როდის რჩება ბავშვს მშობლის მიმართ წყენა მთელი ცხოვრების განმავლობაში

  • თბილისელები
  • 24 დეკემბერი 15:51, 2018 წელი

დაბადების შემდეგ, გარემოსთან ადაპტაციის პროცესში, ბავშვები სხვადასხვა სირთულეს აწყდებიან, რომელთა გადალახვა თანდათან უნდა ისწავლონ. ამ სირთულეებს შორის ერთ-ერთი უმთავრესია მშობლისა და შვილის ურთიერთობა.

როგორი მშობელი არ მოსწონს შვილს და რას ნიშნავს „პოზიტიური მშობელი“, გვესაუბრა ფსიქოლოგი თამუნა ისაკაძე.


თამუნა ისაკაძე: მშობლებისა და შვილების ურთიერთობა მარადიული საკითხია. მშობელთა უმრავლესობა უკმაყოფილოა საკუთარი შვილებით, აკრიტიკებს მათ მოქმედებებს და სურთ შვილების ცხოვრების გზა თავად გაიარონ. თავის მხრივ, შვილებს არ მოსწონთ საკუთარი მშობლები, პირად ცხოვრებაში ჩარევის, კონტროლისა და მანიპულაციების, სკანდალებისა და საყვედურების გამო. რა თქმა უნდა, არსებობენ ბედნიერი ოჯახები, სადაც მშობლებსა და შვილებს შორის სრული ჰარმონია და ურთიერთგაგება სუფევს. თუმცა, სამწუხაროდ, უამრავია დესტრუქციული ოჯახებიც, რომელშიც ფერხდება და არ ხერხდება ადამიანის, როგორც პიროვნების, ნორმალური და თავისუფალი განვითარება. წლების განმავლობაში ჩვენ გვასწავლიან ყველაფერს: ლიტერატურას, ტექნიკურ საგნებს, ეკონომიკასა და ბიზნესს, უცხო ენებსა და ასე შემდეგ, მაგრამ არასოდეს არავინ გვასწავლის, როგორ გავხდეთ ისეთი მშობლები, რომელთაც შეეძლებათ ჭეშმარიტად ბედნიერი და ჰარმონიული შვილების აღზრდა. საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მთელი სიცოცხლის განმავლობაში იტანჯება მშობლებთან ურთიერთობის გამო. ასეთ შემთხვევაში ყველა ინდივიდუალურად გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას: ზოგიერთი თავს არიდებს და გაურბის მშობლებთან ყოველგვარ ურთიერთობას. ზოგი კამათობს, ჩხუბობს, სკანდალებს აწყობს და ურთიერთობას რეგულარულად არკვევს. არიან ისეთებიც, რომლებიც წყნარი და მორჩილი შვილის როლს თამაშობენ და იდეალური ოჯახური ურთიერთობის იმიტაციას ახდენენ, სინამდვილეში კი, საკუთარი წარუმატებლობის გამო მშობლებს ვერ იტანენ. ბევრ მოზარდს მშობლებთან თბილი და გულახდილი ურთიერთობა აქვს, მაგრამ შესაძლოა, ისინი ვერც აცნობიერებდნენ მშობლების გავლენასა და ფარულ მანიპულაციებს საკუთარ, თითქოსდა თავისუფალ არჩევანსა თუ გადაწყვეტილებაზე, თუმცა შეიძლება, ეს მათთვის უკეთესიც იყოს.


– როგორი მშობლები არ მოსწონთ შვილებს?


– არ მოსწონთ, როდესაც აძალებენ და არა სთხოვენ, როდესაც ემუქრებიან, როდესაც უყურებენ ზემოდან და არა ისე, როგორც თანასწორს, როდესაც არ ითვალისწინებენ მის ინტერესს. მოსწონთ, როდესაც აძლევენ არჩევნის უფლებას, ითვალისწინებენ მის სურვილებს. პატარებს მოსწონთ, როდესაც მშობელი მასთან ერთად თამაშობს – „არის მოზარდი“, არის მისი მეგობრი, რომელსაც შეუძლია ენდოს.


როდესაც მშობლები ცდილობენ სრულად დაიმორჩილონ საკუთარი შვილების თავისუფალი ნება, ისინი აკონტროლებენ მათ ყოველ ნაბიჯს, თითოეულ მოქმედებას და რა თქმა უნდა, ამას ნიღბავენ სიყვარულსა და ზრუნვაზე საუბრით. მაგრამ სიყვარული არ თრგუნავს და არ აკონტროლებს. ნამდვილი სიყვარული ნდობასა და თანადგომაზე უნდა იყოს დამყარებულიწ, ისე რომ არ ითხოვდეს სამაგიეროს. როგორ შეიძლება, განვითარდეს სიტუაცია ასეთ ოჯახში? მოზარდი ან გარბის სახლიდან, რათა შეძლოს და საკუთარი ცხოვრებით იცხოვროს ან საკუთარ ნებას სრულად უმორჩილებს მშობლების სურვილს. სამწუხაროდ, უმრავლეს შემთხვევაში, ბავშვს მთელი სიცოცხლის განმავლობაში რჩება წყენა მშობლების მიმართ და მომავალში გაუთვითცნობიერებლად თავადვე ქმნის ისეთ ოჯახს, როგორი გზაც ბავშვობის პერიოდში თავად განვლო. დღეისთვის ბავშვის განვითარების ხელშეწყობა და მხარდაჭერა „პოზიტიური აღზრდის“ ცნებაში ერთიანდება, ხოლო მშობელს, რომელიც აღზრდაში სწორ, პოზიტიურ, მხარდამჭერ და განმავითარებელ სტრატეგიებს იყენებს, „პოზიტიურ მშობელს“ უწოდებენ.


