ქალი და სტაბილურობა

  • თბილისელები
  • 30 ოქტომბერი 13:38, 2018 წელი

რაც უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, ქალბატონები ურთიერთობებსა და საკუთარ სურვილებში არასტაბილურები არიან.

მათთვის, მამაკაცებისგან განსხვავებით, დიდი მნიშვნელობა აქვს ურთიერთობის ეტაპებს. მაგალითად: გაცნობის პერიოდში მათ სხვა მოთხოვნები აქვთ, ხოლო თანაცხოვრების პერიოდში – სხვა.


თუ ქალბატონს მამაკაცი მოეწონა, აუცილებლად გააკეთებს მინიშნებას და გაჩერდება. ამით თითქოს მამაკაცს ეუბნება – ახლა შენი ჯერიაო. მან ის უნდა მოხიბლოს და თანაც, რაც შეიძლება, ორიგინალურად.
ქალბატონებს რომანტიკა სჭირდებათ. მხოლოდ შოკოლადით და ყვავილებით ნუ შემოიფარგლებით. მამაკაცმა აუცილებლად უნდა გამოიჩინოს ინიციატივა და პარტნიორი ხშირად უნდა გააოცოს რომანტიკული სიურპრიზებით.


ქალს ყოველთვის აქვს სურვილი, იყოს ინდივიდუალური. ზოგს სახლში ყოფნა და წყნარი საღამო ურჩევნია, ზოგსაც – აბსოლუტური დამოუკიდებლობა. მამაკაცი ვალდებულია, პატივი სცეს პარტნიორის სურვილებს.
გათხოვება, პრაქტიკულად, ყველა ქალს უნდა. შესაძლოა, ამის მიზეზი უბრალოდ, „დაოჯახებულის“ სტატუსი იყოს, თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, საყვარელ ადამიანთან მუდმივი თანაცხოვრების სურვილია. თუ გადაწყვეტთ, ცხოვრება ერთმანეთს დაუკავშიროთ, ნუ შეუშლით ხელს, დაგეგმოს ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები. არ აქვს მნიშვნელობა, მდიდრულ ქორწილს მოისურვებს თუ ვიწრო წრეში გადაწყვეტს ქორწინების აღნიშვნას, ნებისმიერ შემთხვევაში, მამაკაცმა მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი.
წლების მატებასთან ერთად, ქალბატონებს სურვილების მთელი სია უგროვდებათ, მაგრამ მთავარ მოთხოვნად მაინც მამაკაცის ყურადღება რჩება. პარტნიორი აუცილებლად უნდა ურთიერთობდეს მასთან და აცნობდეს ყოველდღიურ სიახლეებსა თუ პრობლემებს. კომპლიმენტები კი მთელი თანაცხოვრების განმავლობაში არ უნდა დაიშუროს, რადგან მხოლოდ ასე შეიძლება გამოხატოს მან ის სიყვარული, რაც ქალთან აკავშირებს. გარდა ამისა, მამაკაცმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაამციროს პარტნიორი. მაქსიმალურად უნდა ეცადოს, მიეხმაროს მეუღლეს სახლის საქმეებში მაშინ, როცა მას ეს ყველაზე მეტად სჭირდება.


სინამდვილეში, სულაც არ არის რთული იმის გამოცნობა, თუ რა სურთ ქალბატონებს მამაკაცებისგან. მთავარია, სწორად შევაფასოთ შექმნილი სიტუაციები და ვიცოდეთ, რა ქვეტექსტი აქვს მის მიერ ნათქვამ თითოეულ სიტყვას. ეცადეთ ასიამოვნოთ და დაიმახსოვრეთ, პარტნიორისგან აუცილებლად მიიღებთ სამაგიეროს.

წყარო: თბილისელები