რატომ არ შეიძლება ბავშვისთვის ბევრ წრეზე სიარული

  • თბილისელები
  • 11 დეკემბერი 17:10, 2018 წელი

მშობელები შვილებს სიამოვნებით ატარებენ დამატებით წრეებსა თუ სტუდიებში და ეს აუცილებლობადაც მიაჩნიათ.

რა თქმა უნდა, დამატებითი აქტივობა ბავშვისთვის სასარგებლოა, თუმცა ეს მისთვის ახალი გარემოა, რომელსაც თავისებური შეგუება სჭირდება. რა უნდა გავითვალისწინოთ, სანამ ბავშვს რაიმე წრეზე მივიყვანთ, როგორ მოვიქცეთ, თუ პატარა უარს ამბობს ახალ აქტივობებზე და შეიძლება თუ არა; ბავშვს წრეზე სიარული დავაძალოთ, გვესაუბრა ფსიქოლოგი ნინო კერესელიძე:


დავიწყოთ იქიდან, რომ ბავშვისთვის საკმარისი სოციალური გარემო, სადაც მისი ჩამოყალიბება სამ წლამდე ხდება არის სახლი, ოჯახი და ის გარემო, სადაც სწავლობს ადამიანებთან ურთიერთობებს და ასევე, უყალიბდება დაცულობის განცდა. სამი წლის მერე აუცილებელია, რომ ბავშვი ახალ გარემოში გავიდეს, იქნება ეს ბაღი, სტუდიები თუ რაიმე დამატებითი წრეები. მაგრამ არ უნდა გამოგვრჩეს ისიც, რომ ბავშვის ზედმეტად გადატვირთვა არ შეიძლება და როდესაც ვსაუბრობთ, წრეებსა და ფიზიკურ აქტივობაზე, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ თითოეული ბავშვის ინდივიდუალური მონაცემები, რამდენად არის მომზადებული ფიზიკურად და ემოციურად. აუცილებელია, ნებისმიერ აქტივობას ჰქონდეს თამაშის სახე და არა რაიმეს დასწავლის, რადგან ბავშვი თამაშით სწავლობს და შეიმეცნებს გარემოს. მაგალითად, რაც შეეხება მუსიკალურ სტუდიას – თითოეული სიმღერის შინაარსი და რიტმი აუცილებლად ასაკზე უნდა იყოს მორგებული, რათა ბავშვისთვის აღქმადი იყოს, არ მოხდეს ისე, რომ რაიმეს დაზეპირებით აკეთებს და არა გააზრებულად. ხშირად არის სიტუაციები, როდესაც მშობლები შვილებს ასაკთან შეუსაბამო აქტივობებში რთავენ, მაგალითად, 3-4 წლის ბავშვს ვთხოვთ, ჰქონდეს მოთმინებისა და ნებისყოფის უნარი, ვაიძულებთ, დიდი ხანი ისხდნენ ერთ ადგილზე, რაც კატეგორიულად მიუღებელია. არის სიტუაციები, როდესაც დაბნეული მშობელი მოდის ჩვენთან მშობელთა სკოლაში და გვეკითხება: რა სჯობს – ხელოვნების მიმართულებით წრეებზე შევიყვანოთ თუ ძალისმიერ აქტივობებზეო. რისი თქმაც ცალსახად, ასე გადაჭრით რთულია. ყოველთვის ყველაზე სწორი ვარიანტია ნებისმიერ ასაკში ვკითხოთ ბავშვს, რამდენად აქვს სურვილი, მიიღოს მონაწილეობა ამა თუ იმ აქტივობაში.


– სპორტზე რომელი ასაკიდან უნდა იაროს ბავშვმა?


– სპორტი – ეს ის მიმართულებაა, სადაც აუცილებელია ბავშვს ჰქონდეს ფიზიკური ძალა და ასევე ნებისყოფაც. სწორედ ამიტომ, მიმაჩნია, რომ ყველაზე ქვედა ზღვარი 6-7 წელია, როდესაც შეიძლება, ბავშვი რომელიმე სპორტის სახეობით დავაკავოთ, ვინაიდან ამ პერიოდში, მეტ-ნაკლებად, უკვე შესაძლებელია, ვისაუბროთ დისციპლინასა და სტრესთან შეგუებაზე. არის სპორტის ისეთი სახეობები, სადაც დასაშვებია ბავშვი 2 წლის ასაკიდანაც ჩაერთოს, მაგალითად, ცურვა, რაც თავისთავად, ანტისტრესორია ბავშვისთვის, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, ნებისმიერ ასაკში ეს უნდა მოხდეს ბავშვთან შეთანხმებით.


