პატრულ-ინსპექტორი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

  • 6 დეკემბერი 21:40

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ პატრულ-ინსპექტორი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი 1984 წელს დაბადებული ნ.შ. ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.


შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ თბილისის ერთ-ერთ მეტროსადგურში მოქალაქე კ.მ გარკვეული თანხის სანაცვლოდ, საკუთარი სამგზავრო ბარათის გამოყენებით, ტურნიკეტის გავლით, მოქალაქეებს უკანონოდ ატარებდა.


„აღნიშნული დარღვევის შესახებ ცნობილი გახდა მეტროპოლიტენის საპატრულო პოლიციის თანამშრომლისთვის, რომელმაც მ.კ.-ს მფარველობის სანაცვლოდ ქრთამის სახით ყოველ მორიგეობაზე გარკვეული თანხის გადახდა მოსთხოვა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ნ.შ. მიმდინარე წლის 6 დეკემბერს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, მეტროსადგურ ვარკეთილში მორიგი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.


გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით“,- აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.