14 დეკემბერს უკრაინაში ახალი ომის დაწყება დააანონსეს

  • რეზონანსი
  • 10 დეკემბერი 22:58, 2018 წელი

უკრაინის შეიარაღებული ძალები 14 დეკემბერს სრულმასშტაბიანი შეტევისთვის ემზადებიან, - ამის შესახებ ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის „სახალხის მილიციის“ უფროსის მოადგილე ედუარდ ბასურინმა განაცხადა.

ანალიტიკოსთა მნიშვნელოვანი ნაწილი მიიჩნევს, რომ შესაძლოა პირიქით, რუსეთი გეგმავდეს სამხედრო ოპერაციას აღმოსავლეთ უკრაინაში რომლის მიზანიც აზოვის ზღვაზე უკრაინული პორტების - ბერდიანსკისა და მარიუპოლის დაკავება იქნება.

„პროვოკაციის სუნი უდის და მგონია, რომ ეს რუსი სეპარატისტებისაგან მოდის. გარკვეულწილად, საფუძველს ამზადებენ და როგორც ჩანს, მარიუპოლის მიმართულებით შეტევის განხორციელებას აპირებენ. მობილიზირებულია საკმაოდ სერიოზული ძალები,“ - აცხადებს ანალიტიკოსი სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან“ საუბრისას. 

მისი თქმით, რუსეთი საბრძოლო ოპერაციისთვის ემზადება, რომლის პროვოცირებასაც უკრაინულ მხარეს გადააბრალებს. მაიასაიას ინფორმაციით, ოფიციალურ მოსკოვს უკრაინის წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციისათვის 60 ათასიანი სამხედრო დაჯგუფება ჰყავს მობილიზებული და ამას კიდევ სეპარატისტთა შენაერთებიც ემატება.

„ე.წ. დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტულმა ძალებმა მოახდინეს ფარული მობილიზაცია - თავიანთი „შეიარაღებული ძალების“ 20 ათასამდე წევრი გამოიძახეს. ისინი ემზადებიან საბრძოლო ოპერაციისათვის და მუშაობენ დასწრებაზე. თვითონ წამოიწყებენ საბრძოლო ოპერაციას და შემდეგ იტყვიან, რომ „უკრაინელებმა დაიწყეს ჩვენ წინააღმდეგ საომარი მოქმედებები,“ -აღნიშნა მაისაიამ. 

მისივე თქმით, უკრაინულ მხარეს საბრძოლო მოქმედებების წამოწყების შესაძლებლობა არ გააჩნია და აღნიშნული საბრძოლო მოქმედებები რუსების ინტერესებს წარმოადგენს. 

„ამ ეტაპზე უკრაინას არავითარი მოტივაცია, სურვილი და შესაძლებლობა არ აქვს, რომ ახლა დონბასსა და ლუგანსკის სეპარატისტული რეჟიმების წინააღმდეგ საბრძოლო ოპრაციები დაიწყოს. ბერდიანსკის ხელში აღება სწორედ რუსეთის გენერალური შტაბის ინტერესებში შედის - აზოვის ზღვის მიმართულებით უკრაინის მთლიან ბლოკირებას მოახდენენ და აზოვის ზღვას მთლიანად ჩაიგდებენ ხელში. მოტივაცია უფრო რუსებს აქვთ, ვიდრე უკრაინელებს. 

„ყირიმში მობილიზირებულია 15 000 მებრძოლი და როგორც ჩანს, ისინი შეტევის განხორციელებას აპირებენ, რომ ბერდიანსკი და მარიუპოლი ხელში ჩაიგდონ,“ - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

წყარო: რეზონანსი