გია ვოლსკი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მორიგ ბინძურ პროვოკაციას მიმართა

  • 8 ნოემბერი 20:34

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკური მდივანი გია ვოლსკი, დღეს, ატოცში პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის ვიზიტს გამოეხმაურა და პარტიის ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გამართა.

,,დღეს, ჩემს კოლეგა კობა კობალაძესთან და სხვა ვეტერან მეომრებთან ერთად, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს სოფელ ატოცში ვახლდი, სადაც საოკუპაციო ძალები კიდევ ერთ მონაკვეთზე ავლებენ გამყოფ ხაზს. ეს იმ დანაშაულებრივი შეცდომებისა და მოღალატეობრივი ქმედებების კიდევ ერთი გამოძახილია, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე ჩაიდინა.


მეტიც, სწორედ მათ გაწირეს სასიკვდილოდ მშვიდობიანი მოსახლეობა, რომელიც არ გამოიყვანეს საბრძოლო მოქმედებების ზონიდან. სამარცხვინო და უზნეო რეჟიმი, უტიფრად უარყოფდა რუსულ აგრესიას და პირადად გრიგოლ ვაშაძე გვიმტკიცებდა, რომ რუსეთი გაკვირვებულია დე-ფაქტო ხელისუფლების ქმედებებით.


ეს არის შემაძრწუნებელი რეალობა და მოცემულობა, რომლის გადასაფარადაც, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მორიგ ბინძურ პროვოკაციას მიმართა - სააკაშვილის ყოფილმა თანამშრომელმა შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა ქალბატონ სალომეს.


ქვეყნის ინტერესებთან დაკავშირებით, „ქართული ოცნება" არასდროს გამოსულა ვიწროპარტიული ინტერესებიდან. ეს სწორედ „ნაციონალური მოძრაობის" ხელწერაა. ვფიქრობ, საზოგადოება სწორად შეაფასებს შექმნილ ვითარებას და წინასაარჩევნო პერიოდში შესაბამის დასკვნებს გააკეთებს!", - განაცხადა ბრიფინგზე გია ვოლსკიმ.


„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილი დღეს საოკუპაციო ხაზთან, ატოცში იმყოფებოდა.