რა უფლებები ექნება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს

  • რეზონანსი
  • 1 ნოემბერი 09:44, 2018 წელი

კონსტიტუციის ახალი რედაქციით რა უფლებები ექნება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, ამის თაობაზე "რეზონანსი" კონსტიტუციონალისტ ავთანდილ დემეტრაშვილს ესაუბრა.

"კონსტიტუციის ახალი რედაქციით, ცვლილება ძალაში შედის ახალი პრეზიდენტის ფიცის დადების მომენტიდან. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული, იქნება ეს სალომე ზურაბიშვილი თუ გრიგოლ ვაშაძე, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ორივე იძულებული იქნება, დატოვოს პარტია, თუმცა ვერ დაავალდებულებ, შინაგანად მხარი არ დაუჭიროს საკუთარი პარტიის სტრატეგიას."რაც შეეხება სხვა უფლებებს, რასაც კონსტიტუცია ვარაუდობს, ყველას ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, ამიტომ რამდენიმე მათგანზე გავამახვილებ ყურადღებას.


"ახალ პრეზიდენტს, კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიხედვით, არა აქვს უფლება, დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს საპარლამენტო არჩევნები. ვადამდელი საპრალამენტო არჩევნების დანიშვნა ხდება იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტმა არ დაამტკიცა ბიუჯეტი და მთავრობის შემადგენლობა, ანდა თუ თავად მმართველი გუნდი გადადგამს ამ ნაბიჯს და მოითხოვს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას. ასეთი შემთხვევები დემოკრატიული ქვეყნების პოლიტიკურ ცხოვრებაში ყოფილა.


"მიუხედავად იმისა, რომ, კონსტიტუციის ახალი რედაქციით, პრეზიდენტს ეს მექანიზმი არ გააჩნია, მას შეუძლია, ისეთი პოლიტიკური კლიმატი შექმნას თავისი არგუმენტებით, რომ მიმართოს ხალხს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოწოდებით.


"ვთქვათ, საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძე იტყვის, რომ ხელისუფლებამ დაკარგა ნდობა, მას შეუძლია ამ ლეგიტიმურ ხარისხზე საუბარი. მაგრამ ამ სცენარის განვითარების შემაკაველი არის კალენდარი. მმართველ გუდს შეუძლია, გადადოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.


"სამართლებრივად პრეზიდენტს რომ პარლამენტის დათხოვნისა და საპრალმენტო არჩევნების ჩატარების უფლება მიეცეს, სახალხო ინიციატივის წესით ცვლილება უნდა შევიდეს კონსტიტუციაში, მაგრამ ამას 200 ათასი ხელმოწერა სჭირდება. ანუ რთული კონსტიტუციური მექანიზმია.


"პრეზიდენტს რჩება ვეტოს გამოყენების, ასევე შეწყალების უფლება. შეზღუდულად, მაგრამ მოქალაქეობის საკითხი და რაც მნიშვნელოვანია, მას შეუძლია, დანიშნოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამი მოსამართლე, თავისი კანდიდატი წარადგინოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ. ეს შტატი პრეზიდენტის პრეროგატივაა.


"დანარჩენი უფლებები ხორციელდება მხოლოდ მთავრობის ხელმოწერით. საგანგებო და საომარი მდგომარეობის გამოცხადებაც მხოლოდ მთავრობის წინადადებითა და თანხმობით ხდება.


"ქვეყნისთვის ყველაზე მძიმე სიტუაციაში, საომარი მდგომარეობის დროს, პრეზიდენტი რეალურად ხდება ქვეყნის ბატონ-პატრონი", - განაცხადა "რეზონანსთან" ავთანდილ დემეტრაშვილმა.

წყარო: რეზონანსი