"აუცილებლად მოხდება ახალ-ახალი ტრაგედიები" - სპეციალისტები გაზის ქსელზე

  • რეზონანსი
  • 16 ნოემბერი 10:02, 2018 წელი

გაზის სისტემების გაუმართაობის გამო აფეთქების, დაღუპული და დაშავებული ადამიანების შესახებ ინფორმაცია თითქმის ყოველკვირეულად შუქდება.

მდგომარეობა საგანგაშოა და მომავალში კიდევ უფრო დამძიმდება. სპეციალისტები დაუფარავად ამბობენ, რომ ამის მიზეზი გაზის მიწისქვეშა სისტემის გაუმართაობა და სისტემაში ოდორანტის არარსებობაა. აქედან გამომდინარე, მსხვერპლი კიდევ იქნება.


ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად, მუდმივად აქტიურდება გაზის სისტემების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები. მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება. სახლებსა თუ საწარმოებში ძალიან გახშირდა აფეთქება და სამწუხარო შედეგითაც სრულდება. მიუხედავად ამისა, არც ერთ შემთხვევაში პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა. გუშინ, 15 ნოემბერს, დედაქალაქში კიდევ ერთი ტრაგედია დატრიალდა, გაზის აფეთქებას დედა-შვილი ემსხვერპლა, დაშავებულია ოჯახის სამი წევრი.


"ყაზტრანსგაზ-თბილისის" დირექტორის ყოფილი მოადგილე, ეკონომისტი სოსო სიმონიშვილი, "რეზონანსთან" იმ მდგომარეობას აფასებს, რაც თბილისის გაზგაყვანილობის მიწისქვეშა ქსელშია და ამბობს, რომ მილებს ექსპლუატაციის ვადა, მინიმუმ, 2-ჯერ აქვს გასული, რაც, რასაკვირველია, იწვევს აფეთქებას.


"ისეთ მდგომარეობაშია გაზის ქსელი, დროდადრო რომ არ აფეთქდეს, შეუძლებელია. საექსპლუატაციო ვადა, მინიმუმ, ორჯერ აქვს გასული ყველა მონაკვეთს, ზოგ ტერიტორიას კი - 4-ჯერაც კი. მილების ექსპლუატაციის ვადა იმ შემთხვევაშიც კი, როცა მას აქვს სპეციალური, ელექტრო-ქიმიური დაცვა, არის, მაქსიმიმ, 30 წელი. დათვალეთ, რამდენჯერ 30 წელი გავიდა გასული საუკუნის 1959-იანი წლებიდან. მით უმეტეს, რომ ბოლო 40 წელი არავითარი ელექტროქიმიური და სხვა სახის დაცვა არ უტარდება ჩვენს ქსელს.


ბუნებრივი აირის ქსელს აქვს ოქროს წესი და ამის გარეშე შეუძლებელია. საჭიროა მუდმივი მონიტორინგი და ამ პირობებშიც კი ერთი საექსპლუატაციო ვადა რომ კარგად იმუშაოს, ესეც ძალიან საეჭვოა. ენერგომომარაგების სახეობებს შორის ყველაზე საფრთხის შემცველი გაზმომარაგებაა და ამიტომაც უსაფრთხოების წესები არის უპირველესი.


უცხოური სადისტრიბუციო კომპანიის წესდება რომ ნახოთ, გარკვევით წერია, რომ გაზის უსაფრთხო და უწყვეტი მიწოდებაა უმთავრესი მიზანი და სწორედ ამის შემდეგაა კომერცია და ფასები. ჩვენთან, პირიქით, პრიორიტეტია საფასო პოლიტიკა.


საქმე ისაა, რომ კომპანიას ამის უფლებას აძლევს სახელმწიფო, რომელმაც 2008 წელს გააუქმა ყველა ნორმა უსაფრთხოების შესახებ და სრულმა განუკითხაობამ დაისადგურა ტექნიკურ დარგებში. ეს რაღაც დოზით დღემდე ნარჩუნდება. მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლის გაზაფხულზე მიღებული ეს ნორმა შეიცვალა, ახალი და ქმედითი კანონმდებლობა დღემდე არ არსებობს", - განუცხადა "რეზონანსს" სიმონიშვილმა.


