“ჩემი და ნიკუშას გაშორება აღარავის სჯერა – დიდი სისულელეა, რომ შვილი ოჯახს ამყარებს”

  • სარკე
  • 17 ნოემბერი 21:54, 2018 წელი

მომღერალ ნუკა კვალიაშვილს ოჯახური მდგომარეობის გამო შემოქმედებითი პაუზა ჰქონდა, ორი ბიჭი მიყოლებით გააჩინა, ბავშვებს ყველაფერს თავად უკეთებდა, მარტო ზრდიდა, ამიტომ კარიერა დროებით გვერდზე გადადო.

ახლა კი აქტიურად მუშაობს ახალ პროექტზე, რომელიც არამარტო საქართველოსთვის, უცხოეთისთვისაც არის გათვლილი.


ახალგაზრდა ქალს პირად ცხოვრებაში, გარდა ისეთი ბედნიერი მოვლენისა, როგორიც დედობაა, დიდ სირთულესთან შეჭიდებაც მოუხდა. ხმები ქმართან, ნიკუშა კობახიძესთან, გაყრის შესახებ რამდენჯერმე გავრცელდა. ნუკა ამ ჭორს ყოველთვის უარყოფდა, თუმცა, როგორც მასთან ინტერვიუდან ჩანს, საქმე ცოლ-ქმარს შორის არცთუ მარტივად ყოფილა და კვამლი უცეცხლოდ არ გაჩენილა.


გთავაზობთ ნუკა კვალიაშვილის ინტერვიუს ამონარიდს ჟურნალ "სარკედან". 


 ნუკა, უბრუნდებით სცენას? რა ხდება თქვენს მუსიკალურ კარიერაში?


– კარიერაში ჩავარდნები მქონდა, რადგან ბავშვებს ვერავისთან დავტოვებდი. ახლა ეკა (დედა, მომღერალი ეკა კვალიაშვილი. ავტ.) მიწყობს ხელს და ლუკა მას ჰყავს, სანი კი ორშაბათიდან პარასკევამდე ძიძასთანაა.


რაც შეეხება ჩემს კარიერას, ამჟამად ჯგუფთან ერთად ვმუშაობ. ისეთი რაღაცის კეთება დავიწყეთ, რაც აქამდე არ გაკეთებულა. გათვლა არამხოლოდ საქართველოზე გვაქვს, გვინდა, უცხოეთშიც გავიდეთ. მხოლოდ საკუთარი სიმღერები გვექნება.


– რომელი ქვეყნისკენ გაქვთ გეზი აღებული?


– კონკრეტულად ერთ ქვეყანაზე არაა საუბარი. ჯერ უნდა დავიწყოთ მუშაობა და მიმართულებაზე მერე ვიფიქრებთ.


– თქვენ ამ ბენდის სოლისტი იქნებით?


– დიახ, სოლისტი ვარ, სხვა დეტალებზე ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით. ყველაფერი როცა შეიფუთება, მერე გავასაჯაროებთ.


 ჭორაობდნენ, ნუკა ქმარს გაშორდაო. მართალია?


– ტყუილია. მე და ნიკუშა ერთად ვართ. ჩვენი გაშორების უკვე არავის სჯერა. რაღაც რომ ხდება, ჩემს დაქალს ვეუბნები, ყველაფერი მორჩა-მეთქი და ეცინება ხოლმე. ეგრევე მეუბნება, რაო, რა თქვა, როდის ვბრუნდებიო. 11 წელი ერთად ვართ და ძალიან ბევრი რამ გავიარეთ. 13 წლიდან ვმეგობრობდით, ფაქტობრივად, ერთად გავიზარდეთ.


– ერთად გაიზარდეთ, გიყვარდათ და შემდეგ ოჯახი შექმენით. ძირითადად რაზე მოგდით ხოლმე კამათი?


– კამათი ყველა ოჯახშია. წყვილი არ არსებობს, ვინც არ კამათობს. ჩვენ ერთმანეთს 10 თითივით ვიცნობთ. უბრალოდ არ ვიყავით ბავშვისთვის მზად. გვინდოდა, მაგრამ ამისთვის პატარები ვიყავით. ვისაც კი ბავშვი შეეძინა, აბსოლუტურად ყველა წყვილს პრობლემა აქვს. მეგონა, მარტო ჩვენთან იყო ეს პრობლემა, არადა ეს ყველაფერი მამაკაცის ბრალია.


– რატომ?


– ძირითადად უპასუხისმგებლოები არიან. ქალი როგორც აღიქვამს თავის შვილს, კაცი ისე ვერ აღიქვამს. ჩვენ პატარები და გამოუცდელები ვიყავით. ადრე თუ გავდიოდით და ვერთობოდით, ახლა ნაკლებად ვახერხებთ.


– ანუ ნიკამ უფრო გვიან გაიაზრა მშობლის ფუნქცია-მოვალეობა?


– შედარებით გვიან, ვიდრე მე. თავიდან საერთოდ ვერ აღიქვამდა, რომ შვილი ჰყავდა. პასუხისმგებლობა ვერ გაიაზრა, თორემ შვილი სიგიჟემდე უყვარს.


– ამბობენ, შვილი ოჯახს უფრო ამყარებსო.


– ეგ არის დიდი სისულელე. არაფერიც არ მყარდება. მაგას თუ ვიღაცის დეიდები და ბებიები ამბობენ, არ ვიცი, მაგრამ რეალურად არავინ იცის, რა ხდება სხვის ოჯახში და ვერც ვერავინ ხედავს. ან რომ იძახიან, ორსულობაზე კარგი არაფერიაო, სწორედ ორსულობამ შეიწირა ჩემი ნერვები, ისე დამტანჯა, ეგრე არაფერს დავუტანჯივარ. ორსულად დარჩენის მეშინია, ფობია ავიკიდე.


აბსოლუტურად ყველაფერი გემართება, რაც კი შეიძლება დაგემართოს: წელის ტკივილი, ფეხების ტკივილი, წონაში მომატება, დამახინჯება… რა ვიცი, რომელი ერთი ჩამოვთვალო.


 

წყარო: სარკე