“მარცხენა ხელის მტევანი მაჯის ქვემოთ მოწყვიტა”

  • რეზონანსი
  • 30 ოქტომბერი 16:07, 2018 წელი

ჭიათურის მაღაროში უბედური შემთხვევა მოხდა.

მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირების ინფორმაციით, ჭიათურაში, ითხვისის მაღაროში სკრეპერის მემანქანემ, 55 წლის ა.გ.-მ მარცხენა ხელის მტევანი დაკარგა.


საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების (სპკგ) თავმჯდომარის მოადგილე თამაზ დოლაბერიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ შემთხვევა გუშინ სამუშაო პროცესის დროს მოხდა. დოლაბერიძის ინფორმაციით, ჯალამბრის ბაგირმა მარყუჟი გაიკეთა, მემანქანემ კი მისი გასწორება სცადა.


როგორც ჩანს, ჯალამბარზე ბაგირი იმაზე სწრაფად დაიჭიმა, ვიდრე იგი ვარაუდობდა და ბაგირის მარყუჟის დიამეტრის მომენტალური შემცირების შედეგად, მარცხენა ხელის მტევანი მაჯის ქვემოთ მოწყვიტა. მოადგილის თქმით, არ არის გამორიცხული, რომ ადგილი სამუშაო უსაფრთხოების ნორმების დარღვევას ჰქონდა.


„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, 12:00 - 13:00 საათების შუალედში, ითხვისის მაღაროს სკრეპერის მემანქანემ, 55 წლის ამირან გოგატიშვილმა სამუშაო პროცესის დროს მარცხენა ხელის მტევანი დაკარგა.


როგორც ადგილობრივი დასაქმებულები ამბობენ, ჯალამბრის ბაგირმა მარყუჟი გაიკეთა, მან კი მისი გასწორება სცადა. როგორც ჩანს ჯალამბარზე ბაგირი იმაზე სწრაფად დაიჭიმა, ვიდრე იგი ვარაუდობდა და ბაგირის მარყუჟის დიამეტრის მომენტალური შემცირების შედეგად მარცხენა ხელის მტევანი მაჯის ქვემოთ მოწყვიტა.


მათივე ინფორმაციით, ა. გ. ძალიან გამოცდილი და საკუთარი საქმის მცოდნე პროფესიონალი მუშაკია. შესაბამისად გამორიცხულია, რომ მას რაიმე სერიოზული შეცდომა დაეშვა. ვარაუდობთ, რომ ადგილი უსაფრთხოესბის ნორმების დარღვევას ჰქონდა.


მომხდარი ფაქტის დეტალების და საწარმო შემთხვევის წარმოშობის მიზეზების კვლევის პროცესში უკვე ჩართულები არიან საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის ჭიათურის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის წარმომადგენლები, აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში კი პროცესში ჩაერთვებიან საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების შრომის დაცვის და იურიდიული დეპარტამენტებიც.


შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.

წყარო: რეზონანსი