ალიევის ქალიშვილებს ბრიტანეთი ფულის გათეთრებაში ბრალს დებს

  • M2B
  • 21 დეკემბერი 16:46, 2018 წელი

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ქალიშვილები, სავარაუდოდ, ისეთ ქმედებებში იყვნენ ჩართული, რომლებიც მათ ფულის გათეთრებასთან აკავშირებდა.

ამის შესახებ რადიო თავისუფლების რუსული რედაქცია გაზეთ Guardian–ზე დაყრდნობით წერს, რომლის ცნობით, ბრიტანეთის სასამართლომ პარასკევს, 21 დეკემბერს გაავრცელა შესაბამისი დადგენილება.


ლეილა და არზუ ალიევებზე ეჭვი მას შემ დეგ მიიტანეს, რაც მათ ლონდონში ელიტური უძრავი ქონების ყიდვა გადაწყვიტეს – ღირებულებით 60 მლნ ფუნტი.


Guardian–ის მონაცემებით, საუბარია ლონდონის ნაიტსბრიძის რაიონში ორ ბინაზე, რომლებიც დედოფლის რეზიდენციის – ბუკინგემის სასახლის უშუალო სიახლოვეს მდებარეობენ. უძრავი ქონების საყიდლად ოფშორული კომპანიის გამოყენებას გეგმავდნენ, რომელიც ბრიტანელმა იურისტმა ხალიდ შარიფმა პანამური ფირმისგან Mossack Fonseca შეიძინა.


ეს გარიგება 2016 წელს ჩაიშალა, როდესაც Mossack Fonseca–სთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შესახებ პუბლიკაცია გამოქვეყნდა. საუბარია ე.წ. „პანამურ დოსიეზე“ – ალიევების ოჯახის წევრები განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის გათეთრებაში დაადანაშაულეს.


გაზეთის ინფორაციით, შარიფს 45–ათასიანი ჯარიმა დააკისრეს იმის გამო, რომ მან ალიევების კააპიტალის წარმომავლობა არ გადაამოწმა. ბრიტანეთის კანონმდებლობით, ქონების წარმომავლობის შესწავლა აუცილებელია, განსაკუთრებით, როდესაც ქვეყნის ტერიტორიაზე მსხვილი ქონების შეძენის პროცესი პოლიტიკასთან პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებულ პირს ეხება. გამოძიების თანახმად, შარიფმა ჯარიმის გადახდაზე უარი განაცხადა და თავის ასისტენტს დაავალა იმის დეკლარირება, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ქალიშვილები პოლიტიკასთან კავშირში არ არიან.


Mossack Fonseca–ს საქმეწე წარმოებული გამოძიების შესახებ მასალების გამოქვეყნების შემდეგ, რაც 2016 წელს მოხდა, ალიევების ოჯახი ოფშორული კომპანიების ქსელის მეშვეობით ლონდონში, მოსკოვში, დუბაისა და პრაღაში უძრავი ქონების შეძენაში დაადანაშაულეს.


აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ქვეყნის სათავეში 2003 წელს, მისი მამის, პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის გარდაცვალების შემდეგ მოვიდა. ის დღემდე იკავებს აზერბაიჯანის პრეზიდენტის პოსტს.

სრული ვერსიის ნახვა M2B