"ყოველ ახალ წელს ქვეყანა უფრო მეტი დაცარიელებული სახლით ხვდება"

  • რეზონანსი
  • 19 დეკემბერი 12:18, 2018 წელი

ქართული სოფლები ზამთრიდან ზამთრამდე იცლება და ყოველ ახალ წელს უფრო მეტი დაცარიელებული სახლით ხვდება ქვეყანა.

მიზეზი, რასაკვირველია, სოციალურ-ეკონომიკური სიდუხჭირე და უპერსპექტივობაა, რაც სოფლად ბევრად მძაფრად იგრძნობა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მთის კანონი ამოქმედდა, სოფლის განვითარების პროგრამაც შემუშავდა და სოფლის მეურნეობის მიმართულებითაც მთავრობა სხვადასხვა პროგრამას ახორციელებს, 1 წელიწადში სოფლის მოსახლეობა მაინც 3000 ადამიანით შემცირდა.


საქართველოს სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტის მონაცემების მიხედვით, დასტურდება, რომ შიდა მიგრაცია ისევ მზარდია. 2016 წლის პირველი იანვრისთვის სოფლის მოსახლეობის რიცხვი 1.592 მლნ-ს შეადგენდა, 2017 წლის პირველი იანვრისთვის კი 1.589 მლნ იყო. ეს იმ ფონზე, როცა სახელმწიფო სოფლად მოსახლეობის დამაგრების პროგრამებში დიდ საბიუჯეტო რესურსს ხარჯავს. კანონი მაღალმთიანი რეგიონების შესახებ და სოფლის განვითარების პროგრამა ინტენსიურ ფაზაშია, თუმცა, როგორც ჩანს, მოსახლეობის მიგრაციის შესაჩერებლად ეს საკმარისი არ არის.


შიგა მიგრაციის გარდა, პრობლემად რჩება და უფრო და უფრო ღრმავდება გარე მიგრაციაც. ემიგრაციაში რამდენიმე წლის წინაც კი თუ მხოლოდ ქალბატონები ან კაცები მიდიოდნენ და იქედან არჩენდნენ ოჯახებს, დღეს უკვე მთელი ოჯახით და შვილებით ტოვებენ ქვეყნის საზღვრებს. ხშირ შემთხვევაში საზღვარგარეთ ლტოლვილად ოჯახებით წასული ადამიანები რეგიონებიდან არიან.


3000 ადამიანით შემცირებული მოსახლეობა განსაკუთრებით შემაშფოთებელია იმ ფონზე, როცა ეს მხოლოდ ოფიციალური სტატისტიკაა და დედაქალაქში და სხვა დიდ ქალაქებში მცხოვრებთა ნაწილი რეგიონშია რეგისტრირებული.


უკანა ფშავის 23 სოფლიდან 11 ნასოფლარია, 12 სოფელში კი მუდმივად 37 ოჯახიღა ცხოვრობს. კიდევ უფრო რთული ვითარებაა თუშეთში, სადაც ზამთარში მხოლოდ 25 ოჯახი რჩება. ხევსურეთში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 250 ადამიანია.


ლენტეხის რაიონში, სადაც, 2014 წლის აღწერით, მხოლოდ 947 ადამიანი ცხოვრობს, მათი რიცხვი ზამთარში 500-მდე ჩამოდის. ცაგერის რაიონში კი, სადაც, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 1320 ადამიანი ცხოვრობს, ზამთარში 700-ს არ აღემატება მოსახლეობის რიცხვი. შედარებით უკეთესი ვითარებაა რაჭაში, მაგრამ ეს 2 რაიონული ცენტრის (ამბროლაური და ონი) დამსახურებაა, სადაც მუდმივად 3-4 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს.


 

წყარო: რეზონანსი