რატომ არ არის ნინო ნადირაძისთვის მეუღლე საიმედო დასაყრდენი და რა გასაიდუმლოებული ტრადიცია აქვთ მათ

  • თბილისელები
  • 17 დეკემბერი 17:21, 2018 წელი

ექიმი და ტელეწამყვანი ნინო ნადირაძე-კუზანოვა საკმაოდ პოზიტიური და ენერგიული ადამიანია.

ფიქრობს, რომ რასაც მიაღწია, მხოლოდ საკუთარი მიზანდასახულობისა და შრომის შედეგია. ახლახან მან და მისმა მეუღლემ, გუგა კუზანოვმა, ქორწინების 25 წლის იუბილე აღნიშნეს. რაზე აძლევს მას ქმარი შენიშვნებს, რის გამო არ უყვარს ახალი წლის დღესასწაულისთვის მზადება და როგორ გახდა ის ქმრის „იმპერატრიცა“ ცოლი, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
ნინო ნადირაძე-კუზანოვა: პრანჭია გოგო არასდროს ვყოფილვარ, ჩემი ცხოვრების არცერთ მონაკვეთზე, თუმცა, ლამაზად ჩაცმა ყოველთვის მიყვარდა. არც მეოცნებე ვიყავი. რასაც მიზნად დავისახავდი, აუცილებლად ვაღწევდი. ანუ, მიდებ-მოდება არ მახასიათებდა, კონკრეტული აზრები და განხორციელებადი მიზნები მქონდა ბავშვობიდან.
ყურადღების ცენტრში თუ იყავი და ბევრ ბიჭს მოსწონდი? შენი გულის მოსაგებად, რას სჩადიოდნენ, მაგალითად, სერენადებს გიმღეროდნენ ფანჯრებთან?
– ყურადღების ცენტრში სულ ვიყავი, ამას არ ვუჩიოდი და დღესაც მეპრანჭებიან (იცინის). მაგრამ თაყვანისმცემელი ბიჭები სერენადებს არ მიმღეროდნენ. თუმცა, ახლა გამახსენდა, გუგამ მიმღერა სერენადა იტალიურად (იცინის). სანამ გამიცნობდა, დასასვენებლად ვიყავი მწვანე კონცხზე. პირველივე დანახვისას მოვწონებივარ, ფანჯარასთან დადგა და მიმღერა.
ესე იგი, გუგამ შენს მოსახიბლად სიმღერაც შეძლო?
– სხვათა შორის, გუგას ძალიან კარგი ხმა და სმენა აქვს და კარგადაც მღერის.
თქვი, ბიჭები დღესაც მეპრანჭებიანო. ამაზე შენი ქმარი არ ეჭვიანობს?
– კი, ქრონიკულად ეჭვიანობს ჩემს თაყვანისმცემელ ბიჭებზე. გუგასგან განსხვავებით, მე ეჭვიანი არ ვარ, მესაკუთრე ვარ და რაც ჩემია და რაც მე მეკუთვნის, ჩემთან უნდა იყოს. გუგა, დღემდე ფეხქვეშ მეგება, მაგრამ თავიდან, როცა ურთიერთობა დავიწყეთ, ხან იქიდან მივლიდა, ხან აქედან, ხან მეუბნებოდა – მომწონხარ, მაგრამ არ მიყვარხარო, ხან ამბობდა – მიყვარხარ, მაგრამ შენზე არ ვგიჟდებიო. თურმე პირველივე დღიდან ისე ვუყვარდი, გიჟდებოდა ჩემზე და სტრატეგია ჰქონდა დასახული, რახან ყველა მე დამდევდა, თვითონ გამორჩეული ყოფილიყო. თბილისში რომ ჩამოვიდა, ბებიამისისთვის უთქვამს: გოგო გავიცანი და ან მაგას მოვიყვან ცოლად, ან არავისო. მე ეს გვიან გავიგე (იცინის). მოკლედ, ისე მალე განვითარდა ჩვენი სასიყვარულო მოვლენები, რომ 17 აგვისტოს გავიცანი და 6 ნოემბერს ცოლად მომიყვანა და ქორწილიც გვქონდა.
დღეს, თუ შეცვალა სტრატეგია, ხშირად გეუბნება: მიყვარხარო?
– რაც დრო გადის, უფრო ხშირად მეუბნება მიყვარხარ! რაც ასაკში შედის, მიხვდა, ვინ ჰყავს გვერდით და მაფასებს. თუმცა, თავიდან რომ გავიცანი, ვფიქრობდი, ეს ბიჭი „მორიგი მსხვერპლი“ იქნება, შევაბამ, „გავბანტავ“ და გავუშევბ-მეთქი, მაგრამ თამაშს შევყევი და საქორწილო გვირგვინის ქვეშ აღმოვჩნდი (იცინის). და, აგერ, უკვე 25 წელია, ცოლ-ქმარი ვართ.
გამოდის, ისე შეხვედი სასიყვარულო აზარტში, თავად გაები მახეში.
– არა, სასიყვარულო აზარტის მსხვერპლად არ მივიჩნევ თავს. ზოგადად, აზარტის მოყვარული არ ვარ და არ მიყვარს ვინმეზე ან რამეზე დამოკიდებულება. ერთადერთი, რაზეც უზომოდ ვარ დამოკიდებული, ჩემი შვილებია, სხვა დამოკიდებულებებს „ვამუხრუჭებ“. როცა რაღაცაზე ხდები დამოკიდებული, კარგავ თავისუფლებას, ჩემთვის კი ცხოვრებაში თავისუფლება არის ნომერი პირველი.
ცოლქმრობის 25 წლისთავი როგორ აღნიშნეთ?
– გადავწყვიტეთ, განმარტოება და წავედით „დადიანებში“ (იცინის). მე და გუგას თაფლობის თქვე სულ გვაქვს, თუმცა, ასე გამოვიდა, რომ ერთად ყოფნის 25 წლისთავი და მინი თაფლობის თვე, ელარჯითა და სოფლის წიწილით აღვნიშნეთ (იცინის).

წყარო: თბილისელები