რა ხერხებით ააშენებინა ხრუშჩოვს თბილისში დიდი საკონცერტო დარბაზი ალექსი მაჭავარიანმა

  • თბილისელები
  • 31 ოქტომბერი 17:14, 2018 წელი

ალექსი მაჭავარიანი ის ქართველი კომპოზიტორია, რომელმაც პირველმა გაარღვია საბჭოთა რკინის ფარდა და რომლის მუსიკა აჟღერდა პარიზში, ნიუ-იორკში, ტოკიოში, ვენაში, მილანში, გერმანიის არაერთ ქალაქსა და სამხრეთ ამერიკაში…

50-იანი წლები დაასრულა მისმა ბალეტმა „ოტელომ“. რაოდენ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, „ოტელო“, რომელიც იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ერთადერთი წარმოდგენა, მუდამ ანშლაგით რომ მიდიოდა და ბილეთების 100 პროცენტი იყიდებოდა (რასაც ადასტურებს თეატრის სალაროს არქივი), წარმატების ზენიტში მოიხსნა ისე, რომ არანაირი ახსნა-განმარტება არ მოჰყოლია.


გადამწყვეტებს არც ის ეყოთ, რომ ქართულმა „ოტელომ“ წარმატებით მოიარა მსოფლიო საბალეტო სცენები ევროპასა თუ ამერიკის ორივე კონტინენტზე.


ავსტრალიასა თუ აზიაში. მრავალი წლის შემდეგ გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ კრიტიკოსი ჰოვარდ ტომპსონი დაწერს:


„ალექსი მაჭავარიანის ბალეტ „ოტელოს“ პარტიტურაში არის გამაოგნებელი დრამატული პულსი. ეს არის დაელექტრიზებული შექსპირი“. პრემიერიდან უკვე 18 წლის შემდეგ, 1975 წელს მილანის „ლა სკალას“ თეატრთან არსებულმა „ბრაინდეზეს გალერეიმ“ ალექსი მაჭავარიანი ოქროს მედლით დააჯილდოვა ბალეტ „ოტელოს“ მუსიკისთვის. ამგვარი ჯილდო ქართველ კომპოზიტორს პირველად და დღემდე უკანასკნელად ერგო. ამ მედლის მფლობელნი კი საბჭოთა კომპოზიტორთა შორის მხოლოდ შოსტაკოვიჩი და პროკოფიევია. ლეგენდარული თეატრისგან ასეთი აღიარება იმითაც არის „ისტორიული“, რომ ყველაზე გვიან ამის შესახებ ჯილდოს მფლობელმა შეიტყო. მილანელებმა ალექსი მაჭავარიანს გამოუგზავნეს მოსაწვევი, რათა ეს მაღალი ჯილდო მისთვის საზეიმო ვითარებაში გადაეცათ, როგორც იმ პერიოდისთვის იყო მიღებული, მოწვევა თავდაპირველად საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირში გაიგზავნა და იქიდან გადააგზავნეს საქართველოს კომპოზიტორთა კავშირში. და, აი, აქ ჩაერთნენ ქართველი „გადამწყვეტები“, რომელთაც გადამალეს აღნიშნული მოწვევა. ვერც განმეორებით გამოგზავნილმა მოწვევამ მიაღწია ადრესატამდე. მილანელებმა კი ვერ გაიგეს, რატომ არ რეაგირებდა მათ მოწვევებზე წერილით მაინც და მედალი, თანმხლები დოკუმენტაციით, რომში საბჭოთა კავშირის საელჩოს გადაეგზავნა. ბოლოს და ბოლოს საელჩომ რომში ჩასულ რეჟისორ თენგიზ აბულაძეს სთხოვა, ეს ოქროს მედალი და თანდართული საბუთები ალექსი მაჭავარიანისთვის გადაეცა. ასე, შემთხვევით, წლების შემდეგ შეიტყო „ოტელოს“ ავტორმა ამ დაჯილდოების შესახებ. მაჭავარიანის შემოქმედება სრულ ბლოკადაში მოექცა. ალექსი მაჭავარიანი ხშირად ამბობდა:


„სანთელ-საკმეველი თავის გზას არ დაკარგავსო“. ასეც აღმოჩნდა. იმ დროს, როდესაც სპექტაკლი „ოტელო“ თბილისის თეატრის რეპერტუარიდან მოხსნეს, უცხოელი ქორეოგრაფები „ოტელოს“ დგამდნენ ტოკიოს, ჰელსინკის, ბუდაპეშტის, პრაღის, ბუქარესტის, ბრატისლავას, ოტავას, მონტე-კარლოს, ოდესის, მოსკოვის, პეტრერბურგისა და სხვა თეატრებში. ალექსი მაჭავარიანი 1967 წელს ასრულებს ორმოქმედებიან ოპერა „ჰამლეტის“ კლავირს, ხოლო 1977 წელს – პარტიტურას. მანამდე კი ბალეტ „ვეფხისტაყოსანს“ – მოსკოვის დიდი თეატრის დაკვეთით. მოლოდინი ამაო აღმოჩნდა.


