არის თუ არა, საკუთარი თავის ღალატი ქალისთვის, როცა ისეთ მამაკაცს მიჰყვება ცოლად, რომელიც არ უყვარს

  • თბილისელები
  • 14 დეკემბერი 17:27, 2018 წელი

როცა ქალი თხოვდება ისე, რომ არ უყვარს მომავალი მეუღლე, ამას რაღაცის გამო აკეთებს და საფუძვლად შესაძლოა, ანგარება ედოს.

თუმცა ყველას თავისი არჩევანი აქვს და ვერავის გაკიცხავ იმის გამო, რომ თავდავიწყებით არ შეიყვარა კაცი, რომელთანაც ოჯახი შექმნა. როგორ ცხოვრობენ ქალები უსიყვარულოდ და შეიძლება, თუ არა სიყვარულის დეფიციტის შევსება რაღაცის ხარჯზე?


თიკო (31 წლის): სიყვარული ჩემთვის უცხო არ არის, მაგრამ ამ გრძნობამ ბედნიერი ვერ გამხადა. ჰოდა, ერთხელაც ვთქვი: რატომაც არა-მეთქი. რატომ არ უნდა მქონოდა უზრუნველი ცხოვრება. საკმარისად გავიტანჯე სიყვარულით – არც ნერვიულობა დამკლებია და არც ცრემლი. ფინანსურ პრობლემებზე მაინც აღარ უნდა მენერვიულა. ჩემს მომავალ ქმარს მოვთხოვე, რომანტიკული შეხვედრებისა და პაემნების გარეშე დავქორწინებულიყავით. ნამდვილად არ მქონდა სურვილი, რომ შეყვარებულობანა მეთამაშა.


– თქვენმა მომავალმა ქმარმა იცოდა, რომ არ გიყვარდათ.


– არ უკითხავს, გიყვარვარ თუ არაო და არც მე მინდოდა, რომ ჩემი გრძნობები მისთვის გადამეშალა. მარტო ის ვუთხარი, რომ ექვსი წლის წინ შეყვარებული მყავდა.


– ეს ამბავი როგორ მიიღო?


– ძალიან ნორმალურად. შეყვარებულის ყოლა რა არის, რომ ამის გამო ტრაგედია შექმნა? ეს ყველაფერი უკვე წარსული იყო. ძალიან კარგი ოჯახი გვქონდა. არ მახსოვს, ერთხელ მაინც მენანოს ჩემს მიერ გადადგმული ნაბიჯი. ჩემი ქმარი არაჩვეულებრივი მამაა, ძალიან მზრუნველი და ყურადღებიანი ქმარი. ყველა ქალი ინატრებდა მისნაირ ქმარს.


– აბა, რაშია თქვენი პრობლემა?


– იმაში, რომ ძველმა სიყვარულმა თავი შემახსენა. არაფერი ყოფილა დავიწყებული. მთელი ამ წლების განმავლობაში თავს ვიტყუებდი. სულელი ვარ – როგორ შეიძლება მიყვარდეს ადამიანი, რომელმაც ასე დამამცირა. გული მატკინა და ჩემი გრძნობა ფეხქვეშ გათელა, მაგრამ საკუთარ თავთან ბრძოლა ძალიან ძნელი ყოფილა. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ჩემმა თანაკლასელმა სკაიპში მომწერა, შენი ყოფილი სიყვარული საქართველოში დაბრუნებულა, ცოლს გაშორებია და რაღაცებს ჩალიჩობსო. ამ ინფორმაციამ მოსვენება დამიკარგა. სხვაზე ვეღარაფერზე ვფიქრობდი. გაორება დამემართა. დავდიოდი, საქმეს ვაკეთებდი, ბავშვს ვუვლიდი თუ ვლაპარაკობდი, გონება მარტო ამით მქონდა დაკავებული. ნეტავი, თუ ნანობს-მეთქი, – ვფიქრობდი. მინდოდა, სინანულს გაეგიჟებინა. დავიწყე წარსულის ქექვა და იმდენი ვქენი, სანამ ძველი გრძნობა ბოლომდე არ გამოვაღვიძე. მისი ნახვის სურვილმა ამიტანა. სერიოზულად ვებრძოდი საკუთარ თავს, ვარწმუნებდი, ვუმეორებდი: იმის ღირსიც კი არ არის, რომ მასზე ფიქრობდე-მეთქი. ვცდილობდი, სიამაყით მეჯობნა... გაგიმართლა ასეთი ქმარი გყავს, თვალებში გიყურებს. ბედნიერი ხარ. იმას კი ცხოვრება დაენგრა, რადგან შენმა ცოდვამ არ მოასვენა-მეთქი. მაგრამ გულის სიღრმეში, მის ნახვაზე ვოცნებობდი. სპეციალურად დავდიოდი იმ ქუჩაზე, სადაც ის ცხოვრობდა და ერთხელაც მოსახდენი მოხდა – დამინახა და ჩემკენ წამოვიდა. ფეხები ვერ დავიმორჩილე, თორემ გავიქცეოდი. იმ წუთშივე დამავიწყდა ყველაფერი ცუდი, რაც მისი უსინდისო ღალატის გამო გადავიტანე, მხოლოდ ჩვენი ერთადყოფნის ბედნიერი წუთებიღა მახსოვდა. ახლოს რომ მოვიდა, მარტო მაშინ გამოვფხიზლდი. არ მახსოვს, რამდენ ხანს ვიჯექი მის მანქანაში. ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ. უფრო სწორად, ის ლაპარაკობდა – ყველაფერი ჩემი ბრალიაო. მომეჩვენა, რომ გულწრფელი იყო.


