რატომ ვერ ახერხებს ზოგიერთი ქალი საყვარელი მამაკაცის შენარჩუნებას და როგორ უშლის ხელს საკუთარ ბედნიერებას

  • თბილისელები
  • 22 დეკემბერი 16:52, 2018 წელი

რჩევა ყოველთვის არ არის სიტუაციაზე ზუსტად მორგებული. ყველა ადამიანი თავად არის საკუთარი ბედის პატრონი.

მოგცემთ მზა რეცეპტს ბედნიერებისთვის და ვერც ვერავინ იტვირთებს თქვენს შეცდომებს. მით უმეტეს, როცა საქმე საკმაოდ დელიკატურ და ინტიმურ საკითხს, ქალისა და მამაკაცის ურთიერთობას ეხება.


ლიკა (29 წლის): მომხდარში ძირითადად მე ვარ დამნაშავე. რაღაც-რაღაცები, ბოლომდე ვერ გავთვალე. ვერ დავიჯერე, რომ სიყვარული არსებობს და არსად მიდის. რომ შეიძლება, ისე ძალიან შეგიყვარდეს, რომ ძილი და მოსვენება დაკარგო. ახლა უკვე მესმის ჩემი ქმრის, რომელიც მეუბნება, რომ ძალიან ვუყვარვარ. შევხვდი მამაკაცს, გავიცანი, მომეწონა და ჩავთვალე, რომ მიყვარდა. გავყევი ცოლად. ძალიან დადებითი პიროვნებაა. ყურადღებიანი, მზრუნველი, მშვიდი, გაწონასწორებული. ხმამაღალი სიტყვა არ უთქვამს ჩემთვის. მას ნამდვილად ვუყვარვარ.
– მიუხედავად ამისა, მაინც აპირებთ წახვიდეთ მისგან.
– წავედი – ცოტა ხმამაღალი და გაბედული ნათქვამია. საქმე ისაა, რომ ვერსადაც ვერ წავედი. მხოლოდ ცხოვრება ავირიე. ვერ გამოვიყენე შანსი, რომელიც მხოლოდ ერთხელ ეძლევა ადამიანს. ჩემი მეუღლე არ არის ის მამაკაცი, რომელიც მიყვარს, მაგრამ როცა არჩევნის წინაშე დავდექი, უპირატესობა მას მივანიჭე, რასაც ახლა ვნანობ. ექვსი წლის თანაცხოვრების შემდეგ, უცებ აღმოვაჩინე, რომ ქმარი არ მიყვარდა. არანაირი ლტოლვა აღარ მქონდა ქმრის მიმართ. მან, როგორც მამაკაცმა ჩემთვის არსებობა შეწყვიტა. არ მივეკუთვნები ქალების იმ კატეგორიას „სიყვარულობანას“ რომ თამაშობენ, ქმართან მოვალეობის მოხდის, ან მისი დაკარგვის შიშით წვებიან, და თავს აჩვენებენ, ვითომ დიდ სიამოვნებას იღებენ ამით. ერთხელაც მიხვდება, რა ხდება სინამდვილეში და წავა იმ ქალთან, რომელთანაც თავს ნამდვილ მამაკაცად იგრძნობს. მისი მოტყუება ან საყვარლის გაჩენა და ამით იმ დეფიციტის შევსება, რომელიც ჩემს ინტიმურ ცხოვრებაში გაჩნდა, არ მინდოდა. ამიტომაც ვუთხარი ჩემს ქმარს: თუ გინდა, დავშორდეთ, იმიტომ რომ შენ მიმართ აღარაფერს ვგრძნობ-მეთქი. მთხოვა, მოდი, არ ავჩქარდეთ და ისეთი შეცდომა არ დავუშვათ, რომელსაც მერე ვეღარ გამოვასწორებთ. იქნებ, უბრალოდ შევეჩვიეთ ერთმანეთს და როცა მონატრების გრძნობა ისევ გაჩნდება, ეგ დეპრესიაც გაგივლისო. ექვსი წელი რომ ცხოვრობ ადამიანთან, მის მიმართ სიყვარული თუ არა, შეჩვევის მსგავსი გრძნობა ხომ მაინც გაქვს. მით უმეტეს, როცა ფიქრობდი, რომ ოჯახი სიყვარულით შექმენი. რამდენიმე თვე ვებრძოდი საკუთარ თავს. მინდოდა, კარგად დავფიქრებულიყავი ჩემს მომავალზე, რომელსაც ჩემი ქმრის გვერდით ვეღარ ვხედავდი.
– ანუ გაშორება გადაწყვეტილი გქონდათ.
– ვფიქრობდი, უამრავი წყვილი ცხოვრობს ჩემსავით, სიყვარულის გარეშე. მთავარია, რომ კარგად ვუგებთ ერთმანეთს. მარტო სექსი ხომ არ არის ყველაფერი-მეთქი. ამ ყოყმანში რომ ვიყავი, გამოჩნდა ის – მეგობარს სამსახურში გავუარე და იქ გავიცანი. პირველივე დანახვისას მომეწონა. რაღაც ისეთი ჰქონდა, რამაც ჩემი ყურადღება მიიქცია. ჩემი ქმარიც არ იჯდა გულხელდაკრეფილი, ძალიან აქტიურობდა. მირეკავდა, ცდილობდა, შემხვედროდა. მპატიჟებდა კინოში, თეატრში, სავახშმოდ – რესტორანში, მე უკვე სხვა მამაკაცით ვიყავი გატაცებული. პატარა გოგოსავით გავრბოდი პაემანზე. ყველა პრობლემა დამავიწყდა. ერთად თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობდით. ეტყობა, ჩემმა ქმარმა გაიგო, საქმე სერიოზულად რომ იყო და კატეგორიულად მომთხოვა, შევხვდეთო. იცოდა, ჩემი სუსტი მხარეები და იქიდან მომიარა.

წყარო: თბილისელები