უფრო მეტიც, ბალეტ „ვეფხისტყაოსნისთვის“ კარი ჩაიკეტა. უკვე ოცდამეერთე საუკუნეში შექსპირული ბალეტის, „ჭირვეულის მორჯულების“, მუსიკაზე წერს ინგლისელი კრიტიკოსი რამვოლდ ლიი:


„მაჭავარიანის მუსიკა გახვევს თავბრუს, სავსეა სითბოთი და ლირიზმით, ის ღრმაა და წარმოქმნის ინტელექტუალურ სივრცეს. ეს არის ის, რასაც თვით შექსპირი შექმნიდა“. როდესაც დიდი ძალისხმევის
მიუხედავად, ქართველ „გადამწყვეტებთან“ ვერაფერს გახდა, მოსკოვის დიდ თეატრში „ოტელოს“ ტრიუმფის ფონზე, უპარტიო ალექსი მაჭავარიანმა უშუალოდ საბჭოთა კავშირის ცენტრალური კომიტეტის მდივანს, ნიკიტა ხრუშჩოვს „გამოგლიჯა“ ნებართვა თბილისში ფილარმონიის მშენებლობისთვის, რომელსაც შემდგომ „თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზი“ ეწოდა და 2014 წლის 6 ივნისს ალექსი მაჭავარიანის სახელი მიენიჭა.


ლექსი მაჭავარიანის ბრძოლა თანამდებობის პირებთან


„მე მომიხდა შევბრძოლებოდი დიდ თანამდებობის პირთა მიერ დაშვებულ უხეშ შეცდომებს, მათ არაპარტიულ და არაგონივრულ ქმედებას, მათ ტენდენციას, დამყარებულს მხოლოდ ძმაბიჭობასა და პირად მეგობრობაზე. სულ ვფიქრობდი, რომ ასეთებს ეკუთვნის გივი ორჯონიკიძე, მაგრამ 1973 წელს მის მიერ მოყენებული დარტყმა არ შეედრება არაფერს. ეს იყო წარმოუდგენელი ღალატი, რომელიც არამც თუ მეგობრისგან, უცხოსგანაც კი ძნელად დასაშვებია. იგი პროფესიით მუსიკათმცოდნეა, ჩემი შემოქმედებისა და პიროვნების დიდი პატივისმცემელი წარსულში, ამჟამად – კრიტიკულად განწყობილი. არ აკმაყოფილებს ჩემი შემოქმედებითი პრინციპები, არ მოსწონს ჩემი მუსიკალური ენის თანდართულობა. საკმარისად ნათლად არის ამრეზილი ჩემი შემოქმედების მიმართ. უკვე ჩემი გარეგნობა და გემოვნებაც არ მოსწონს, „მეშჩანობაში“ მითვლის სუფთად და გემოვნებით ჩაცმას, მანქანის მიმართ გამორჩეულ ინტერესს. ეს სრულიადაც არ არის გასაკვირი. მერე რა მოხდა, ერთს მოსწონს რაღაც, მეორეს არა. დროთა განმავლობაში იგი, როგორც კრიტიკოსი, როგორც მოაზროვნე და მოქალაქე, გაიზარდა, ამაღლდა, დაიხვეწა, მეტი მოთხოვნილებები წაუყენა თავის თავს და, მასთან ერთად, ჩემს შემოქმედებას, ჩემს პიროვნებას. შედეგად, აიმრიზა ჩემი შემოქმედებისადმი, მე კი დავკარგე მეგობარი, კეთილისმსურველი, განათლებული, ჭკვიანი, მოაზროვნე კრიტიკოსი…


ბზარი ბედნიერებაში


… ყველა საპრემიერო სპექტაკლის გამაოგნებელი წარმატებით გამოწვეულ ბედნიერ და სასიამოვნო განწყობაში მაინც გაჩნდა მცირე ბზარი. არ იფიქროთ, რომ ეს ლენინგრადელებისგან მომდინარეობდა… საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი კულტურის დარგში, გურამ ენუქიძე „ვეფხისტყაოსნის“ დადგმასთან დაკავშირებით მოსალოც ტელეგრამას უგზავნის მხოლოდ ოლეგ ვინოგრადოვს, თითქოს მე, როგორც ცოცხალი ავტორი ამ ზეიმისა, არ ვარსებობდე. კულტურის სამინისტროს ხომ საერთოდ არ მოუხდენია რეაგირება ამ ფაქტზე. განა უცნაური არ არის ეს ყოველივე? განა ჩემი „ვეფხისტყაოსნის“ გამარჯვება ლენინგრადის თეატრის სცენაზე არ ნიშნავს ჩემი ერის კულტურის გამარჯვებას? ამიტომ კიდევ უფრო უცნაურად მეჩვენება, რომ გული მაინც თბილისისკენ მიმიწევს, თუმცა მენანება ლენინგრადის, ამ გულთბილი და დიდებული დასისა და ორკესტრის დატოვება, იქნება იმიტომ, რომ ჩემს სამუშაო ოთახში მოუთმენლად მელის მეხუთე სიმფონიის პარტიტურა.


