"საყვარელი მამაკაცის გამო შვილი დავთმე"

  • 24 დეკემბერი 18:15, 2018 წელი

გათხოვების დღიდან ქმართან სულ კონფლიქტი მქონდა. ყველაფერზე ღიზიანდებოდა, ჩხუბს იწყებდა და არც მე ვუთმენდი.

რამდენჯერმე გაშორებულებიც ვიყავით, მაგრამ ისევ თავად მოდიოდა შესარიგებლად. დედაჩემი მეუბნებოდა:


შვილო, ასეა, გათხოვილი ქალი რთულად ეგუება ახალ ოჯახს, შენ ისე გათამამებულად გზრდიდი, ელემენტარულ შენიშვნას ვერ იტან. შვილი რომ გეყოლებათ, ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგებაო. მოკლედ, გაგვიჩნდა შვილიც, თუმცა ვერც ნიკუშას დაბადებამ შემოიტანა ჩემი და ჩემი ქმრის ურთიერთობაში სიმშვიდე. პირიქით, უფრო მოვუმატეთ ჩხუბს და კამათს. ერთი წლის წინ ძალიან ვიკამათეთ, სილა გამაწნა. გავიჯახუნე კარი და გარეთ გავვარდი. გვიანი საღამო იყო და არ ვიცოდი, ასეთი აღელვებული ვის მივდგომოდი კარზე – მშობლებს თუ მეგობარს. ჩამოვჯექი სკვერში სკამზე და გულამოსკვნილი ვტიროდი. უცბად, გვერდით, სიმპათიური მამაკაცი მომიჯდა. ჩემზე გაცილებით დიდი ასაკის ჩანდა. მშვიდად მკითხა, დახმარება ხომ არ გჭირდებათო. არ ვიცი რატომ, მაგრამ გავეხსენი უცხო ადამიანს. მოვუყევი, რომ ქმართან კამათი მომივიდა, სახლიდან წამოვედი და ვისთან წავსულიყავი, არ ვიცოდი. მითხრა, სჯობს, მშობლებთან წახვიდე, დაწყნარდები და ხვალ საღი გონებით მიუდგები მოვლენებსო. თან, შემომთავაზა, თუ მენდობი და წინააღმდეგი არ ხარ, ჩემი მანქანით წაგიყვანო. არ მიუარია, რადგან სახლიდან ჩანთისა და ფულის გარეშე გამოვვარდი. მოკლედ, დედაჩემთან მივედი და ის ღამე იქ გავათენე. დილით, ფანჯრიდან რომ გავიხედე, ის მანქანა დავინახე, რომლითაც იმ ტიპმა მომიყვანა. ჩავირბინე, ჩავჯექი და მადლობა კიდევ ერთხელ მოვუხადე დახმარებისთვის. ბევრი რომ არ გავაგრძელო, საბოლოოდ გადავწყვიტე ქმართან დაშორება. ის კაცი კი, ჩემთვის საუკეთესო მეგობარი გახდა, რომელსაც ყველაფერს ვუყვებოდი. დროთა განმავლობაში, მასთან მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა და მითხრა, თუ გადაწყვეტ ქმართან გაშორებას, მე მოგიყვან ცოლად, შენი შვილიც წამოიყვანე და ერთ ოჯახად ვიცხოვროთ. მე არც მშობლები მყავს, არც ცოლი მყოლია და არც შვილიო. საკუთარი ბინა ჰქონდა და დასაქმებულიც იყო. თან, საკმაოდ კარგად ვუგებდით ერთმანეთს. ჩემს ქმარს რომ ვუთხარი, გშორდები-მეთქი, გაეღიმა: ჰო, წადი დედაშენთან, ცოტა დაისვენე ჩემგან და ვიცი, მერე ისევ აქ მოხვალო. რას წარმოიდგენდა, რომ მე სერიოზული მიზნები მქონდა. რომ ვუთხარი, ხელი გავაწეროთ და ბავშვიც უნდა წავიყვანო-მეთქი, შეურაცხადი გახდა, მიყვირა, მლანძღა, ისევ ხელით შემეხო. ერთი სიტყვით, მერჩივნა, სანამ სხვა ეტყოდა, მე მეთქვა და ვუთხარი კიდეც, სხვა მიყვარს და მას უნდა გავყვე ცოლად, ხომ ხედავ, ჩვენ ერთმანეთისთვის არ ვართ შექმნილი და სჯობს, ჩვენ-ჩვენი გზა დროულად მოვნახოთ, სანამ ერთმანეთს დავხოცავთ-მეთქი. რომ მიხვდა, უკან დამხევი არ ვიყავი, ჯერ დამემუქრა, მოგკლავო, მერე შეცვალა პოზიცია და მითხრა, სადაც გინდა, იქ წადი, ხელსაც გავაწერ შენთან, მაგრამ შვილს არ მოგცემო. ვიფიქრე, შვილს ვერ წამართმევდა, მაგრამ მთელი მისი სანათესაო ჩაერია და წამოყვანის უფლებას არ მაძლევენ. მხოლოდ იმ შემთხვევაში მანახებენ, თუ სახლში მივალ, სასეირნოდაც არ მატანენ. იმ მამაკაცთან, რომელიც მიყვარს, მშვიდად ვცხოვრობ, იმის შიში აღარ მაქვს, რომ მოვა და ყველაფერს თავზე დამამხობს, მაგრამ, ოთხი წლის შვილს კვირაში ერთხელ ვხედავ და ეს მკლავს. ფაქტია, საყვარელი მამაკაცის გამო, შვილის დათმობა მომიწია. უფრო სწორად, დროებით დათმობა, თორემ, მოვიფიქრებ რამეს და აუცილებლად წამოვიყვან.


ეკა, 29 წლის.