ნიკა რურუა დაკრძალეს

  • primetime.ge
  • 6 დეკემბერი 16:27

ქართველი პოლიტიკოსი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნიკა რურუა, რომელიც წინასწარი ინფორმაციით, გულის შეტევით გარდაიცვალა, ვერის სასაფლაოზე დაკრძალეს.

შეგახსენებთ, რომ მისი ცხედარი, ზანდუკელის ქუჩაზე, ორი დღის წინ, საკუთარ სახლში ნახეს. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ნიკა რურუა 2001 წლიდან აქტიურად თანამშრომლობდა ზურაბ ჟვანიასა და მიხეილ სააკაშვილთან. 2003 წლის „ვარდების რევოლუციის” შემდეგ გახდა საქართველოს მეექვსე მოწვევის პარლამენტის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სიიდან. პარლამენტის წევრობისას იყო თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი, ასევე ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარე.

ნიკა რურუა იყო საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის დაარსების იდეის ავტორი, რომელიც 2006 წელს გაიხსნა.

2009 წლის 9 დეკემბერს ნიკოლოზ რურუა დაინიშნა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრად. ეს თანამდებობა მას 2012 წლის 25 ოქტომბრამდე ეკავა.


 

სრული ვერსიის ნახვა primetime.ge