამუქებას რომ დაიწყებს, აიღეთ ხელში ტაფა და სახლში, ყველა ოთახს შემოუარეთ. შეყოვნდით იმ ადგილებში, სადაც თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრები უმეტეს დროს ატარებთ. შემდეგ ტაფა ისევ ცეცხლზე დადგით და ამჯერად ჯვარედინად მოურიეთ, თან, წარმოთქვით შემდეგი სიტყვები: „საიდანაც მოვიდა – ისევ იქ წავიდა. ვინც ეს გვისურვა, მანვე წაიღოის თან.“ რიტუალის შემდეგ ტაფის შიგთავსი ჩაუშვით უნიტაზში, ტაფა კი კარგად გარეცხეთ. თუმცა, საქმე აქამდე რომ არ მივიდეს, უმჯობესია, რამდენიმე რჩევა გაითვალისწინოთ: არასდროს მიიღოთ საჩუქარი, განსაკუთრებით კი, ლოგინის თეთრეული, მისგან, ვისთან ურთიერთობასაც ნამდვილად ვერ დაარქმევთ მეგობრულს: გრძნობთ, რომ არ უყვარხართ და შურს თქვენი; ასევე, ეცადეთ, საჩუქარი ხელიდან არ გამოართვათ მჩუქნელს და არც მაშინვე გახსნათ – უმჯობესია, სთხოვოთ, ის მაგიდაზე დადოს; მაგრამ, თუ საჩუქრის გამორთმევა მაინც მოგიწიათ, გულში გაიმეორეთ: „წრფელი გულით ვიღებ საჩუქარს და რაც შიგნითაა, ერთიასად ვაბრუნებ უკან“. რა თქმა უნდა, ყველა საჩუქარში წყევლა და უბედურება არ უნდა ეძებოთ, მაგრამ ყურადღების გამოჩენა არასდროს გავნებთ.

წყარო: თბილისელები