"ახლა მე უნდა შევაფურთხო დედაჩემის მკვლელს, ვინც ჩაერევა ადგილზე მივაკლავ!"

  • რეზონანსი
  • 8 ნოემბერი 10:36, 2018 წელი

ყოფილი პატიმარი გიორგი ბერეჟიანი სოციალურ ქსელში სააკაშვილის რეჟიმის დროს იხსენებს და შემდეგ ისტორიას აქვეყნებს:

"გონიოში ტრასის პირზე ნაკვეთი მქონდა, იდეალური ადგილი იყო ბენზინგასამართი სადგურისათვის. ასლანთან დაძაბული ურთიერთობის მქონდა რუსეთში ვიყავი გადახვეწილი. როცა საქართველოს “აღმშენებლობა” დაიწყო დავბრუნდით, მე, ჩემი მეუღლე და ჩვენი ეტლს მიჯაჭვული ბიჭი. დედასთან ერთად დავიწყეთ ბათუმში ცხოვრება. როგორც კი ნაკვეთი მოვასუფთავე, დაახლოებით ერთ კვირაში დამიბარეს პროკურატურაში.


ნაკვეთი უნდა აჩუქო სახელმწიფოს! – გამომიცხადა პროკურორმა დიასამიძემ. უარი ვუთხარი. მაშინვე გამათავისუფლეს.


საღამოს 5 საათი იქნებოდა, როცა ოჯახში შემომივარდნენ. ჩხრეკის ოქმით, სადაც ეწერა, რომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ნარკოტიკის გასაღებაში ვიყავი ეჭვმიტანილი. 30 აბი სუფუტექსი “ამომიღეს” ჩემი კარადის უჯრიდან. ერთი კვირა გავუძელი წამებას, არ მოვუწერე ხელი, არც აღიარებას, არც ნაკვეთის გადაფორმებას. როცა დიასამიძემ მამცნო, რომ დედაჩემმა ვერ გადაიტანა ამხელა სტრესი და ინსულტით გარდაიცვალა და რომ ჩემს მეუღლეს უჭირს ინვალიდი მოზარდის მომსახურება, დავთანხმდი ნაკვეთის ჩუქებას, გათავისუფლების სანაცვლოდ.


7 წლის მერე სოფელ ლიხაურში ჩავედი დაგვიანებით, ჩემი ბიძაშვილის შვილის ქორწილში. თამადა…დიასამიძე იყო. ვერ მიცნო, საკმაოთ მთვრალი იყო. როგორც დაგვიანებულს, ყანწი გამომიგზავნა.


სუფრაზევე მოკლედ მოვყევი ის, რაც გადამხდა, დიასამიძის გვარი არ მიხსენებია. ახლოს მივედი და თვალი თვალში გავუყარე თამადას – მიცნო! გაფითრდა, კანკალი დაიწყო.


- ახლა მე უნდა შევაფურთხო დედაჩემის მკვლელს, ჩემი წამების ორგანიზატორს, ჩემზე წართმეული ნაკვეთის ახალ მეპატრონეს და ყველას გაფრთხილებთ, ვინც ჩაერევა ადგილზე მივაკლავ, ხოლო იმას, ვისაც შევაფურთხებ, ვაფრთხილებ, ფურთხი არ მოიწმინდოს და ისე გაა@ვას აქედან, თორემ დავკლავ ღორივით!


სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდა. სიძეს ბოდიში მოვუხადე. უკან გავყევი შეფურთხებულს. ვიღაცა ბიჭი გამომყვა.


-მე მაპატიეთ, მამაა ჩემი! – მითხრა და ატირებული მანქანაში ჩაუჯდა თამადას.


ამ ყველაფირდან დასკვნა: სანამ უღირსობაზე ხელს მოაწერთ, დაფიქრდით თქვენს შვილებზე", – წერს ბერეჟიანი.


 

წყარო: რეზონანსი