"დამყაჩაღებლის დედამ ორსიტყვიანი ბარათი მაგიდაზე დატოვა და სახლის უკან, ეზოში თავი ჩამოიხრჩო"

  • რეზონანსი
  • 12 ნოემბერი 14:34, 2018 წელი

არასამთავრობო ორგანიზაცია „საუდაკის" ლიდერი თამარ დადიანი სოციალური ქსელის პირად გვერდზე წერს:

„ეს ამბავი 70-იანი წლების საქართველოში ძალიან გახმაურებული იყო და ის ოჯახიც ძალიან ცნობილი გახლდათ, თუმცა ამჟამად პიროვნებების მოხსენიებას მოვერიდები... იმ ავადსასხსენებელ ჟამს სამეგრელოს რეგიონის ერთ-ერთ სკოლას მართავდა ლენინის ორდენოსანი ადამიანი, უპატიოსნესი კაცი, საუკეთესო ოჯახისა და შვილების პატრონი, თუმცა უბედურებისგან არავინ დაზღვეული არაა. დირექტორის მოზარდი შვილი შავ სამყაროში ჩათრეული აღმოჩნდა და მძიმე დანაშაულზე დაიჭირეს (საქმე ეხებოდა ადამიანის დაჭრას). როგორც კი შვილის დანაშაულის შესახებ შეიტყო, სკოლის დირექტორმა მაშინვე დაწერა განცხადება და თანამდებობა დატოვა. პედაგოგები დირექტორს ვერ თმობდნენ, სკოლაში დაბრუნებას თხოვდნენ, მაგრამ ამ ადამიანმა გადაწყვეტილება არ შეცვალა: მე საკუთარი შვილი ვერ გამიზრდია და სხვისი როგორ უნდა გავზარდოო! ამ ნამდვილად ღირსეულ ადამიანს არც კი უცდია გამოეყენებინა საკუთარი ავტორიტეტი და სასამართლოს განაჩენი შეეცვალა. სასჯელი კი დიდი იყო და პატიმარმა მაგადანში სრულად მოიხადა. ეს ის დრო იყო, 70 - იანი წლები, თუმცა თანამედროვე ეპოქაშიაც გვაქვს ქართველი დედის ღირსეული მაგალითი. სამეგრელოს რეგიონში რამდენიმე წლის წინ დააყაჩაღეს სოფელი, სამწუხაროდ თხილის ე.წ. ბიზნესის გამო მოხუცები მძიმე, სასტიკი ფორმით აწამეს. გამთენიისას მეზობლის კივილზე სოფელი შეიყარა. ერთ-ერთი დამყაჩაღებლის დედამ, როცა გაიგო, რომ ამ ბინძურ საქმეში მისი შვილი ერია, ჩუმად სახლში შევარდა, ორსიტყვიანი ბარათი მაგიდაზე დატოვა: "შვილი ვერ გამიზრდია!" და სახლის უკან, ეზოში თავი ჩამოიხრჩო...  ეს ცნობილი ფაქტია და მთელი სამეგრელო შეძრული იყო ამ ქალის ღირსეული საქციელით. 


სამეგრელოში მომხდარ კიდევ ერთ ფაქტს გავიხსენებ და აქ დავასრულებ.. სკოლის პედაგოგმა გარდაცვლილის ძმის შვილის ყაჩაღობის ფაქტი გაიგო (ეს საქმე იმ ობოლ ბავშვს მიაკერეს 80-იან წლებში, რადგან სხვები ჩინოსნების შვილები იყვნენ) წავიდა სასამართლო პროცესზე და განაცხადა: "მე დღეს მეორედ დამეღუპა ძმა და მაპატიეთო!" თავდახრილმა დატოვა დარბაზი და სამუდამოდ უარი თქვა პედაგოგობაზე!!!!! რისი თქმა მინდა ამით? გამგები გაიგებს, მაგრამ მთავარია იმან გაიგოს, ვინცასაკუთარი შვილის დანაშაულს ან საკუთარ დანაშაულებრივ უმოქმედობას მალავს.." - წერს თამარ დადიანი.

წყარო: რეზონანსი