"ცხოვრების ბოლომდე მემახსოვრება, მოხუცი რომელსაც ერთი პური მიჰქონდა და ვერ მიხვდა, რა დაემართა"

  • რეზონანსი
  • 7 ნოემბერი 14:22, 2018 წელი

11 წლის წინ, 7 ნოემბერს ოპოზიციის საპროტესტო აქციები სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზის, ხელკეტების, რეზინის ტყვიებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს.

დღის ბოლოს კი, სპეცდანიშნულების რაზმი ტელეკომპანია "იმედში" შეიჭრა, რაც საბოლოოდ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით დასრულდა.


11 წლის წინანდელ მოვლენებს იხსენებს ჟურნალისტი ლაურა აბრამია:


„მეტრო "თავისუფლების მოედნის" ესკალატორზე ავდიოდი, შუადღისკენ, ზემოდან ვიღაცამ დაიძახა, გაზი გაუშვესო. ვიცოდი, სადაც მივდიოდი, ჩემი მეგობრები იყვნენ იქ მიტინგზე, ესკალატორზე ზემოთ მიმავალი ხალხი უკან დაიძრა, სრული პანიკა და ქაოსი ატყდა, გადაუარეს ერთმანეთს.... გადავეფარე მოხუცს, რომელიც წაიქცა და რომელსაც პურიანი პარკი ეჭირა და არაფრით არ უნდოდა ეს პარკი დავარდნოდა, დერეფნამდე ავედით, ჩაჯდა ძირს, მეტროს დერეფნებში გაზის კაფსულებს ისროდნენ გარედან. გარეთ გავაღწიე და თან გავიყვანე, ხალხი წყალს ისხამდა თვალებზე, სახეებზე, აქა იქ ეყარნენ, მთავრობის სახლის მხრიდან გამორეკილები. გაჩერებაზე ჩამოვჯექი, კორდონი იდგა სპეცრაზმელების, ბევრნი იყვნენ.... ნიღბიანს წინ დავუდექი და მთელი ხმით ვუყვიროდი: -რას აკეთებთ ! ეს რა არის ! შენ თვალებში ნუ მიყურებ, შენ ხვალ დედა აღარ გეყოლება! შენმა შვილმა როგორ უნდა იცხოვროს ჩემი შვილების გვერდით ! ხმას არ იღებდა, მერე არ ვიცი საით წავედი, რას ვიღებდი და როგორ, ყველაზე საშინელ კოშმარში მეგონა თავი .... ის მოხუცი კაცი, გაზით მოწამლული სასწრაფომდე რომ მივიყვანე, ცხოვრების ბოლომდე მემახსოვრება, მოხუცი რომელსაც გამჭვირვალე პარკით ერთი პური მიჰქონდა და საერთოდ არაფერ შუაში არ იყო და აზრზე ვერ მოდიოდა, რა დაემართა....


ბავშვებიც მემახსოვრება, რომლებიც სკოლებიდან ბრუნდებოდნენ და მათ ფეხებში გაზის კაფსულებს უფეთქებდნენ, მოწამლულ, ნაცემ- ნაგვემი მომიტინგეები, ჯერ რომ გაიმეტეს და მერე სასწრაფოებით რომ გადაყავდათ....


მე, მაშინ ჩემი ორი მცირეწლოვანი შვილი საბავშვო ბაღში მელოდებოდა ვარკეთილში, ძლივს რომ მივაღწიე იქ, მათ არც არასდროს გაუგიათ, იმ დღეს თვალებდასიებული რატომ მივედი მათ წამოსაყვანად, არც ის იციან, იმ დღეს ქართველობის რომ შემრცხვა იმ სპეცრაზმელს რომ თვალებში ჩავხედე .....


დღეს 7 ნოემბერია!!!!" - წერს ლაურა აბრამია.

წყარო: რეზონანსი