– რა უნდა გავითვალისწინოთ, სანამ ბავშვს რაიმე წრეზე მივიყვანთ?


– თუ გადავწყვეტთ, რომ ბაღისა და სკოლის გარდა, ბავშვი ვატაროთ გარკვეულ წრეებსა თუ სტუდიაში, შერჩევის პროცესში უნდა გავითვალისწინოთ მისი შესაძლებლობები და ინტერესები. დღის რეჟიმი გადატვირთული არ უნდა იყოს. ბავშვს უნდა ჰქონდეს თავისუფალი დრო და მშობელთან შეთანხმებით, თავად გადაწყვიტოს, რას გააკეთებს. ბავშვს უნდა მოსწონდეს ის, რასაც აკეთებს და უხაროდეს იქ მისვლა, სადაც ამას აკეთებს.


– რას აძლევს ბავშვს წრეები და სტუდიები, შეიძლება თუ არა სკოლისა და ბაღის პარალელურად, ბევრ წრეზე იაროს?


– ბაღი, სტუდიები და დამატებითი აქტივობები ბავშვს ეხმარება განვითარებაში, საკუთარი თავის გამოხატვასა და ფიზიკური თუ ემოციური შესაძლებლობების გამოვლენაში, პიროვნულ ზრდასა და საკუთარი თავის პოზიტიურად აღქმაში, გარემოსთან ადაპტაციაში და ასევე, ღირებულებათა სისტემის ჩამოყალიბებაში, მაგრამ არის მეორე ფაქტორიც, თუ არ გავითვალისწინებთ ბავშვის შესაძლებლობებს, ფიზიკური მონაცემების ჩათვლით, გადატვირთვამ, ერთდროულად მრავალ წრეზე ტარებამ შეიძლება, უკუშედეგი მოგვცეს და ბავშვი დაითრგუნოს, გადაიღალოს და უარეს შემთხვევაში, პროგრესის მაგივრად რეგრესი მოგვცეს. ბევრი მსგავსი მაგალითია მშობელთა სკოლაში, როდესაც ზედმეტი მზრუნველობით, გადატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, პირიქით, ბავშვის ემოციების და რესურსების ჩახშობა ხდება, ვინაიდან ასეთ დროს ბავშვი სიამოვნებას ვეღარ იღებს. მიზეზი ხშირად ისაა, რომ ზოგჯერ მშობელი საკუთარ დაუკმაყოფილებელ სურვილებს თუ განუხორციელებელ ოცნებებს, გაუცნობიერებლად, შვილის სურვილებად და მიზნებად მიიჩნევს და ბავშვის აქტივობები ამ პრინციპის შესაბამისად იგეგმება და ხორციელდება. არის შემთხვევები, როცა მშობელი არ იღებს ბავშვს ისეთად, როგორიც არის და ცდილობს, ყველა წრეზე ატაროს მხოლოდ იმიტომ, რომ რომელიმე მის მეგობარს დაჰყავს შვილი ან იმიტომ, რომ თვითონ, როგორც მშობელი, უკეთესი გამოჩნდეს. როგორც აღვნიშნე, ხშირად გაუცნობიერებელი მომენტებიც იჩენს თავს, მაგალითად, საკუთარი სურვილების რეალიზება შვილში.


– ბევრ აქტივობაზე ბავშვი მხოლოდ იმიტომ ამბობს უარს, რომ უბრალოდ, ეზარება. ამ დროს მშობელს რას ურჩევთ?


