"მავთულხლართებზე ხელი გავიჭერი, მაგრამ ხმა მივეცი იმას, რომ ეს მავთულები აღარ იყოს"

  • რეზონანსი
  • 28 ოქტომბერი 15:23, 2018 წელი

სოფელ ხურვალეთის ოკუპირებულ ნაწილში, მავთულხლართების მეორე მხარეს მცხოვრებმა, 80 წლის დათა ვანიშვილმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.

დათა ვანიშვილი ამბობს, რომ რუსმა სამხედროებმა გააფრთხილეს, არ გადაეკვეთა ე.წ. საზღვარი და ხმის მისაცემად არ გადასულიყო. გაფრთხილების მიუხედავად, დათა ვანიშვილი უკვე მესამე არჩევნებია, მაინც ახერხებს კენჭისყრაში მონაწილეობას.


„სულ ჩემები არიან, ჩემი ქვეყანაა და გადმოვედი ხმის მისაცემად მავთულხლართებზე ხელიც გავიჭერი, მაგრამ ვერავინ დამიშლის აქეთ გადმოსვლას. უბანზე მივედი და პირადობის მოწმობა დამრჩენია, უკან მივბრუნდი, ცოლს ვთხოვე და გადმომაწოდა მავთულებიდან. დამეხმარნენ აქაურები, მივედი ისევ და ხმა მივეცი. ხმა მივეცი იმას, რომ ეს მავთულები აღარ იყოს, თავისუფლად შევძლო გადასვლა და ჩემი ბაღის დამუშავება. დავიღალე ასე მარტო ცხოვრებით", - განაცხადა დათა ვანიშვილმა.


 

წყარო: რეზონანსი