"ორი ტელეფონი მაქვს გამოტანილი, ორივეს განვადების ფულს მაინც ვიხდიო"

  • რეზონანსი
  • 23 დეკემბერი 13:31, 2018 წელი

მსახიობ ზაზა ბეჟაშვილს რამდენიმე თვის წინ მთელი საქართველო დიდი გულისტკივილით გამოემშვიდობა.

ის 16 აგვისტოს თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში იპოვეს გარდაცვლილი.


ზაზა ბეჟაშვილი დედასთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. მუდამ უფულობაზე წუხდა. გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე დაქორწინდა თამარ ორაგველიძეზე, რომელიც სტამბულში მუშაობს და ხშირად ცალ-ცალკე უწევდათ ყოფნა.


ზაზას მეგობარმა, ნატა გულიაშვილმა "სარკესთან" ამბობს:


"5-6 წელია მე და ზუზუ ვმეგობრობთ. კლუბებში მუშაობდა წამყვანად. ბარში მენეჯერი ვარ და იქ მაკითხავდა. სექტემბრიდან ჩემთან უნდა დაეწყო მუშაობა. რეპეტიციებიც გავიარეთ, ვიმღერეთ, გავარჩიეთ, როგორ უნდა აგვეწყო საქმე. კვირაში ორ დღეს უნდა ემუშავა.


21 აგვისტოს ჩემი დაბადების დღეა. დიდი დაბადების დღე უნდა გადამეხადა და ყველაფერი ერთად დავგეგმეთ. მითხრა, ჩემი კონიაკით მოვალ და ხომ შემომატანინებო... მალ-მალე ვუმეორებდი, არ დაგავიწყდეს, რომ 21-ში ჩემი დაბადების დღეა და ამ დღეს სხვაგან არ ამოყო თავი, იცოდე, ჩემთან უნდა იყო-მეთქი. მითხრა, მთელი ზაფხული თბილისში გავატარე და ახლა სადღა წავალო. ბედის ირონიაა, რომ 21 აგვისტოს დაკრძალეს ზუზუ.


მეუბნებოდა, ბანკის ვალებმა შემჭამეს, ორი ტელეფონი მაქვს გამოტანილი, ერთი დავალომბარდე და გამიყიდეს, მეორე კი დამეკარგა და ორივეს განვადების ფულს მაინც ვიხდიო. ნაქირავებ სახლში ცხოვრობდა დედასთან ერთად. რაც შემეძლო, ვეხმარებოდი.


ყველამ იცის, რომ დალევა უყვარდა. ცოლი მოიყვანა რამდენიმე თვის წინ. ის გოგო თურქეთში მუშაობდა რომელიღაც კლინიკაში. ზუზუ ამბობდა, მალე მეც წავალ მასთანო. შემოდგომაზე უნდა წასულიყო..." - ამბობს ნატა გულიაშვილი.


 

წყარო: რეზონანსი