რა საახალწლო ტრადიციას აგრძელებს გიო ხუციშვილის ოჯახი მის გარეშე და რა საჩუქარი გაუკეთა მან სიკვდილის წინ ცოლს

  • თბილისელები
  • 24 დეკემბერი 15:54, 2018 წელი

გიო ხუციშვილი – კაცი, რომელიც დააკლდა თბილისს, ოჯახს, შვილებს, მეგობრებს, ახლობლებს და უბრალოდ, იმ ადამიანებს, ვინც არ იცნობდა, მაგრამ მისი შემოქმედება სიამოვნებას ანიჭებდა.

წელს მისი ოჯახი პირველად ხვდება ახალ წელს მის გარეშე და როგორც მისი მეუღლე, მაია ჯორჯაძე ამბობს, ძალიან უჭირთ. თუმცა, გიოს ტრადიციას აგრძელებენ და სიურპრიზსაც უმზადებენ, რომელიც გიოს იმქვეყნად გაახარებს.


მაია ჯორჯაძე: 29 წლის მერე, პირველი ახალი წელია, გიოს გარეშე რომ ვხვდები. ვერ წარმოიდგენთ, როგორ მიმძიმს. ზოგადად, საახალწლო მზადება ძალიან უყვარდა გიოს, თავად აწყობდა ნაძვის ხეს, ყიდულობდა პროდუქტს, საჩუქრებს... ძალიან მტკივა და განვიცდი უმისობას. არც ნაძვის ხე ამიწყვია და არც საახალწლო მზადება დამიწყია. ზუკა ააწყობს ნაძვის ხეს, სუფრასაც გავშლით, მივულოცავთ ერთმანეთს, მაგრამ გიოს გარეშე, ამ ყველაფერს ხიბლი და ის განწყობა ვერ ექნება. გიოს უყვარდა ფუსფუსი და ნაძვის ხის აწყობა, ბავშვივით უხაროდა ახალი წელი, დადიოდა წინ და უკან და იძახდა, ეს აქ დავკიდოთ, ის აქ დავდგათ, მაგიდა ასე გავაწყოთ, ნაძვის ხეზე ეს დავკიდოთო... რისი წელიც მოდიოდა, იმის სათამაშოს აუცილებლად იყიდდა და მაგიდაზე დადებდა. ფრთაჩამოტეხილი ვარ და ძალიან მიჭირს. მისი გარდაცვალებიდან 6 თვე გავიდა. 29 წლის განმავლობაში მე და გიო 6 თვე კი არა, 6 საათი არ ვყოფილვართ ცალ-ცალკე. ყველაფერი ერთად შევქმენით და შევიძინეთ... ეს ყველაზე მძიმე ახალი წელია ჩემთვის, ყველაფერი მის თავს მახსენებს. მიუხედავად იმისა, რომ საახალწლო კონცერტებზე უწევდა გამოსვლა, ცდილობდა, 12 საათზე სახლში ყოფილიყო, ახალ წელს ჩვენთან ერთად შეხვედროდა და საჩუქრები გადმოეცა. თან, ისე ჰქონდა დამალული საჩუქრები, ვერ ვპოულობდით და ზუსტად 12 საათზე, ადგებოდა სუფრიდან, გავარდებოდა ოთახში, გამოჰქონდა, გვირიგებდა და გვახარებდა. არც კი ვიცი, როდის ასწრებდა ყიდვას და დამალვას. ეს გიოს უცვლელი საახალწლო ტრადიცია იყო. ზუკას სულ ასწავლიდა, შენც ასე უნდა გააკეთოო. პატარა რომ იყო ზუკა, კართან უდებდა საჩუქარს და მასაც დიდი ხანი ეგონა, რომ თოვლის ბაბუას მოჰქოდა. წინა ახალ წელს, ცუდად იყო, მარტო ვერ გადიოდა გარეთ, მაგრამ მაინც გავიდა, ოჯახის ყველა წევრს საჩუქრები გვიყიდა და მოგვიტანა. სულ გვეუბნებოდა, ახალ წელს კარგი განწყობით შეხვდით, რომ დაგებედოთო. ზუკა კი სულ ოჯახის მეკვლე იყო და გიოს მისი კარგი ფეხის სჯეროდა.


– გიოს ბოლო წლებში კიდევ ერთი ტრადიცია ჰქონდა – 1 იანვარს „ოტიუმში“ კონცერტს მართავდა...