იგი ასევე აღნიშნავს, რომ თუ სასწრაფოდ ქსელის რეაბილიტაცია არ მოხდება, ტრაგედიები მუდმივ სახეს მიიღებს, რაც, დროის გასვლასთან ერთად, შეუქცევადი პროცესი გახდება.


"ჯერ კიდევ კომპანია ადგენს შინაგანაწესით მოთხოვნებს, რომელიც უნდა შეასრულოს უსაფრთხოებასთან და ყველაფერ დანარჩენთან მიმართებით. სწორედ ამის დამსახურებაა, რომ აფეთქებასა და მსხვერპლზე, რაც ყოველწლიურად მატულობს, არ დგება პასუხისმგებლობა. გაიხსენეთ, რამდენი პირი მიეცა პასუხისგებაში და აგო თუ არა ვინმემ პასუხი? მე გეტყვით დანამდვილებით - არც ერთი!


პრობლემა არის კანონმდებლობა და არა კომპანია ან იქ მომუშავე ხალხი, რომლებიც ნამდვილად გამოირჩევიან პროფესიონალიზმითა და მაღალი პასუხისმგებლობით.


დღემდე, ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, ევროკავშირი ითხოვს, რომ მიეხედოს გაზმომარაგების ქსელს, რასაც, რასაკვირველია, არავინ ისმენს. ასეული კილომეტრი მიწისქვეშა კომუნაკაციებისა უკვე გასაახლებელია. ამას სჭირდება სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია და შეცვლა. მაგალითისთვის, როცა "თელასი" გაიყიდა და იყიდეს ამერიკელებმა, რეაბილიტაციაში ჩადეს 350 მლნ დოლარი, რაც იმ დროისთვის კოლოსალური თანხა იყო. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, სამი ამდენია საჭირო მიწისქვეშა გაზმომარაგების ქსელის უსაფრთხო სტანდარტებამდე მიყვანისათვის.


არ ვიცი, ახალ ინვესტორს რა მოსთხოვეს და რა პირობებით ჩააბარეს თბილისის გაზმომარაგება, მაგრამ ფაქტია, თუ არ გამოსწორდა მდგომარეობა და არ შეიცვალა მიწისქვეშა ქსელი, კვლავ ვიქნებით ახალ-ახალი ტრაგედიების მოწმე", - აცხადებს სიმონიშვილი "რეზონანსთან".


ინჟინერი, აკადემიკოსი სიმონ ბარამიძე აფეთქების მიზეზად ერთი ქსელით მომარაგებულ გაზგასამართ სადგურებსა და მოსახლეობას მიიჩნევს. მისი თქმით, ამის გამო არ ემატება ნივთიერება ოდორანტი ბუნებრივ აირს და მას სუნი საერთოდ არ აქვს.


"აფეთქების პირველი და უმთავრესი მიზეზი ის არის, რომ ოდორანტი არ ემატება გაზს. ეს არის ნივთიერება, რომლესაც აქვს მძაფრი სუნი და გაჟონვის შემთხვევაში ადამიანი ადვილად ხვდება, რომ საფრთხეშია. მეორე პრობლემა არის არაპროფესიონალური მონტაჟი და ასევე, ზედამხედველობის გარეშე დატოვებული ქსელი. არ მოწმდება ღია წვის გამათბობლები და წყლის გამაცხლებლები.


მთავარი მიზეზი, რაზეც დიდი ხანია, ვსაუბრობ, არის ოდორანტის არარსებობა. მოსახლეობის გაზმომარაგების ქსელი და ქალაქში დამონტაჟებული გაზგასამართი სადგურები ერთი გზით მარაგდება. წარმოიდგინეთ, როგორი სუნი იქნება მთელ თბილისში იმ შემთხვევაში, ოდორანტი მთელ სისტემას რომ დაემატოს.


ადრე გაზგასამართი და ავტოგასამართი სადგურები სხვადასხვა ქსელზე "იდგა" და ისე იყო, როგორც სტანდარტია, დღეს დასვეს ერთ ქსელზე. მოისპო ამ ქვეყანაში სტანდარტები და რეგულაციის არარსებობაა მიზეზი იმისა, რომ ოჯახებში გაზის აფეთქება და გაჟონვა ლამის ყოველდღიურობად იქცა", - აცხადებს სიმონ ბარამიძე "რეზონანსთან".

წყარო: რეზონანსი