როდის იშენებს ქალი კაცთან ურთიერთობისას "კედელს" და რისგან იცავს ამით თავს

  • თბილისელები
  • 10 ნოემბერი 17:24, 2018 წელი

ვაღიაროთ, რომ დღესაც კი, როცა საზოგადოება ბევრად თავისუფალია, ქალები გაცილებით შეზღუდულად გრძნობენ თავს, ვიდრე მამაკაცები. მათი ქცევები ისევ გამადიდებელი შუშის ქვეშ არის.

ქალებს ისევ ვალდებულებად უთვლიან მოთმენის აუცილებლობას, კაცს ისევ მეტი მიეტევება და ღალატსაც უფრო ხშირად პატიობენ. მაგრამ ქალების უმრავლესობას ურჩევნია, მოითმინოს ღალატი, ვიდრე დაანგრიოს ოჯახი, რომელსაც ერთადერთ ფასეულობად მიიჩნევს.


თინიკო (37 წლის): მე არ ვარ ძველმოდური სტერეოტიპების მიმდევარი, მაგრამ მჯერა, რომ ოჯახზე ძვირფასი ქალისთვის არაფერია. გადაჭარბებული წარმოდგენები არაფერ შუაშია, მაგრამ მართლა ვფიქრობ, რომ ქალს ქმარი სჭირდება და უნდა ჰყავდეს.


– არიან ქალები, რომლებიც ქმრის გარეშეც არ გრძნობენ თავს უბედურად.


– დიახ. ვიცი, რა თქმა უნდა, გაუთხოვრობა აპოკალიფსი არ არის. მეც მყავს მეგობრები, ზოგი ქმარს არის გაშორებული, ზოგს შვილი ჰყავს და ქმარი არა, ზოგიც სულ მარტო ცხოვრობს. მე ნამდვილად არ ვიცი, მათი ბედნიერების ხარისხი, ჩემთან არ წუწუნებენ. ყველას თავისი ცხოვრება აქვს, მაგრამ არსებობს მარადიული ფასეულობები. ჩემთვის ასეთი არის ოჯახი და ქმარიც, რა თქმა უნდა.


– მაშინაც კი, როცა ქმარი გღალატობს?


– ჰო, ეს საკმაოდ მძიმე თემაა. რომელ ქალს უნდა, ქმარი ღალატობდეს. ჩვენ ხომ მოთხოვნილება გვაქვს, კაცს უპირობოდ ვუყვარდეთ. ჩვენზე ძვირფასი და უკეთესი არავინ ჰყავდეს. კაცისთვის ცოლი უნდა იყოს ყველაზე ლამაზი ქალი, რომლითაც ყველა იხიბლება. რეალობაში ასეთი იშვიათად არის, მაგრამ ჩვენ ეს გვინდა. ყოველ შემთხვევაში, მე მინდა. ყველაფერს ვაკეთებ, ჩემი ქმრისთვის შეუცვლელ ქალად რომ ვიქცე. არ არის ეს ადვილი. ოლიმპიელი სპორტსმენივით მუდმივად ფორმაში უნდა იყო.


– ასე ცხოვრება ძნელი არ არის?


– ძნელია. ვინ ამბობს, რომ ძნელი არ არის, მაგრამ სხვანაირად, სამწუხაროდ, არ გამოდის. კაცები ასეთები არიან, ეგენი უფრო ვერ უძლებენ ცდუნებას. გვინდა თუ არ გვინდა, ქალებმა უნდა ავიღოთ საკუთარ თავზე ბევრი ფაქტორი. ოჯახი თუ გვინდა, ზოგჯერ რაღაცაზე თვალი უნდა დავხუჭოთ, რაღაც უნდა მოვითმინოთ. ბევრი ქალი მიიჩნევს, რომ საერთოდ არაფერი უნდა მოითმინოს და აპატიოს ქმარს, რაც ჩემი აზრით, შეცდომაა.


– ანუ, ქალებს მოუწოდებთ, ქმარს ღალატიც აპატიონ?


– ვერავის ჭკუის დამრიგებელი ვერ ვიქნები და ვერც ვერაფრისკენ მოვუწოდებ. ვმსჯელობ ჩვენს ცხოვრებაზე. ხომ ფაქტია, რომ ჩვენთვის, ქალებისთვის, ის ბევრად რთულია. არ ვარ გამონაკლისი. არ ვარ პრინცესა და არც სახლში მყავს პრინცი. ჩვეულებრივი ქალი ვარ და გვერდითაც ჩვეულებრივი მამაკაცი მყავს. ბუნებრივია, ეჭვებიც მიჩნდება ხოლმე მის მიმართ.