– დიახ, 6-7 წელია, გიოს ეს ტრადიცია ჰქონდა, 1 იანვარს, „ოტიუმში“ კონცერტს მართავდა. მე და ზუკამ გადავწყიტეთ, ეს ტრადიცია გავაგრძელოთ და 1-ში ზუკა გამართავს კონცერტს. ეს ჩემი და ზუკას საახალწლო საჩუქარი იქნება გიოსთვის. ზუსტად ვიცი, ისიც ჩვენ გვერდით იქნება და გაუხარდება. გიოს ამქვეყნიდან წასვლის შემდეგ, ცხოვრება ახლიდან ვისწავლე. დრო ტკივილს ვერ აშუშებს, მაგრამ მოგონებები გაცოცხლებს და ცდილობ, როგორც საყვარელ ადამიანს უყვარდა, ისე იცხოვრო. მართლა არაფერი მეხებოდა, მათ შორის, საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარება, ყველაფერს თავად აგვარებდა. მისი სიკვდილის მერე იმდენ ცხოვრებისეულ პრობლემას წავაწყდი, დავიბენი. მომიწია, თავად მოვაგვარო პრობლემები, მაღაზიაში ვიარო და სახლი თავად მოვაწესრიგო... რომ ვიღვიძებ, უმისობა მაწუხებს და მტკივა. თუმცა, სულ მგონია, ჩემს გვერდითაა, მის არსებობას ვგრძნობ. მისი სიკვდილის მერე დიდი ხანი ვერ გავდიოდი სახლიდან. მეგობრები მოდიოდნენ და მეუბნებოდნენ, დაგვესიზმრა გიო და გვითხრა გადაეცით, მე აქ ვარ, თქვენ გვერდით, არსად წავსულვარ, ეს შემოგითვალა, ის გირჩიაო. ვიცი, ის ჩემ გვერდითაა, არ დამტოვებს, არაფრის მეშინია და მჯერა, იქიდან გვიცავს. ამას ყოველწუთას ვგრძნობ და მისი გარდაცვალების შიშიც ამან გადამალახინა. გიოს მეგობრები ერთი წუთით არ მტოვებენ მარტო და ამქვეყნად გიოს უხილავ არსებობასაც მართლა ვგრძნობ. ხანდახან მავიწყდება, რომ აღარ არის და გავრბივარ, რომ რაღაც ვუთხრა, მოვუყვე, ჩავეხუტო... სულ ვფიქრობ, ასე რომ გავაკეთო, ნეტავ მას თუ მოეწონება-მეთქი. ვერ გადავეწყვე ცხოვრების იმ სტილზე, რომ გიო აღარ არის და როცა სადმე ვარ, სულ სახლში, მასთან მეჩქარება. ტელეფონი რომ დარეკავს, გავრბივარ, გიო მირეკავს-მეთქი... მართლა არ მჯერა, რომ აღარ არის, მის სუნთქვას ვგრძნობ.


– მაიკო, გიოსგან თუ დაგრჩა ისეთი ნივთი, რაც გიომ გაჩუქა და თილისმასავით, სულ თან ატარებ?


– მისგან ნაჩუქარ ჯვარსა და ბეჭედს სულ თან ვატარებ – ეს ორი ნივთი გიოსგან თილისმასავით დამრჩა. გიო ძალიან ცუდად რომ იყო, საქორწინო ბეჭედი დაკარგა. გადავატრიალეთ მთელი სახლი და ვერ ვიპოვეთ. წავიდა და შეუკვეთა თეთრი ოქროს ბეჭედი. რომ მოიტანა, მითხრა: ეს რა დამემართა, ნეტავ შენთვისაც გამეკეთებინა, ერთნაირები გვექნებოდაო. მოკლედ, ერთ კვირაში, ზუსტად იგივენაირი მეც მომიტანა. ხელები ერთმანეთს მივადეთ და ფოტო გადავიღეთ. რომ გარდაიცვალა, ტელეფონში ფოტოებს ვათვალიერებდი და აღმოვაჩინე, რომ ის ბეჭედი 17 ნოემბერს მაჩუქა – ეს დღე ჩვენი ქორწინების დღეა. ქორწინების დღე არცერთს არ გვახსოვდა, უბრალოდ, მისტიკური დამთხვევა მოხდა. მისი წასვლის მერე ბევრი ასეთი დამთხვევა აღმოვაჩინე. ეს ბეჭედი ერთგვარ თილისმად, უფრო სწორად, მარადიული სიყვარულის თილისმად დამიტოვა. გიოს ბიჭები, მეგობრები და თავად გიო კი – იმქვეყნიდან მეხმარებიან, გავუმკლავდე ტკივილს. ხელი მომკიდეს, არ მიშვებენ და მიმსუბუქებენ იმ დარდს, რასაც გულით ვატარებ. ასე რომ, მისი წასვლის მერე, წელს მე გავუკეთებ გიოს პირველ საჩუქარს, კონცერტის სახით და იმქვეყნად გავახარებ.


– არის გიოსთან მიმართებაში ისეთი რამ, რასაც ახლა ნანობ? მაგალითად, რაც სოცოცხლეში ვერ უთხარი, ვერ გაუკეთე ან ვერ გაანდე?


– არა, ყველაფერი ვუთხარი და გავანდე, მისთვის ყველაფერი გავაკეთე. თუმცა, ზოგჯერ რომ ვკინკლაობდით, ახლა რომ მახსენდება, ამას ვნანობ. ჩვენი ცოლქმრობა იყო ზღაპარი, რომელიც არასდროს დასრულდება. როგორი მოუსვენარი და არანორმალურიც იყო თავისი ცხოვრებით, მინდა, მუდამ ასეთად დარჩეს. სულ ჩქარობდა და მეც ამ ტემპს ვიყავი აყოლილი, გიჟური ცხოვრება გვქონდა და ის ცხოვრება მენატრება.

წყარო: თბილისელები