უმუშევარი მამაკაცი – საქმე რთულადაა

  • თბილისელები
  • 13 ნოემბერი 14:26, 2018 წელი

უმუშევრობა თრგუნავს, ცუდად მოქმედებს მამაკაცზე. ეს პრობლემა ძალზე აქტუალური და მტკივნეულია. ამ დროს ის ითრგუნება, კარგავს საკუთარი თავის რწმენას და თავის უსუსურობას ძალიან განიცდის.

ეცვლება ხასიათი, ხდება აგრესიული და ცდილობს, ყველაფერი სხვას გადააბრალოს. საქმე რთულდება, რადგანაც მამაკაცი იმის დამტკიცებას ცდილობს, რომ ოჯახში კაცია მთავარი. ამის შემდეგ იწყება გაუთავებელი ჩხუბი ოჯახში. ქალი შეიძლება, თავიდან გაგებით ეკიდებოდა ამ ყველაფერს, მაგრამ თუ მამაკაცს წინააღმდეგობა არ შეხვდება, მბრძანებლობა მოეწონება და უარესად მოიქცევა. მამაკაცი წყობიდან გამოდის, როცა ფიქრობს, რომ აღარაფრად აგდებენ. რა ქნას, თუკი ბავშვობიდან ასწავლეს, რომ ოჯახში მისი სიტყვა კანონია. არადა, ასეთი აზროვნება ზოგჯერ ოჯახებსაც კი ანგრევს.

რაც მამაკაცმა უნდა იცოდეს...

* ზოგჯერ ძველებურად გაეარშიყეთ თქვენს მეუღლეს. ხანდახან უმიზეზოდ მიუტანეთ ყვავილები. გახსოვდეთ მისი დაბადების დღე და ქორწინების წლისთავები. ხშირად გამოავლინეთ, თუნდაც, უმნიშვნელო ყურადღება და სინაზე მის მიმართ;

* შეეცადეთ, მეუღლე სხვისი თანდასწრებით არ გააკრიტიკოთ;

* საოჯახო ხარჯების გარდა, მიეცით ფული, რომელსაც ის საკუთარი შეხედულებისამებრ დახარჯავს;

* გაუგეთ მეუღლეს უგუნებობის დროს. დაეხმარეთ, როცა დაღლილი ან აღელვებულია;

* თქვენი თავისუფალი დროის ნახევარი მაინც მეუღლესთან გაატარეთ;

* გამოიყენეთ მომენტი, რომ მეუღლის მიმართ აღფრთოვანება გამოხატოთ.
სითბო და სიყვარული ყველა ყინულს ალღობს.

კაცური ბედნიერება

„კაცური ბედნიერებაც” არსებობს. ეს სწორედ ისაა, რასაც ქალების მთელი მოდგმა „ებრძვის” და ვერ ამარცხებს.

დავიწყოთ – წინდები! დიახ, მამაკაცის წინდები, რომლებსაც ქალები ბუზღუნით ყრიან სარეცხის კალათებში. კაცები მათ ყრიან, სადაც მოუნდებათ. ნუ დაუშლით მათ ამ უმტკივნეულო ანცობას, ყარონ ეს ოხერი წინდები, სადაც მოეხასიათებათ. ამით ხომ არაფერი შავდება! შეხედეთ ამას რბილად და იუმორით და ნერვებიც აღარ მოგეშლებათ.

უფრო რთულადაა საქმე, როცა საუბარი ფეხბურთს ეხება. ქალების აბსოლუტური უმრავლესობა სპორტის ამ სახეობას ვერ იტანს.

კარგი იქნებოდა, ამ დროს გაგვეხსენებინა, როგორი მორჩილებით ითმენს მამაკაცი ქალების საყვარელ სერიალებს, მეზობლებთან მათ ჭორაობას, დაქალების წუწუნს, როცა ისინი თავიანთ უბედობაზე ჩივიან და მთელ საკაცეთს ლანძღავენ.

ქალები – ყველა მამაკაცის „სუსტი წერტილი“. დიახ, ეს რეალობაა, რომელსაც ყველა ქალმა თვალი უნდა გაუსწოროს.

