მოზარდებმა კიდევ ერთი მაღაზია გაქურდეს, სპეციალისტები საგანგაშო სტატისტიკაზე საუბრობენ

  • რეზონანსი
  • 21 ნოემბერი 11:42, 2018 წელი

სავარაუდოდ, არასრუწლოვნებმა ტექნიკის მორიგი მაღაზია გაძარცვეს.

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე „აიფონის“ მაღაზია დილით სამსახურში მისულ თანამშრომლებს გაძარცვული დახვდათ. მაღაზიის თანამშრომლები ამბობენ, რომ კარი დილით    დაზიანებული ნახეს,  მაღაზიის შუშები კი ჩამტვრეული იყო.  


არასრულწლოვნებმა, როგორც  თანამშრომლები ამბობენ,  მაღაზიიდან ტექნიკისა და ფულის გატანა შეძლეს. რა რაოდენობის ზარალზეა საუბარი, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა გარე სათვალთვალო კამერამ მძარცველები დააფიქსირა და როგორც ცნობილია, პოლიციამ მათი ინდენტიფიცირება უკვე შეძლო. 


ტექნიკის მაღაზიის  თანამშრომელი  რეზო ტაბიძე ამბობს, რომ კამერებში ორი არასრულწლოვანი ჩანს, რომლებიც მაღაზიის შუშებს ქვით ამტვრევენ. მისი თქმით, ბავშვებმა მაღაზიიდან ტელეფონების  და ფულის  წაიღება მოასწრეს. ასევე ძვირად ღირებული მაქბუქი მოიპარეს. ტაბიძე ამბობს, რომ კამერაში ვიზუალურად ერთი არასრულწლოვანის სახე კარგად ჩანს და პოლიციამ მისი ვინაობის დადგენა უკვე შეძლო. 


„დილით სამსახურში მოსულებს მაღაზიის მინები ჩამტვრეული დაგვხვდა,  კარი კი გატეხილი იყო. გარე მაღაზიის სათვალთვალო კამერებიდან რაც ვნახეთ, ჯერ მაღაზიის მინებს ქვით ამტვრევენ და ასე შედიან. შემდეგ, როგორც ჩანს, კარი შიგნიდან გატეხეს და იქიდან არიან გამოსულები. 


„კამერაში ორნი ჩანან. სავარაუდოდ, მათი აღნაგობიდან გამომდინარე,  არასრულწლოვნები უნდა იყვნენ. სახეს კი იფარავენ, მაგრამ ერთის იდენტიფიცირება პოლიციამ მაინც მოახერხა. 


„დიდი ზარალია-თქო ვერ ვიტყვით, მაგრამ ტელეფონების და ქეშის წაღება მოასწრეს. ერთი ძვირადღირებული რაც არის წაღებული, მაქბუქია. ველით, რომ ტექნიკის დაბრუნება მალევე მოხდება. არ გვგონია, რომ მისი გაყიდვა მოასწრონ“, - აცხადებს მაღაზიის თანამშრომელი. 


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 117-ე მუხლით აღიძრა. უწყების ცნობით, დადგენილი არიან დანაშაულის ჩამდენი პირები. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.  


ბათუმში, არასრულწლოვნების მიერ ძარცვის ეს პირველი ფაქტი არ არის. ამა წლის ზაფხულში, ბათუმში წერეთლისა და ჯორჯიაშვილის ქუჩების კვეთაზე 4 მაღაზია გაქურდეს. სავაჭრო ობიექტების მეპატრონეების თქმით, წაღებულია დიდი რაოდენობის თანხა. 


სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები ამ კუთხით კი  საგანგაშოა. მათი ინფორმაციით, ყოველთვიურად იზრდება პასუხისგებაში მიცემული არასრულწლოვანთა რაოდენობა. იზრდება ბავშვების მხრიდან ქურდობის ჩადენის მაჩვენებელიც. არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი ყველაზე ხშირი დანაშაული ქურდობაა.


მონაცემების მიხედვით, წელს, მაისის თვეში 61 არასრულწლოვანი დააკავეს ქურდობისთვის. იმავე ბრალდებით გასული წლის მაისში 27 მოზარდი მიეცა სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში.


ეროვნული სტატისტიკის მიხედვით, არასრულწლოვანთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი ქურდობის მუხლით ასე გამოიყურება: 


2018 წლის აპრილი - 46, 2017 წლის აპრილი - 16;


2018 წლის მარტი - 69, 2017 წლის მარტი - 20;


2018 წლის თებერვალი - 59, 2017 წლის თებერვალი - 8; 


2018 წლის იანვარი - 47, 2017 წლის იანვარი - 18.


სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წლის მაისში 14 მოზარდი გასამართლდა ქურდობისთვის, გასული წლის ამავე პერიოდში კი - 8.


„რეზონანსთან“ მოზარდების დანაშაულის გაზრდილ სტატისტიკაზე იურისტები და ბავშვთა ფსიქოლოგებიც საუბრობენ, რომელთა თქმითაც, მოზარდების ქურდობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ეკონომიკური მდგომარეობაა, ხოლო მათ მძიმე სოცილურ პირობებს, არ არის გამორიცხული, რომ კრიმინალური ელემენტები იყენებდნენ, რომლებიც ბავშვებს ქურდობისკენ ახალისებენ.


იურისტები აქცენტს გაეროს ბავშვთა ფონდის ბოლო კვლევაზეც აკეთებენ, საიდანაც ჩანს, რომ მოზარდების დიდი ნაწილი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

წყარო: რეზონანსი