– რას ნიშნავს „პოზიტიური მშობლობა“?


– „პოზიტიური მშობლობა“ – ეს არის აღზრდაში თანამიმდევრული და სიყვარულით სავსე მიდგომა, რომელიც თავისუფლებასა და კონტროლს შორის ბალანსის დაცვას ცდილობს და აქცენტს აკეთებს ბავშვის ძლიერ მხარეებზე, წახალისებასა და მხარდაჭერაზე. პოზიტიური მშობელი არ ნიშნავს ზედმეტად ლიბერალურ და ძალიან დამთმობ მშობელს, არც ავტორიტარულს და ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიმღებს. პოზიტიური მშობლობა ბავშვის აღზრდაში სასარგებლო და პრაქტიკული მიდგომაა, რომელიც ორიენტირებულია აღზრდის პოზიტიურ მხარეზე. პოზიტიური მშობელი ბავშვს ყოველთვის უდასტურებს მხარდაჭერას ურთიერთობაში, უთმობს პოზიტიურ ყურადღებას და უცხადებს ნდობას, რათა დაეხმაროს მას განვითარებაში. მშობელი აქცენტს აკეთებს ბავშვის ძლიერ მხარეებზე, ეს კი ისეთ ოჯახურ გარემოს ქმნის, სადაც არის სიყვარული, ბავშვს აქვს მხარდაჭერა და როგორც ბავშვის, ისე მშობლის ქცევა პროგნოზირებადია. თანამედროვე აღმზრდელობითი მეთოდებიდან პოპულარულობით სარგებლობს პოზიტიური აღმზრდელობითი პროგრამები.


– როგორ უნდა გავხდეთ „პოზიტიური მშობლები“, რა რეკომენდაციებს მოგვცემთ?


– ხშირად მშობელი შეიძლება, მთელი დღის განმავლობაში ბავშვის გვერდით იყოს, მაგრამ მხოლოდ ფიზიკურ დონეზე და არ დაუთმოს ყურადღება მის ძლიერ მხარეებსა და გამოვლენილ დადებით ქცევებს. მშობლებს ხშირად ჰგონიათ, რომ თუკი ბავშვი კარგად იქცევა, კარგად ხატავს ან კარგად აწყობს ფაზლს, ეს ისედაც ბუნებრივი და ნორმალურია, ამიტომ უკუკავშირს მხოლოდ უარყოფით ქცევებზე ავლენენ. შედეგად კი ვღებულობთ იმას, რომ ყურადღების მისაპყრობად ბავშვი იწყებს ცუდად მოქცევას (უმეტესად არაცნობიერად), რასაც არასასურველი ქცევების მთელ ჯაჭვთან მივყავართ. ამიტომ მნიშვნელოვანია, ბავშვს ხშირად დავუთმოთ პოზიტიური ყურადღება, შევაქოთ, გადავუხადოთ მადლობა, აღვნიშნოთ მისი წარმატება. შესაბამისად, გაიზრდება „კარგი ქცევების“ რაოდენობა, რადგან მას მხარდაჭერა ჰქონდა მშობლის მხრიდან. ზოგჯერ მშობლები, ძალიან ბევრ შენიშვნასა და მითითებას აძლევენ ბავშვებს. სტატისტიკა ცხადყოფს, რომ მშობლები, რომლებიც საკუთარი შვილების არასასურველ ქცევებზე ჩიოდნენ და იმავდროულად, აღნიშნავდნენ, რომ ბავშვს „თითქოს, მისი ნათქვამი ყურში არ ესმის“. დღეში ასამდე შენიშვნას აძლევდნენ ბავშვს. საოცარია, მაგრამ რაც უფრო იმატებს სიტყვიერი შენიშვნა, მით უფრო იკლებს სასურველი ქცევა. ფსიქოლოგები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ბევრ შემთხვევაში, ხმამაღალი სიტყვიერი შენიშვნები უსარგებლოა, სამაგიეროდ, დადებითი შედეგი აქვს მოქმედებებს. მაგალითად, თუ ბავშვი არ დებს ნიჟარაში თავის საყვარელ თეფშს, ნაცვლად კრიტიკისა და შენიშვნის მიცემისა, რატომ არ ჩადო თეფში ნიჟარაში, საჭმელი სხვა თეფშზე დაუდეთ და მიზეზად დაასახელეთ ის, რომ „თეფში ნიჟარაში არ იდო“.

წყარო: თბილისელები