"ისევ 90-იან წლებში ვტრიალებთ... წინ რომ წავსულიყავით, მეორე ტურში უსუფაშვილი გავიდოდა" - ძაბირაძე

  • რეზონანსი
  • 29 ოქტომბერი 04:06, 2018 წელი

"დღეს საქართველოში არ არის ის საპროტესტო მუხტი, რომ ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყოს.

თუმცა შეიძლება "ნაცმოძრაობის" ეგიდით აქციები გაიმართოს და რუსთაველზე მოძრაობაც გადაკეტონ, მაგრამ ეს პროტესტი ორ დღეზე მეტს ვერ გასტანს" - აცხადებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე, რომელსაც "მთელი კვირა" არჩევნების მოსალოდნელ შედეგებზე შაბათს ესაუბრა.


"მთელი კვირა": ტრადიციულად, ვნებათაღელვა ეგზიტპოლების გამოქვეყნების შემდეგ იწყება. ამ არჩევნებში ეგზიტპოლებით ბრძოლაში მხოლოდ ორი პარტია ჩაერთო, "ნაცმოძრაობა" და "ევროპული საქართველო." თუ მათი მონაცემები ცესკო-ს მონაცემებს არ დაემთხვა, როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს?


ვახტანგ ძაბირაძე: ეგზიტპოლების გამოქვეყნება ხელისუფლებისთვის ხელსაყრელი არ იყო და ამიტომაც თავი არ შეუწუხებია. ეგზიტპოლები ამ ორ პოლიტიკურ ძალას პროპაგანდისთვის სჭირდება და ამიტომაც ამ ფორმით დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. რა თქმა უნდა, "ნაცმოძრაობის" ეგზიტპოლში პირველ ადგილზე იქნება გრიგოლ ვაშაძე, "ევროპული საქართველოს" ეგზიტპოლში ვინ იქნება მეორე ადგილზე - ვაშაძე თუ ზურაბიშვილი ეს არის საინტერესო. ჩემი აზრით, რა შედეგიც უნდა დადოს ეგზიტპოლებმა, პირველ ტურში არჩევნებში მონაწილე ვერც ერთი კანდიდატი ვერ გავა.


"მ.კ": ანუ მეორე ტურს არ გამორიცხავთ? "ევროპულმა საქართველომ" უკვე მიმართა "ნაცმოძრაობას", მეორე ტურში დაუჭერთ თუ არა მხარს დავით ბაქრაძესო. "ნაცმოძრაობამ" კი უპასუხა, მეორე ტურში არა დავით ბაქრაძე, არამედ მათი კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და სალომე ზურაბიშვილი მიიღებენ მონაწილეობასო.


ვ.ძ: რეალურად, ეს ორი პოლიტიკური ძალა ერთმანეთს ებრძვის, იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებას დაუპირისპირდნენ. ფაქტია ისიც, რომ ისინი არა პრეზიდენტის სავარძელში ჩასაჯდომად იბრძვიან, არამედ ერთმანეთის ელექტორატის გადასაბირებლად. განასკუთრებით "ნაცმოძრაობას" უნდა, თავისკენ გადაქაჩოს დაკარგული ამომრჩეველი.


ბოლო დღეების რეპლიკებიც ერთმანეთის მიმართ იმის მაჩვენებელია, რომ ისინი მუშაობენ იმ ამომრჩეველზე, რომელიც მათ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გამოადგებათ. ორივე პოიტიკური ძალა იბრძვის მეორე ადგილისთვის და ეს მათთვის მომგებიანია. რაც შეეხება მეორე ტურს, დიდი ალბათობით, ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ვაშაძე და ზურაბიშვილი.


"მ.კ": და არც ერთ სხვა პოლიტიკურ ძალას?


ვ.ძ: სამწუხაროდ, ხელისუფლებამ შეძლო, რომ მხოლოდ ეს სამი პოლიტიკური ძალაა მთავარი კონკურენტები, სხვები გამქრალნი არიან პოლიტიკური ბრძოლის ველიდან. მეორე ტურში გასვლის შანსი არა აქვს დავით უსუფაშვილს. ჩვენი საზოგადოება წინ რომ წასულიყო, მას ეს შანსი ექნებოდა, მაგრამ ჯერ კიდევ 90-იან წლებში ვტრიალებთ. შეიძლებოდა, უფრო აქტიურად ემუშავა შტაბს. უნდა სცოდნოდათ, რომ ხელისუფლება შეეცდებოდა, სწორედ ეს სამი ძალა წარმოჩენილიყო მთავარ კონკურენტებად. თუმცა სამომავალოდ, 2020 წლისთვის, დიდი მნიშვნელობა აქვს, რამდენ პროცენტს მიიღებს დღეს უსუფაშვილი.


"მ.კ": როგორია თქვენი პროგნოზი, იქნება თუ არ მაღალი აქტივობა საზოგადოების მხრიდან და თუ არჩევნების შედეგები ხალხის განწყობას შეეწინააღმდეგება, სერიოზული პროცესები დაიწყება?


ვ.ძ: მოსახლეობის დიდ აქტივობას არ ველი, მაგრამ კარგი იქნება, თუ მივლენ და იმას მაინც თუ მიხვდებიან, რომ ამ სამი ძალიდან სამივე ძალას უთხრან უარი. რაც შეეხება საპროტესტო აქციებს, ოპოზიციას არანაირი შანსი არა აქვს, მასშტაბური აქციები დაიწყოს. მათ შეუძლიათ, მხოლოდ თავიანთი პარტაქტივი გამოიყვანონ და რუსთაველზე მოძრაობა გადაკეტონ, მაგრამ ეს პროტესტი ორ დღეზე მეტს ვერ გასტანს. დღეს საქართველოში არ არის ის საპროტესტო მუხტი, რომ ქვეყანაში მასშტაბური აქციები დაიწყოს, დღეს და ხვალ ეს არ მოხდება, მომავალში ვნახოთ.

წყარო: რეზონანსი