Merriot-ს მილიონობით კლიენტის მონაცემი მოპარეს. კომპანიის აქციები ეცემა

  • M2B
  • 30 ნოემბერი 18:02, 2018 წელი

სასტუმროების ქსელის Merriot თითქმის 500 მლნ კლიენტის მონაცემები შესაძლოა ჰაკერების ხელში აღმოჩნდეს მას შემდეგ, რაც კომპანიის სისტემა გატეხეს. ამის შესახებ ინფორმაციას Merriot–ის პრეს–სამსახური ავრცელებს.

პირველად სასტუმროების ქსელის სისტემაში შეღწევის მცდელობა სექტემბერში დაფიქსირდა. კომპანიის ექსპერტებმა 19 ნოემბერს დაადგინეს, რომ მონაცემების გაჟონვა დაჯავშნის სისტემიდან Starwood მოხდა.


შიდა გამოძიებამ აჩვენა, რომ ბოროტმოქმედებს ქსელზე წვდომა შესაძლოა 2014 წელსაც ჰქონოდათ.


კომპანია ყველა კლიენტის გაფრთხილებას გეგმავს მონაცემების გაჟონვასთან დაკავშირებით.


უმეტეს შემთხვევაში, გატეხილი მონაცემები მოიცავდა სახელსა და გვარს, ტელეფონის ნომერს, პასპორტის ნომერს, ელექტრონული ფოსტის მისამართს, საფოსტო მისამართს, დაბადების თარიღს, სქესს და სასტუმროში შესვლა–გასვლის თარიღს.


„ზოგიერთ შემთხვევაში ინფორმაცია ასევე მოიცავს საბანკო ბარათების ნომრებს და მათი მოქმედების ვადებს“, – ნათქვამია პრეს–სამსახურის ინფორმაციაში.


ამასთან, Merriot–ში არ აკონკრეტებენ, არსებობს თუ არა იმის რისკი, რომ ჰაკერებმა საბანკო ბარათების კოდები გაშიფრონ.


დაზარალებულ კლიენტებთან დასაკავშირებლად კომპანიამ უკვე შექმნა სპეციალური საიტი და ქოლ–ცენტრი.


პრეს–ცენტრის ინფორმაციაში ნათქვამია, რომ კომპანია „უკიდურესად წუხს“ მომხდარის გამო და რომ ინციდენტის შესახებ უკვე აცნობა სამართალდამცავ ორგანოებს.


კომპანია Marriott International 1927 წელს დაარსდა. დღეს ის 130 ქვეყანაში 6 700 სასტუმროს 30 ბრენდის ქვეშ აერთიანებს. კომპანიის მოგებამ 2017 წელს $22 მლრდ შეადგინა.

სრული ვერსიის ნახვა M2B