"სად თამარ მეფე და სალომე ზურაბიშვილი... "

  • რეზონანსი
  • 6 დეკემბერი 14:10, 2018 წელი

„ყველაფერს ზომიერება გააჩნია. მთლად ასეთი ლაპარაკი, თამარ მეფესთან გაიგივება სრულიად მიუღებელია",- ამბობს რეზონანსთან მსახიობი გივი სიხარულიძე. 

"ეს სრულიად განსხვავებული პიროვნებაა თავისი ყველანაირი თვისებებით. თამარ მეფე და სალომე ზურაბიშვილი შესაბამისობაში არ მოდის,"-აღნიშნა სიხარულიძემ. 


სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის ცერემონიალის დეტალებზე ჟურნალისტებს მხატვარი თამარ ფოცხიშვილი ესაუბრა.


„საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციისას შესაძლოა, პარალელები თამარ მეფესთანაც ვიხილოთ," - განაცხადა ფოცხიშვილმა მთავრობის კანცელარიაში გამართული საკონსულტაციო შეხვედრის დასრულების შემდეგ.


გივი სიხარულიძისთვის ეს სრულიად მიუღებელია.


„ჩვენ გვაქვს ორი უკიდურესობა - ან ადამიანს გავაღმერთებთ და ცაში ავიყვანთ, ან მიწაში ჩავდებთ და გავანადგურებთ. ასეთი ლაპარაკი, მხატვარი ხატავს ახლა თამარ მეფესავით... ეს მგონი შეურაცხყოფა უფროა ამ ქალის მიმართ.


„მის გაპრეზიდენტებას მივესალმები, ღმერთმა ხელი მოუმართოს, საქართველოს ბედნიერება მოუტანოს, მაგრამ ჩემთვის მიუღებელია თამარ მეფესა და ზურაბიშვილს შორის პარალელის გავლება," - აღნიშნა სიხარულიძემ.


ახლად არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს თელავში, ერეკლე მეფის სასახლის ეზოში გაიმართება.

წყარო: რეზონანსი