სისულელეა მტკიცება: „ჩემი ქმარი ერთგულია“, „ქალები საერთოდ არ აინტერესებს“, „აი, დედას გეფიცები, არასდროს მიგრძნია, რომ „ბაბნიკია“, „მე ვერ გამომაპარებდა“, „არ არსებობს!“ დიახ, სავალდებულო არ არის, ყველა მამაკაცი სხვა ქალთან აღვირახსნილი ურთიერთობით იყოს დაკავებული და სახლში უწყინარი კრავის გამომეტყველებით ბრუნდებოდეს. ყველა კაცი მოღალატე არ არის. არსებობენ ერთგული კაცებიც, მაგრამ „უმტკივნეულო“ და უწყინარი ფლირტი მათთვისაც კი აუცილებელია. ეს მათ ბედნიერებისა და თავისუფლების სრული შეგრძნებისთვის სჭირდებათ. ისინი ამ დროს თავს სამყაროს მფლობელებად და ჭეშმარიტ მამაკაცებად გრძნობენ. ამის განცდა მათთვის ისევე აუცილებელია, როგორც ქალისთვის კომპლიმენტი.

მინიმალური თავისუფლების მინიჭებით ცოლი ქმრისგან მიიღებს მაქსიმალურ სიყვარულსა და პატივისცემას, ოღონდ ერთი პირობით: ეს ბეწვის ხიდზე სიარულის ტოლფასია და ყველას არ შეუძლია.
გაითავალისწინეთ, შეიძლება ეს სიგნალია! შესაძლოა, თქვენს საყვარელ მამაკაცს ახალი განცდები მოენატრა. ამიტომ, უახლოეს მომავალში დაგეგმეთ ქალაქგარეთ გასეირნება, პიკნიკი ან რომანტიკული ვახშამი. გალამაზდით მისთვის, შეიცვალეთ ვარცხნილობა, ჩაიცვით მისი გემოვნებით და გაეკეკლუცეთ.
მიეცით მას საშუალება, თავისუფლად ისუნთქოს, ფრთები გაშალოს, იფრინოს ოცნებებში, ოღონდ მხოლოდ ოცნებებში და ამისთვის თქვენ უფრო მეტად ყურადღებიანი, თბილი და დამოუკიდებელი გახდით, რომ, საშიშროების შემთხვევაში, მან კარგად იგრძნოს, რა განძს გკარგავთ!

ოჯახი „მამაკაცური ბედნიერების“ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, აუცილებელი და მყარი ატრიბუტია. სწორედ ამიტომ ეშინიათ ხოლმე მისი დანგრევის და მის მთლიანობას ბოლო წუთამდე კბილებით იცავენ. ამის გამო შეძლებისდაგვარად დიდხანს ნიღბავენ სასიყვარულო გატაცებებსა და გართობებს, ხშირად პარალელურად ამყარებენ სერიოზულ ურთიერთობებს, მაგრამ ოჯახიდან მაინც არ მიდიან... ჰოდა, გაითვალისწინეთ, ნუ გადაამლაშებთ! მიეცით თქვენს მამაკაცებს ზომიერი თავისუფლება, რომელიც თქვენი ყურადღებითა და გონიერებით იქნება შემოზღუდული. მიეცით პირადი სივრცე და ნუ შეეჩხირებით თვალში და პირში მაშინ, როცა ძალიან ცუდ ხასიათზეა და პრობლემაზე ფიქრობს. ნუ შეიკლავთ ხელში გაუთავებელი პრეტენზიებითა და კაპრიზებით.

ხომ იცით, კაცებს ქალის ხასიათში „ტვინის ბურღვაზე“ მეტად არაფერი სძულთ. ერთხელ ერთმა უცხოელმა ჭკვიანმა ქალმა თქვა: იცით, ქართველ ცოლებს ყველაზე მეტად რა გეშლებათ – ქმრებს ერთსა და იმავეს გაუთავებლად უმეორებთ. ერთხელ წყნარად, მაგრამ კატეგორიულად თქვით და მაშინვე გაეცალეთ, ეს უფრო ეფექტური ხერხიაო. ალბათ კაცებიც დაეთანხმებიან. და რაც მთავარზე მთავარია: ნუ გადააყოლებთ თქვენს სიყვარულს ოჯახისთვის ბრძოლას, თქვენ ერთად ყოფნა ბუნებრივად უნდა გინდოდეთ, თორემ ოჯახისგან მხოლოდ ფერფლი შეგრჩებათ. ფერფლიდან კი, მოგეხსენებათ, არაფერი აღდგება!

წყარო: თბილისელები