რატომ მიავლინა კინოსტუდიის პარტკომმა „ტრიფონია“ ზესტაფონში

  • თბილისელები
  • 14 დეკემბერი 17:32, 2018 წელი

რეზო ჩხეიძე ასეთ ისტორიას ყვებოდა: „ელდარის შესანიშნავ „შერეკილებს“ თავისი პროტოტიპი ჰყავდა და სახელს არ ვიტყვი, მაგრამ მას, როგორც „შერეკილებშია“, „ტრიფონია“ ვუწოდოთ.

მოკლედ, გასული საუკუნის ორმოცდაათიან წლებში კინოსტუდიაში ერთი ტრიფონია მუშაობდა, რომელსაც ძალიან ვნებიანი ცოლი ჰყავდა და როდესაც ტრიფონია ქალაქიდან გადიოდა, ნახევარი კინოსტუდია „მარგალიტასკენ“ მიეშურებოდა ხოლმე. ისევე, როგორც ფილმში, რეალობაშიც ყველაფერი მოსწრებაზე იყო. ერთ დღეს კინოსტუდიაში პარტიული კრება ტარდებოდა. ეს ისეთი ღონისძიება იყო, რომ ვერ გააცდენდი. ყველანი რომ შევიკრიბეთ, უცებ აღმოვაჩინეთ, რომ ტრიფონია კრებაზე არ იმყოფებოდა.


გაირკვა, რომ ის კინოსტუდიის პარტკომს რაღაც საქმეზე ზესტაფონში გაეშვა. კრებას მოადგილე ატარებდა და მან გვითხრა:


პარტკომი ცენტრალურ კომიტეტში გამოიძახეს და მოგვიანებით შემოგვიერთდებაო. აბა, ტრიფონია ქალაქგარეთააო და დაიწყო „ჩალიჩი“, რომ როგორმე კრებიდან „მარგალიტასთან“ წასულიყვნენ. ვინ თავის ტკივილი მოიმიზეზა, ვინ – პანაშვიდი, ვინ რა და ვინ რა.... ერთი სიტყვით, პარტიული კრება განახევრდა და ყველანი „მარგალიტასკენ“ გაქანდნენ, რომ პირველები მისულიყვნენ. პარტკომის მოადგილემ კრება ბოლომდე პატიოსნად ჩაატარა. პარტკომი „ცეკადან“ აღარ დაბრუნებულა. მეორე დღეს კი „მარგალიტას“ გაწბილებული თაყვანისმცემლები ყვებოდნენ, თუ როგორ იხილეს გვიან ღამით მისი სახლიდან გამოსული პარტკომი, რომელმაც ტრიფონია ზესტაფონში მიავლინა“.

წყარო: თბილისელები