– თუ ბავშვი სიზარმაცის გამო უარს ამბობს აქტივობაზე, საჭიროა, მოტივაციის ამაღლებაზე ვიზრუნოთ. თუ ერთი ბავშვისთვის საკმარისია გარკვეული დონის დაინტერესება, მეორისთვის შეიძლება, ეს საკმარისი არ აღმოჩნდეს. მშობელი კარგად უნდა იცნობდეს საკუთარ შვილს. ზოგჯერ სურვილები და ინტერესები არ დევს ზედაპირზე, უფრო სიღრმეშია, ამიტომ მისაგნები და აღმოსაჩენია. ზოგჯერ კი, ესეც არ არის საკმარისი და ინტერესები გარკვეული მექანიზმებითაა გამოსამუშავებელი. უფრო მოზრდილ ასაკში, სურვილების არსებობის გარდა, მიზნების დასახვა ძალიან დიდ შედეგს იძლევა.


– როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, თუ ბავშვი ამბობს, რომ არ მოსწონს ის წრე, სადაც შეიყვანეს?


– რაც შეეხება ისეთ სიტუაციას, როდესაც ბავშვს არ მოსწონს კონკრეტული წრე, პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, ეს არის ჩავისუნთქოთ, ყოველგვარი ნეგატიური განცდებისგან გავთავისუფლდეთ, წარმოვიდგინოთ თავი ამ პატარა არსების ადგილზე და გულწრფელად, ზედმეტი ემოციებისა და ბრალდებების გარეშე ვეცადოთ, გავარკვიოთ, რა არის მიზეზი, რის გამოც უარს ამბობს ბავშვი ამა თუ იმ წრეზე. შესაძლებელია, ისეთი სურათი მივიღოთ, რომელიც ძალიან გაგაოცებთ, მაგალითად, მოსწონს თვითონ აქტივობები, მაგრამ არ მოსწონს მასწავლებლის დამოკიდებულება ან, თუნდაც, არის სიტუაცია, სადაც ყოფნა მისთვის არაკომფორტულია. შესაძლოა, აქტივობაზე უარს ამბობს სიზარმაცის გამო, ამ შემთხვევაში ჩვენი სამუშაო თემა იცვლება და ვიწყებთ მუშაობას მოტივაციის ამაღლებაზე. თუ ერთი ბავშვისთვის საკმარისია გარკვეული დონის დაინტერესება, მეორისთვის შეიძლება, საკმარისი არ აღმოჩნდეს. მიზეზი უამრავია, მაგრამ მთავარია, ვეცადოთ ამ კონკრეტული მიზეზების შემდგომ მოხსნას შევუწყოთ ხელი, რომ განვითარდეს ან თუნდაც მივიღოთ კონკრეტული წრის დატოვების გადაწყვეტილება.


– ხშირად მშობლები ბავშვს წრეზე სიარულს აძალებენ, რა შედეგი მოაქვს დაძალებას?


– არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავაძალოთ, წარმოიდგინეთ საკუთარი თავი, როდესაც ვიღაცა რაიმეს კეთებას გაძალებთ, წარმოიდგინეთ, რომ ხართ შეუსაბამო აღნაგობის და ვინმე ბალეტზე სიარულს გაძალებთ ან, თუნდაც, არ გაქვთ ფიზიკური მონაცემები და ვინმე გაიძულებთ ჭიდაობას, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ვინმესთვის მისაღებია, კარგ ტონად ითვლება ან მომავალში რაიმე ფინანსურ სარგებელს მოგიტანთ. რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო. ასეა ბავშვებშიც. მათთვის დაძალება იმაზე მეტად სტრესულად აღიქმება, ვიდრე ჩვენთვის. ამ ყველაფერში მთავარი მაინც ერთია: გიყვარდეთ თქვენი შვილი ისეთი, როგორიც არის, ისეთი შესაძლებლობების მქონე და ისეთი აქტიური, რაც მისთვის კომფორტულია, ვინაიდან ბავშვები არიან ადამიანები, რომლებიც ჩვენთან მხოლოდ იმიტომ არიან, რომ დავეხმაროთ, განვითარდნენ და იპოვონ საკუთარი გზა ამ სამყაროში. შვილი უპირობოდ და უსაზღვროდ უნდა გვიყვარდეს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვენდოთ. ბავშვებს ხშირად იმაზე მეტის გაკეთება შეუძლიათ, ვიდრე ჩვენ გვგონია.

წყარო: თბილისელები