ბავშვები ქუჩაში – დღემდე დაუმარცხებელი პრობლემა

  • 5 დეკემბერი 14:11

ყოველდღიურად უამრავ ბავშვს ვხვდებით ქუჩებში, მეტროებსა, თუ სხვადასხვა ხალხმრავალ ადგილას, რომლებიც საზოგადოებისგან მოწყალებას ითხოვენ.

მათი ამ წესით ცხოვრების მიზეზები ინდივიდუალური გარემოებებიდან მომდინარეობს - ზოგი მშობლებმა მიატოვეს, ზოგს საერთოდ არ ჰყავს მეურვეები, ზოგსაც კი პირიქით, მშობლები აიძულებენ, ქუჩაში გავიდნენ და საარსებო ფული შეაგროვონ.



საბოლოოდ, მაინც ეკონომიკურ სიდუხჭირემდე მივდივართ, რომელიც ქუჩაში გასვლის უმთავრესი მიზეზი ხდება. თანატოლებისგან განსხვავებით, ისინი არ ცხოვრობენ ჰიგიენურ პირობებში, არ დადიან მათთვის საინტერესო წრეზე, არ არიან განებივრებული ოჯახის წევრებისგან საჩუქრების მიღებით და სრულიად  მოწყვეტილები არიან სოციალურ–კულტურულ გარემოს.


გარდა იმისა, რომ მათ წართმეული აქვთ ბავშვობა, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე მოზარდებისთვის  ნაკლებად ხელმისაწვდომია ჯანდაცვისა და განათლების სერვისები. ამავდროულად, მიუსაფართა და ქუჩაში მომუშავეთა მიმართ საზოგადოებაში ნეგატიური დამოკიდებულება იგრძნობა. მართალია, ხშირად ნეგატივს საფუძვლად ასეთი ბავშვების ქცევები უდევს, თუმცა, ალბათ, ყველაზე მეტი ყურადღება სწორედ მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს სჭირდებათ!



რას აკეთებს სახელმწიფო ქუჩაში მყოფი ბავშვების დასახმარებლად


„პირველი“  სოციალური მომსახურების სააგენტოს ბავშვთა და ოჯახში ძალადობის ადმინისტრირების სამმართველოს უფროსს ესაუბრა. ხათუნა ქაჯაიას თქმით, "იმისთვის, რომ მიუსაფარ ბავშვთან მოხდეს კონტაქტის დამყარება, მობილურ ჯგუფს დიდი ძალისხმევა სჭირდება, მისი ნდობის მოპოვება, შემდეგ სერვისების შეთავაზება და თანხმობის შემთხვევაში, შესაბამის სერვისში ჩარიცხვა".


ქაჯაიას ინფორმაციით, 2017 წელს მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის მობილური ჯგუფების ფარგლებში, თბილისის, რუსთავის და ქუთაისის მასშტაბით კონტაქტი 332 ბავშვთან დამყარდა.


საქართველოს მასშტაბით ფუნქციონირებს 4 მობილური ჯგუფი, 6 დღის ცენტრი და 6 სადღეღამისო თავშესაფარი. სოციალური მომსახურების სააგენტოს გასული წლის მონაცემებით, დღის ცენტრის და სადღეღამისო თავშესაფრის მომსახურებით 270-მა ბენეფიციარმა ისარგებლა. აქედან, დღის ცენტრით 186-მა, ხოლო სადღეღამისო სერვისით - 84-მა ბენეფიციარმა.


„უწყვეტად მუშაობს ცხელი ხაზი, სადაც ვიღებთ შეტყობინებებს შემთხვევებთან დაკავშირებით. მობილურმა ჯგუფმა 107 შემთხვევაზე მყისიერი რეაგირება მოახდინა, ხოლო საჭიროებიდან გამომდინარე, 15 ზარი გადამისამართდა საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრში“, - განუცხადა „პირველს“ ხათუნა ქაჯაიამ და დასძინა, რომ მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ბავშვების ქუჩიდან ოჯახურ გარემოში გადასაყვანად.


მინდობით აღზრდაში 6 ბენეფიციარი გადავიყვანეთ, ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნდა - 14 ბავშვი, მცირე საოჯახო ტიპის სახლში გადასვლაზე დაგვთანხმდა 6 არასრულწლოვანი. განხორციელდა სპეციალური საგანმანათლებლო მომსახურების მიწოდება მიუსაფარ ბავშვთა ქვეპროგრამის ყველა მოქმედ მომსახურებაში, სადაც მუშაობდნენ ბენეფიციარების ფუნქციური, აკადემიური და კოგნიტური უნარების ამაღლებაზე“, - ამბობს ხათუნა ქაჯაია.


აღსანიშნავია, რომ მობილური ჯგუფები აგვარებენ ქუჩაში მცხოვრები ბავშვების საბუთების პრობლემებსაც. სოციალური მომსახურების სააგენტოს ბავშვთა და ოჯახში ძალადობის ადმინისტრირების სამმართველოს უფროსი განმარტავს, რომ მას შემდეგ, რაც კანონში შევიდა ცვლილება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის არმქონე მიუსაფარი ბავშებისათვის დროებითი საიდენტიფიკაციო დოკუმენტის გაცემის თაობაზე, პირადი დოკუმენტაცია 11 ბავშვს დაუმზადდა.



ქუჩაში მყოფი ბავშვებიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან, რომლებიც, მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო აღმოჩნდნენ ასეთ მდგომარეობაში და იმისათვის, რომ საზოგადოებაში ინტეგრირების პრობლემა აღმოუფხვრელი არ დარჩეს, ხელისუფლებასთან ერთად თითოეული მოქალაქის მხრიდან კიდევ უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო.