"მთელი ოჯახი განადგურებულია, სიმწრით სავსე დღე გაუთენდათ" - ლისის ტრაგედიის დეტალები

  • რეზონანსი
  • 30 ნოემბერი 13:24, 2018 წელი

გუშინწინ ლისზე, 1 წლის ლიზას მანქანა დაეჯახა და გარდაიცვალა. 

ოჯახის ახლობლები სოციალურ ქსელში ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებენ:


"ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე უდიდესი ტრაგედია დატრიალდა. ბავშვის მამა შვილებს ასეირნებდა. გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მანქანა, რომელსაც პატარა გოგო მართავდა… გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან, გადაჯეგა ყველაფერი, რაც გზად შეხვდა და 1.5 წლის ანგელოზივით ბავშვი, ულამაზესი და უსაყვარლესი გოგონა შეიწირა.


ისეთი მძიმე მოსაყოლია დეტალები, რაც იქ მოხდა, რომ ვერც კი დავწერ აქ. ვერ წარმოიდგენთ, რა ხდება ამ ოჯახში, მთელი ოჯახი განადგურებულია…"


"ჩემს საუკეთესო მეგობარს დღეს სიმწრით სავსე დღე გაუთენდა… ორი დღის წინ მათი სახლი სიხარულით იყო სავსე. ორი დღის წინ მზის მაგივრად ტასუნას ხატულა თვალები ანათებდა. ორი დღის წინ ლისის ტბაზე და-ძმასთან ერთად სეირნობდა, როცა დაუდევარმა მძღოლმა სამუდამოდ გაიმეტა…"


"არასდროს არ დაგივიწყებ ტასუნა" – ეს ბავშვის მამის სიტყვებია, რომელმაც ტასოს ფოტო გაავრცელა სოციალურ ქსელში.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე დაკავებულია მანქანის მძღოლი – 18 წლის გოგონა. დაკავებულს ბრალი წარედგინა 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

წყარო: რეზონანსი