როდის იწყება შვილსა და მშობელს შორის მაგიური პერიოდი და რის გამო ავლენს ბავშვი დესპოტიზმს

  • თბილისელები
  • 17 დეკემბერი 17:42, 2018 წელი

პირველი სერიოზული სირთულე, რასაც მშობელი ბავშვთან ურთიერთობისას აწყდება, 3 წლის ასაკის კრიზისია.

ამ დროს ბავშვი განსაკუთრებით ჯიუტი ხდება. რას გულისხმობს ასეთი ქცევა და რა უნდა გავაკეთოთ, თუ მსგავს სიტუაციასთან გვექნება საქმე? გვესაუბრა ფსიქოლოგი ნინო კერესელიძე: 3 წელს მიღწეული ბავშვების მშობლებისთვის მთავრდება პირველი და ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი და იწყება მაგიური წლები, როდესაც თქვნს შვილს უკვე ესმის, რას ელაპარაკებით. ამ ასაკის ბავშვებს ყველაზე გაცხოველებული ფანტაზია აქვთ და მზად არიან, აითვისონ ყველაფერი, რაც მათ სკოლამდელი განვითარებისთვის სჭირდებათ. თუმცა ყველა ბავშვი ერთთნაირად არ ვითარდება. იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ, შეესაბამება თუ არა ჩვენი შვილის შესაძლებლობები მისი ასაკობრივი საფეხურის ნორმებს, სასურველია ვიცოდეთ, თუ რა მოეთხოვებათ ბავშვებს განვითარების ამა თუ იმ საფეხურზე.
– რატომ ხდება ბავშვი ჯიუტი სამი წლის ასაკის შემდეგ?
– მიუხედავად იმისა, რომ დაბადების პირველი წელიც კრიზისულ ასაკს მიეკუთვნება, 3 წლის ასაკში ახალი ეტაპი იწყება, რომელიც გართულებულია იმით, რომ ბავშვი ცალკე, დამოუკიდებელ სუბიექტად აღიქვამს თავს. სწორედ ამ ფაქტის აღიარება და მიღება უჭირთ მშობლებს. მშობლები ხშირად აღწერენ ბავშვებს, როგორც მთლიანად შეცვლილს, გაუგონარს, მოურჯულებელს, თითქოს ბავშვი „შეცვალეს“. ეს არის საკუთარი „მე-ს“ გამოყოფის ეტაპი. ვლინდება პირველადი თვითშეფასება. ბავშვი ცდილობს, იმოქმედოს სიტყვებით „მე თვითონ.“ დაჟინებით ითხოვს რაღაცას, უნდა რომ მის სურვილებს ითვალისწინებდნენ. კრიზისი და სიჯიუტე ყველაზე მძაფრად სოციალურ ურთიერთობებში ჩანს. ის შეიძლება გამოვლინდეს დესპოტიზმში, ეჭვიანობაში, გაღიზიანებაში. განსაკუთრებით ძლიერია ბავშვის პროტესტი ავტორიტარული აღზრდის დროს. საჭიროა მოთმინება და გამოსავლის მოძებნა. თუ გარშემო მყოფები უგებენ ბავშვს და მზად არიან პარტნიორული ურთიერთობებისთვის, კონფლიქტის აცილება შეიძლება. 3-4 წლის ბავშვი დამოუკიდებელი ხდება არა მარტო ფიზიკურად, არამედ უკვე ემოციურადაც. ის უკეთ უკეთ მართავს საკუთარ ემოციებსა და სურვილებს. გარდა ამისა, იზრდება მისი სოციალური უნარებიც, მას უკვე შეუძლია თავის თანატოლთან ურთიერთობა და ამ ურთიერთობაში გარკვეული წესების დაცვა, მათთან ერთად რაიმე პრობლემის გადაჭრა.
– რა მოეთხოვებათ ბავშვებს სამი წლის ასაკიდან?
– თქვენი შვილი უკვე იწყებს ბევრი შეკითხვის დასმას: ბავშვისთვის შეკითხვების დასმის სურვილი განვითარების ერთ-ერთი ნიშანია. 3 წლის ბავშვში გაზრდილია პროტესტის გრძნობა, მას ჰგონია, რომ ყველაფერი მას ეკუთვნის და სურს, ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყოს. ნუ ვეცდებით მისი პრეტენზიები კანფეტით ან შოკოლადით დავაკმაყოფილოთ, ეს კიდევ უფრო გაამძაფრებს მის სწრაფვას აჯანყებისაკენ. მაგრამ, თუ ჩვენ მის პრეტენზიას მშვიდად შევხვდებით, დავუყვავებთ და ვკითხავთ, რა აწუხებს, ბავშვი მიხვდება, რომ მასზე ზრუნვას იწყებ და დაწყნარდება.


 

წყარო: თბილისელები