– ანუ, მაინც მის გამართლებას ცდილობთ.


– ვიცი, რომ არ უნდა ვაპატიო. არ უნდა ვიხედებოდე წარსულისკენ და იმას გავუფრთხილდე, რაც ახლა მაქვს, მაგრამ რა ვქნა, რომ გული სხვას მეუბნება. ოჯახი მაქვს და ქმარი მყავს. რომელიც შეიძლება, ისე არ მიყვარს, მაგრამ ძალიან დიდ პატივს ვცემ. საერთო შვილი გვყავს, რომელიც ორივეს არანორმალურად გვიყვარს, გვაქვს საერთო ინტერესები. მყავს მეგობრები, ახლობლები, ნათესავები... არ არის ადვილი, გადაუსვა ხაზი ყველაფერს. თუმცა, ისე ცხოვრებაც არ შემიძლია, თითქოს არაფერი მომხდარა. ხან ისეთ ჭკუაზე ვარ, ლამის მივატოვო ყველაფერი და უკანმოუხედავად გავიქცე მასთან და ცხოვრება თავიდან დავიწყო. მაგრამ რაღაც მაკავებს.


– საკმარისად არ ენდობით თქვენს ძველ შეყვარებულს?


– უფრო ასეა. მართალია, მის მიმართ სიყვარული არ გამქრობია, მაგრამ ვერც მის საქციელს ვივიწყებ. ყველა შეხვედრაზე მეუბნება, რომ მთელი ეს წლები მარტო მე ვუყვარდი, მხოლოდ ჩემზე ფიქრობდა და ძალიან გაიტანჯა. რომ ბევრჯერ უნდოდა, დაერეკა ჩემთვის და ეთქვა, რომ ისევ ვუყვარდი. მე ვიყავი დამნაშავე იმაში, რომ დაგკარგე. ყველაფერი ჩემი ბრალია და ამიტომაც არ მქონდა უფლება, ცხოვრება შენთვისაც ამერიაო. ახლაც ვერაფერს გეტყოდი, მაგრამ ვხედავ, რომ ისევ გიყვარვარ. გადაწყვეტილება შენ უნდა მიიღო. მე ვერაფერს მოგთხოვ, ვერ დაგაძალებ, არ მაქვს ამისი უფლება. მაგრამ უშენოდ ძალიან ცუდად ვარ. ისე ცუდად, რომ მთელი ჩემი ცხოვრება უსიხარულოდ მიდის. შენ თუ ჩემთან წამოხვალ, შეუძლებელს შევძლებ და ყველაფერს თავიდან დავიწყებო. არ მინდა, ჩემმა ქმარმა რამე შემატყოს. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით.


– ჯერჯერობით, ანუ სადამდე?


– იქამდე, სანამ გადაწყვეტილებას მივიღებ. ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება. საშინელებაა, როცა გონება მუდმივად დაკავებული გაქვს ერთ ადამიანზე ფიქრით, ფიზიკურად კი სხვის გვერდით ხარ. ჩემი ქმარი სულელი არ არის. ერთხელაც აუცილებლად მიხვდება ყველაფერს და მერე უფრო მძიმე სიტუაცია შეიქმნება. მე არ ვიცი, რას მოიმოქმედებს ჩემი ქმარი. რაღაც უბედურება რომ დაატრიალოს, ვინ იქნება პასუხისმგებელი. რა თქმა უნდა, მე. მეოცნებე არ ვარ, კარგად ვხედავ შექმნილ რეალობას და სიმართლე გითხრათ, ძალიან მეშინია. ჯერ ერთი, რომ ჩემს ქმარს ვერაფრით დავაჯერებ იმას, რომ მისთვის არ მიღალატია.


– რომ არ გიყვართ, ეს ღალატი არ არის?


– მე არასოდეს მითქვამს მისთვის, მიყვარხარ-მეთქი. არ მომიტყუებია. ასე რომ, ამ მხრივ, სინდისი სუფთა მაქვს. ჩემი მთავარი პრობლემა ის არის, რომ ბოლომდე არ მჯერა ჩემი ყოფილი შეყვარებულის. კიდევ რომ მომატყუოს? ისევ რომ გამოჩნდეს ვიღაც, ვინც თავს დააკარგვინებს?! და კიდევ, გათხოვილ ქალს არა აქვს უფლება, თავისი ოჯახის სტაბილურობა და კეთილდღეობა საფრთხის ქვეშ დააყენოს. მით უფრო, თუ ეს ოჯახი, მისთვის ღირებულია.

წყარო: თბილისელები