რატომ არ მივიდა ლაშა ტალახაძე „რუსთავი 2“-ში

  • რეზონანსი
  • 13 ნოემბერი 16:49, 2018 წელი

ძალოსნობაში მსოფლიო ჩემპიონისა და მსოფლიო რეკორდსმენის, ლაშა ტალახაძის არმისვლა „რუსთავი 2"-ის სპორტულ გადაცემაში არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ მის კრიტიკას არ უკავშირდება.

ამის შესახებ „რეზონანსს" ტალახაძის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა.


მისი ცნობით, ტალახაძე პარალელურად „პირველ არხზეც" იყო მოწვეული და გამომდინარე იქიდან, რომ მას საზოგადოებრივ მაუწყებელთან აქვს მემორანდუმი გაფორმებული, სწორედ „პირველ არხზე" მივიდა.


„რუსთავი 2"-ის გადაცემაში, საქართველოს ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი იყო მიწვეული. კახიაშვილმა გადაცემის წამყვან ლაშა დვალიშვილთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის შედეგებსა და ლაშა ტალახაძის ახალ რეკორდებზე ისაუბრა - ტალახაძე ორი დღის წინ სამგზის მსოფლიო ჩემპიონი გახდა.


გადაცემის დასასრულს დვალიშვილმა აღნიშნა, რომ გადაცემაში ლაშა ტალახაძისა და ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის მიწვევაც სურდა, თუმცა გარკვეული მიზეზები გამო, ეს არ მოხდა.


შეგახსენებთ, რომ ძალოსანმა, ლაშა ტალახაძემ „ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კლიპში მიიღო მონაწილეობა, რის გამოც გვარამიამ ტალახაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.


ტალახაძის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ „რუსთავი 2"-ში გადაცემის ჩაწერა და „პირველი არხის" პირდაპირი ეთერი დროის თვალსაზრისით ერთმანეთს ემთხვეოდა და ტალახაძის „რუსთავი 2"-ის გადაცემაში არმისვლაც სწორედ ამით აიხსნება:


„როდესაც „რუსთავი 2"-ზე ჩაწერა მიმდინარეობდა, იმ დროს „პირველ არხზე" პირდაპირი ეთერი იყო. შესაბამისად, იქ ლაშა ტალახაძე ვერ მივიდოდა. ნახევარი საათით იყო აცდენა, მაგრამ ტალახაძე დაღლილი იყო და ფედერაციამ ასე არჩია - „რუსთავი 2"-ში პრეზიდენტი მისულიყო და ლაშა პირდაპირ „პირველ არხზე" წასულიყო".

წყარო: რეზონანსი