განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ფაქტზე დაკავებულ გ.ბ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

  • 6 დეკემბერი 14:57

განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ფაქტზე 2018 წლის 11 ოქტომბერს დაკავებულ გ.ბ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის 3 ნაწილით წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნულს მთავარი პროკურატურა ავრცელებს. 


"გამოძიებით დადგინდა, რომ ქ.თბილისში გ.ბ.-ს დროებით ნაქირავებ ბინაში თავს აფარებდა დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის და ცეცხლსაცროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებისთვის ძებნილი ვ.კ., რომელმაც 2017 წლის 24 ივნისს, ქ.თბილისში, ვაჟა-ფშაველას 1 კვარტალში, განზრახ მოკვლის მიზნით, მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი და შენახული ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭრილობები მიაყენა გ.ფ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული ჭრილობების შედეგად გ.ფ. საავადმყოფოში გარდაიცვალა. ვ.კ.-ს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა. გ.ბ.-მ, რომელმაც ნამდვილად იცოდა, რომ ვ.კ.-ს მიერ ჩადენილი იყო ზემოაღნიშნული განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული, თავისი აქტიური მოქმედებით, მას 2018 წლის 10 ოქტომბრამდე დროებით ნაქირავებ ბინაში მალავდა. სამართალდამცველებმა ვ.კ. გ.ბ.-ს დროებით საცხოვრებელ ბინაში დააკავეს, ხოლო ბინის ჩხრეკისას ამოიღეს 2 ცალი „პისტოლეტი“, 3 ცალი მჭიდი, 33 ვაზნა და ჯავშანჟილეტი, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. 2018 წლის 4 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში გ.ბ.-ს საქმეზე წინასასამართლო სხდომა ჩატარდა და სისხლის სამართლის საქმე სასამართლოს გადაეცა არსებითად განსახილველად",- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.