გოგებაშვილი მიიჩნევდა, რომ კინტოები ხრწნიდნენ თბილისის მოსახლეობას

  • თბილისელები
  • 22 დეკემბერი 16:55, 2018 წელი

კინტოების კასტა შუა საუკუნეების ირანში ჩამოყალიბდა.

სპარსეთის სახელმწიფოში კინტოთა ორი ძირითადი კატეგორია არსებობდა: ერთნი იყვნენ, ეგრეთ წოდებული, ხელის ბიჭები, რომლებიც დიდგვაროვნების კარზე მსახურობდნენ ან ქალაქში წყლის მზიდავებად და თამბაქოს გამყიდველებად მუშაობდნენ. ცნობილი და დადასტურებული ამბავია, რომ კინტოების დიდი ნაწილი ჰომოსექსუალი იყო.
სპარსეთში მცხოვრები კინტოების მეორე ნაწილი ვაჭრობითა და აფერისტობით ირჩენდა თავს. აი, რას წერს ერთ-ერთი ძველი ირანელი ისტორიკოსი: „კინტომ რომ არ მოიტყუოს, ალბათ, მოკვდება, მაგათ ტყუილი და აფერისტობა ისე აქვთ გვამში გამჯდარი, რომ ერთმანთსაც ხშირად ატყუებენ და ეს არც კი უკვირთ”.
თბილისში კინტოები სპარსეთის ბატონობის პერიოდიდან არსებობდნენ, თუმცა ჩვენთვის კარგად ნაცნობი სახე მხოლოდ მე-19 საუკუნეში შეიძინეს, როდესაც ირანი რუსეთმა შეცვალა და კინტოები ახალ ცხოვრებასთან შეგუებას ცდილობდნენ. თუკი ირანში კინტოების ორი კატეგორია არსებობდა, თბილისელმა კინტოებმა საკუთარ თავში ყველა ის თვისება გააერთიანეს, რომელიც იმ ორ კატეგორიას ჰქონდა, ანუ ქართველი კინტო ვაჭარიც იყო, აფერისტიც, ხელზე მოსამსახურეც და ხშირ შემსხვევაში – ჰომოსექსუალიც.
რაც შეეხება ამ უკანასკნელს, ანუ ცისფერ კინტოს, ამაზე თავის დროზე იაკობ გოგებაშვილი და სხვა ქართველი მწერლებიც წერდნენ თავიანთ საგაზეთო წერილებში. გოგებაშვილი მიიჩნევდა, რომ კინტოები ხრწნიდნენ თბილისის მოსახლეობას და მათმა გარყვნილებამ ისეთი სახე მიიღო, რომ საჭირო გახდა სახელმწიფოს მხრიდან რაიმე ზომის მიღება.
ეს ლექსი შექმნილია თბილისელი კინტოს, ვინმე ბლუ არტურას მიერ მე-19 საუკუნის ბოლოს. სიმღერა იმღერება აშუღურ მოტივებზე და შესაბამისად, დუდუკის თანხლებით:
მა რად მინდა ეს კურტუმა,
თუკი კაცს არ გამაადგა?
მაშინ მოკვდეს ბლუ არტურა,
თუ ძმაბიჭებს არ წაადგა.
ძმანო, ყველამ ვიდღეგრძელოთ
კაცს უკნიდან ვინც მაადგა,
ყველა ბოლოს გამართლდება,
ჩვენს ნათელ გზას ვინც დაადგა.
მისამღერი:
სილამაზის ტრფიალება მეკურტუმის
ვალია,
ყველა კაცი შინაგანად ნართის
მრთველი ქალია,
თვით ტფილისის ღენერალმა
ჩვენი ჭიქით დალია,
თანაყოფა სიამეა, უკაცობა – გალია.


ჩვენს ისტორიაში კი კინტოს სახე სულ სხვაგვარადაა დახატული, კინტოებს ჩვეულებრივ ვაჭრუკანებად მიიჩნევდნენ და მათ ჰომოსექსუალურ მიდრეკილებებზე ახალ ეპოქაში აღარავინ საუბრობდა. თბილისელი კინტოების დიდი ნაწილი საღამოობით ჭრელ აბანოებში იკრიბებოდა. სწორედ იქ დაეჩვივნენ ისინი გაუკუღმართებულ სქესობრივ კავშირებს და რაც ხდებოდა, ალბათ, ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს.
რაც შეეხება კინტოების ტანსაცმელს – შავი სატინის შარვალს, ბრტყელ ქუდსა და წითელ ქამარს – ეს წმინდა სპარსული სამოსია და ქართულ კულტურასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
ასევე შეიძლება ითქვას ცეკვა „კინტაურზეც“, რომლის ფესვები ძველ სპარსეთში უნდა ვეძებოთ. არსებობს ვერსია, რომ კინტაური თავიდან ქალების ცეკვა იყო და მამაკაცებმა მისი შესრულება მხოლოდ მე-19 საუკუნიდან დაიწყეს.

წყარო: თბილისელები