– რომ გღალატობთ?


– დიახ. საკმაოდ რეალურად ვუყურებ ყველაფერს. ვიცი, რომ ჩემი ქმარიც ჩვეულებრივი კაცია და ხელსაყრელ მომენტს ხელიდან არ გაუშვებს. მთავარია, მე დავხვდე ამ ამბავს მომზადებული.


– ეგ როგორ ხდება, ქმრის ღალატს მომზადებული როგორ უნდა დავხვდე?


– გეთანხმებით. მომზადებული და შეგუებული ვერასოდეს იქნები ქმრის ისეთი საქციელის მიმართ, როცა ოფიციალურად იჩენს საყვარელს და მეორე ცოლის არაფორმალურ სტატუსს ანიჭებს. ჩემს ქმარს რომ ასეთი ურთიერთობა ჰქონდეს სხვა ქალთან, არ ვიცი, რას მოვიმოქმედებდი. მე ვსაუბრობ გარდაუვალ, შემთხვევით, ერთჯერად კავშირებზე, რომელიც კაცებს ქორწინებაში აქვთ.


– იმის თქმა გინდათ, რომ ყველა ცოლიან კაცს აუცილებლად აქვს შემთხვევითი კავშირები?


– მე არ ვიცნობ კაცს, რომელსაც ერთხელ მაინც არ უღალატია ცოლისთვის, თუნდაც აზროვნების დონეზე. მაგრამ ცოლმა არ უნდა დააქციოს ქვეყანა ამის გამო. მტკივნეულია, რთულია, მაგრამ ოჯახის შენარჩუნება უფრო მნიშვნელოვანია. ყველაფერზე მაღლა დგას. ემოციები გაივლის – ოჯახი დარჩება. შეიძლება, არც მეთანხმებით, მაგრამ ბევრი ქალი ვიცი, ვინც ეჭვიანობის გამო ოჯახი დაანგრია და ძალიანაც ნანობს. ჯობია, საკუთარ თავზე გაიმარჯვო, დამცავი კედელივით „აიშენო“.


– ეს რას ნიშნავს?


– ბევრი ვიფიქრე და ამ დასკვნამდე მივედი, თავი უნდა დაიცვა ნეგატიური ემოციებისგან. შეუვალი უნდა გახდე და მაშინ აღარ გაგიჭირდება. ეს ყველაზე გონივრული არჩევანია. აშენებ „კედელს“ და ქმრის ღალატისგანაც დაიცავ თავს. მთავარია, მოინდომო. რა თქმა უნდა, ერთი შეხედვით, ოჯახისა და ურთიერთობის დანგრევა უფრო ადვილია. აშენებაა ყოველთვის ძნელი, მაგრამ, როგორ ჭირს ცხოვრება ყველაფრის დანგრევის შემდეგ – აი, რაზე ღირს დაფიქრება.


– კედელი როგორ უნდა „აიშენო“?


– იგნორირება უნდა გაუკეთო უსიამოვნო ფაქტებს, არ გაამახვილო ყურადღება და არ მიანიჭო მათ დიდი მნიშვნელობა.


– ანუ, თვალი უნდა დახუჭო?


– პრინციპში, ასეა, თვალის დახუჭვა უნდა შეგეძლოს. უფრო სწორად, არ უნდა ეცადო, „ქექო“ შენი ეჭვები და ეძებო შავი კატა ბნელ ოთახში. მე ასე ვიქცევი. შედეგი მაქვს. თავს უბედურად არ ვგრძნობ. ამას გულახდილად გეუბნებით. ჩემს ქმარს ოჯახი რომ არ უნდოდეს და არ ვუყვარდე, სიფრთხილეს არ გამოიჩენდა. მიმატოვებდა და აშკარად წავიდოდა იმ ქალთან, თუ საერთოდ არსებობს „ის ქალი“.


– არ ხართ დარწმუნებული, რომ გღალატობთ?


– დარწმუნებული არ ვარ, რომ ჩემი ერთგულია. რაც შეეხება მეორე ფაქტს, ხელჩასაჭიდს – მე ასეთი არაფერი მაქვს. ამიტომ, რომ არც ვეძებ. მგონი, ყველა ჭკვიანი ქალი ჩემსავით უნდა იქცეოდეს.

წყარო: თბილისელები