ვასო ურუშაძე: „არ არის საჭირო სახელმწიფომ ავიაციის განვითარებაში ფული ჩადოს, საჭიროა სწორი პოლიტიკა გაატაროს“

  • M2B
  • 3 დეკემბერი 12:55, 2018 წელი

არასამთავრობო ორგანიზაცია HUB Georgia-ს აღმასრულებლი დირექტორის ვასო ურუშაძის თქმით, არ არის საჭირო სახელმწიფომ ავიაციის განვითარებაში ფული ჩადოს, არამედ საჭიროა სწორი პოლიტიკა გაატაროს.

ამის შესახებ ურუშაძემ სააგენტო „პირველთან“ საუბარში განაცხადა.


მისი თქმით, „ავიასექტორში ნებისმიერი ხელოვნური ჩარევა არასწორია“. 


„...და არ აქვს ამ შემთხვევაში მნიშვნელობა, ეს ადგილობრივი, თუ უცხოური კომპანია იქნება. საერთაშორისო სტანდარტებით კატეგორიულად არის აკრძალული კერძო კომპანიების დოტაცია, ან სუბსიდირება, არსებობს ევროპული სტანდარტები, რომლებსაც ინტეგრირება სჭირდება. სახელმწიფოს მხრიდან კერძო კომპანიებში ფინანსური რესურსების მიმართვა არის კონკურენციის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. სახელმწიფოს მხრიდან რაიმე წამახალისებელი პოლიტიკა თუ იქნება, უნდა იყოს ხელმისაწვდომი, პირველ რიგში, ადგილობრივი ავიაკომპანიებისთვის. თუ სახელმწიფოს სურს ქვეყანაში ავიაბაზარი განავითაროს, ამას სჭირდება სწორი პოლიტიკის შემუშავება, წამახალისებელი პოლიტიკა, რაც უნდა გამოიხატებოდეს ლიბერალური მიდგომით, გადასახადების დაწევით, ნაკლები ბიუროკრატიით, ყველა ავიაკომპანიებისთვის უნდა იყო თანაბარი, კონკურენტუნარიანი გარემო. საქართველოს უნდა ჰქოდნეს ჰაბზე ორიენტირებული პოლიტიკა, გახდეს სატრანსპორტო ჰაბი, სადაც ავიაციას ექნება წამყვანი როლი და არ არის საჭირო ამაში სახელმწიფომ ფული ჩადოს“, - აღნიშნა ვასო ურუშაძემ.


Hub Georgia–ს აღმასრულებელმა დირექტორმა ვასო ურუშაძემ რამდენიმე დღის წინ წყაროზე დაყრდნობით განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ავიაკომპანია Wizz Air-ის საქართველოს ბაზრიდან გაშვებას გეგმავს.


მისი განმარტებით, ამ მიზნით „სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს“ ხელმძღვანელობაზე ეკონომიკის მინისტრის მხრიდან ზეწოლა უკვე განხორციელდა, თუმცა თემა დროებით, არჩევნების გამო დაიხურა. 

"სანდო წყაროზე დაყრდნობით ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობა ავიაციის ბაზრზე გარკვეულ ცვლილებებს გეგმავს, კერძოდ მგზავრთა გადაყვანების კომპონენტში აპირებს კონკურენციის შეზღუდვას. როგორც წყარომ გვაცნობა, ოქტომბრის ბოლოს, როდესაც ხდებოდა ავიაკომპაბნია Wizz Air-ისთვის ზამთრის განრიგის დამტკიცება, სამოქალაქო ავიაციის დროებით ხელმძღვანელობაზე ეკონომიკის მინისტრის მხრიდან ზეწოლა განხორციელდა, რომ არ მომხდარიყო ამ ავიაკომპანიისთვის განრიგის დამტკიცება, რაზეც მან უარი მიიღო. შემდეგ ეს გადაწყვეტილება გადაიდო არჩევნების გამო და მისი დასრულების შემდეგ კვლავ განახლდება. რეალურად ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილი აქვს, რომ ავიაკომპანია Wizz Air ქართული ბაზრიდან გაუშვას“, - აცხადებდა ვასო ურუშაძე.


ამ განცხადებას Wizz Air-იდან უპასუხეს. როგორც კომპანიაში აღნიშნეს, „Wizz Air იყო პირველი საერთაშორისო ავიაკომპანია, რომელმაც ქუთაისის აეროპორტში 2012 წელს რეისი განახორციელა. ბოლო 6 წლის განმავლობაში ავიაკომპანიამ საქართველოს ქსელში არსებული რეისებით 1,5 მილიონზე მეტი მგზავრის გადაყვანა უზრუნველყო 13 ქვეყნის 20 მიმართულებით. ამასთან, Wizz Air-მა 2018 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 9 ახალი ავიამიმართულება დაამატა. კომპანიის მიზანია გააფართოოს საქართველოში არსებული ქსელი და უფრო მეტი დაბალბიუჯეტიანი ავიამიმართულება დანიშნოს. კომპანიამ  2018 წლის მაისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში განათავსა მეორე ბაზირებული ავიახომალდიც, რომელიც 100 მილიონ დოლარზე მეტ ინვესტიციას წარმოადგენს”.

სრული ვერსიის ნახვა M2B