ფონიჭალაში აფეთქების ადგილზე მომუშავე მაშველებს ფულადი ჯილდოები გადაეცემათ

  • რეზონანსი
  • 17 ნოემბერი 13:15, 2018 წელი

ზემო ფონიჭალაში, აფეთქების შემდეგ სამუშაოებში მონაწილე მაშველებს ფულადი ჯილდო გადაეცემათ, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, შალვა ხუციშვილმა განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, დღეს პრემიერ-მინისტრი ზემო ფონიჭალაში სამაშველო სამუშაოებში მონაწილე მეხანძრე-მაშველებს შეხვდა და გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.


"ჩვენ ასევე ჩართული ვიყავით, რომ მოსახლეობა უსაფრთხოდ ყოფილიყო შესული თავიანთ სახლებში, რათა ნივთები გამოეტანათ. რაც შეეხება ფულად ჯილდოებს, ეს სტანდარტი უკვე დამკვიდრებულია, რომ ყველა იმ მაშველს, რომელიც ჩვეულებრივზე საფრთხის შემცველ საქმეს შეასრულებს, ან გამორჩეულ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას, ამას ყოველთვის ვაკეთებთ და ამ შემთხვევაშიც ასე იქნება", - განაცხადა ხუციშვილმა.


15 ნოემბერს, ფონიჭალაში, ერთ-ერთ კორპუსში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირი აფეთქდა. უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა ახალგაზრდა ქალი და ჩვილი. მაშველებმა დედა-შვილი რამდენიმე საათიანი ძებნის შედეგად ნანგრევების ქვეშ იპოვნეს.


აფეთქების შედეგად დაშავდა ერთი ოჯახის სამი წევრი. დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან: 44 წლის მამაკაცი, მისი 24 წლის შვილი და 6 წლის შვილიშვილი.

წყარო: რეზონანსი