“ძალიან მეშინია, რომ ეს არ გადაიზარდოს დაპირისპირებაში, რომელიც დიდ ზიანს მიაყენებს ქვეყანას” - მერაბ კოკოჩაშვილი

  • რეზონანსი
  • 31 ოქტომბერი 12:45, 2018 წელი

ცნობილი კინორეჟისორის მერაბ კოკოჩაშვილის თქმით, ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომები კარგად გამოიყენა აქტიურმა ოპოზიციამ, რათა ზეგავლენა მოეხდინა საზოგადოების გარკვეულ ნაწილზე.

რა შედეგით დასრულდება მეორე ტური, პროგნოზის გაკეთება უჭირს, თუმცა, იმედი აქვს, რომ სალომე ზურაბიშვილი გაიმარჯვებს.


"როგორც ჩანს "ოცნება" დარწმუნებული იყო, რომ ყველაფერი რიგზე არის და საზოგადოებას მათი სჯერა. ზედმეტად ოპტიმისტურად იყო ყველაფრის მიმართ. მართალია, ეკონომიკური თვალსაზრისით იყო წინსვლა, მაგრამ ამან დადებითად ვერ იმოქმედა საზოგადოებაზე, ხალხს უჭირს და ხელისუფლებამ ბოლომდე ვერ შეასრულა დაპირებები.


ძალიან აქტიურმა ოპოზიცამ, რომელსაც საშინელი წარსული აქვს, იბრძოლა და დღესაც იბრძვის ძალაუფლებისთვის, კარგად გამოიყენა საზოგადოების ეს განწყობები, რათა ზეგავლენა მოეხდინა საზოგადოების გარკვეულ ნაწილზე.


საბოლოო შედეგამდე ერთი თვეა დარჩენილი და არავინ იცის რა შეიძლება მოჰყვეს ამ ვაკხანალიას. ქართულმა საზოგადობამ, რომელმაც ამ ძალას 2012 წელს უარი უთხრა, კვლავ დაპირისპირებით მოდის.


ძალიან მეშინია, რომ ეს არ გადაიზარდოს ისეთ დაპირისპირებაში, რომელიც დიდ ზიანს მიაყენებს ქვეყანას. ღრმად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ამ კრიზისულ სიტუაციაში უდიდესი როლის შესრულება შეუძლია მასმედიას. მოვლენების ობიექტურად გაშუქების შემთხვევაში ჩვენ გავიგებთ ობიექტურ სიმართლეს.


რაც შეეხება კანდიდატთა გამარჯვების შანსებს. მე მხარს ვუჭერდი სალომე ზურაბიშვილს, რადგან მას უზარმაზარი გამოცდილება აქვს პოლიტიკაში. მისი გამარჯვება დამოკიდებულია ამომრჩეველზე და იმედი მაქვს, რომ იგი ამ არჩევნებში გაიმარჯვებს"- განაცხადა "რეზონანსთან" მერაბ კოკოჩაშვილმა.

წყარო: რეზონანსი