საქართველოში ეს არ მოსწონთ


ვტოვებ თბილისურ ოქროს შემოდგომას და მივემგზავრები ლენინგრადში, ვახტანგთან, ამ ჩემს უსაყვარლეს ქალაქში. ბევრი რამ მაკავშირებს მასთან. აქ ვსწავლობდი ასპირანტურაში, აქ ვეზიარე ნამდვილი მუსიკის მადლს, კლასიკურსა და თანამედროვეს. პირველი ჩემი გასტროლებიც, მეორე მსოფლიო ომის მიწურულს, სწორედ აქ გაიმართა. კიროვის სახელობის თეატრში დაიდგა ჩემი ორივე ბალეტი – „ოტელო“ და „ვეფხისტყაოსანი“, აქ გაიმართა არა ერთი ჩემი საავტორო საღამო. აქ შევიძინე მუსიკოსი მეგობრები – დიმიტრი შოსტაკოვიჩი, ბორის არაპოვი, პეტრე რიაზანოვი და ვინ მოთვლის ყველას. აქ გაიარა ჩემი და კუკულის თაფლობის თვემ. ახლა უკვე ვახტანგი დაუკავშირდა მას. კიროვის თეატრის დირიჟორია, მართავს სპექტაკლებს, კონცერტებს, არავინ ებრძვის, არავინ ჩაგრავს… კიროვის თეატრი ემზადება დიდი საგასტროლო ტურნესათვის პარიზსა და ამერიკა-კანადაში. „ვეფხისტყაოსანიც“ შეტანილია გასტროლების პროგრამაში. ძალიან მახარებს ეს ფაქტი. ხდება, შვილები ბრძოლას უცხადებენ მამებს, რას იზამ? ამ ბრძოლის ფონზე მიმდინარეობს ჩემი შემოქმედების თითქმის მთლიანი შეზღუდვა. 14-15 წლის განმავლობაში არც ერთი ჩემი სცენური ნაწარმოები, არც ოპერა, არც ბალეტი არ დადგმულა თბილისში. ჩემი ოჯახის მატერიალური მდგომარეობა კატასტროფულია, ეკონომიკური მდგომარეობა ნულამდე დავიდა. კრიზისმა საშიში ფორმები მიიღო, მოხდა ჩემი სრული იზოლაცია, გამომიყვანეს ყველა საზოგადოებრივი მნიშვნელობის სამხატვრო საბჭოებიდან, კომიტეტებიდან, კოლეგიებიდან. ბრძოლამ არა მარტო ჩემს წინააღმდეგ მიიღო გამძაფრებული ხასიათი, ის გადაწვდა ჩემი ოჯახის წევრებს. პიანისტი და დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი 9 წლის განმავლობაში უმუშევარი იყო, და ამგვარ ურთულეს ვითარებაში, მოულოდნელად გამოჩნდა რუსეთი, მოსკოვი, ლენინგრადი... ადამიანები, რომლებიც დაინტერესდნენ ჩემი მუსიკით, ვატოს ხელოვნებით. ორკესტრებმა დაუკრეს ჩემი ახალი სიმფონიები, მოსკოვსა და ლენინგრადში გაიჟღერა ახალმა კამერულმა თხზულებებმა. ამას დაემატა უცხოეთის თეატრების რეპერტუარებში ჩემი ბალეტის, „ოტელოს“ ჩართვა… არ ვიცი რით დავიმსახურე ეს ყურადღება, მაგრამ საქართველოში ეს არ მოსწონთ. ჩემი მტრობით ვახტანგს უარი ეთქვა თეატრთან ერთად საზღვარგარეთ საგასტროლო მოგზაურობაზე. აქედან აცნობეს ლენინგრადს არასანდო პიროვნებაა და ვერ გავუშვებთო. ალბათ, ფიქრობდნენ, რომ სპექტაკლს ამოიღებდნენ საგასტროლო რეპერტუარიდან, მაგრამ მათი იმედები არ გამართლდა. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრმა კი, გარდა იმისა, რომ რეპერტუარიდან ამოიღო ბალეტი „ოტელო“, რომელიც ათი წლის განმავლობაში მაგნიტივით იზიდავდა მსმენელს და მნახველს, არ მოისურვა ჩემი ოპერის, „ჰამლეტის“ დადგმა და არც „ვეფხისტყაოსნით“ დაინტერესდა, ლენინგრადში პრემიერაზეც კი არავინ ჩასულა თეატრიდან! არც ახალი ბალეტის, „ჭირვეულის მორჯულების“ მუსიკა აინტერესებდათ (ალექსი მაჭავარიანი: „შემოქმედი და დრო“)“.

წყარო: თბილისელები