საქართველოში ხორცი გაძვირდა, საქონელი ისევ უცხოეთში გაჰყავთ

  • რეზონანსი
  • 24 ოქტომბერი 12:16, 2018 წელი

ხორცის ფასმა მოიმატა.

მოვაჭრეების ინფორმაციით, საქონლის ხორცის საბითუმო ფასი თითქმის 13 ლარს გაუტოლდა. ერთ-ერთი ვერსიით, საფასო ცვლილება ხორცის ექსპორტის ზრდას უკავშირდება, რამაც მოთხოვნის მატება და ბაზარზე პროდუქტის გაძვირება გამოიწვია.


ამჟამად საქონლის ხორცი ბაზრებში 13-15 ლარი ღირს. ცოტა ხნის წინ მისი ბითუმად შესყიდვა ყასბებს 11 ლარადაც შეეძლოთ, ხოლო ცოცხალი პირუტყვის ფასი 6,50 ლარს არ აღემატებოდა. ბოლო პერიოდში კი პროდუქტზე ფასმა როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებშიც მოიმატა.


საქონლის ხორცის გაძვირებაზე "რეზონანსთან" საუბრობენ ვეტერინარებიც. "მომავლის ფერმერის" წარმომადგენლის, ვეტერინარ მიხეილ ჭიჭაყუას ინფორმაციით, მეხორცული საქონლის რაოდენობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული.


"ქართულ ხორცზე მოთხოვნა მართლაც დიდია, თანაც ინტენსიურად გაჰყავთ თურქეთსა და ირანში. ექსპორტი ერთხანს შეჩერებული იყო, მაგრამ კვლავ განახლდა და ახლა უცხოურ ბაზრებზე ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე გააქვთ. სახელმწიფოს მიერ გატარებულმა ღონისძიებებმა ქართული პროდუქტის მიმართ მეტი ნდობა გამოიწვია. ამანაც განაპირობა ინტერესი უცხოელი მეწარმეების მხრიდან.


ადიგობრივ ბაზარზე გაძვირების ტენდენცია აშკარად შეიმჩნევა. ჩვენ ისედაც მცირე რაოდენობის საქონელი გვყავს. ცოტა ხნის წინ გვეგონა, რომ 1,3 მლნ სული პირუტყვი გვყავდა, მაგრამ, რეალურად, მათი რიცხვი 950 000-ს არ აღემატება. გამოდის, რომ 250 000-მდე საქონელი გვრჩება, რომელსაც სარეალიზაციოდ ვიყენებთ.


ექსპორტის ზრდა კარგია იმ შემთხვევაში, თუ ფერმერებს მიეცემათ მეხორცული საქონლის მოშენების საშუალება. ქვეყანამ უნდა იფიქროს მეხორცული მიმართულების განვითარებაზე და შემდეგ ვიფიქროთ ექსპორტზე, რათა ადგილზე არ შეიქმნას დეფიციტი და ქართველი მომხმარებელი არ დაზარალდეს", - აღნიშნა მიხეილ ჭიჭაყუამ.


კიდევ ერთი პრობლემა, რაც მეცხოველეობის დარგში შეიმჩნევა, პირუტყვის ბაგური კვებით გამოზრდაა, რაც დღესდღეობით ძალიან ცოტა ფერმერს შეუძლია.


"ბაგური კვებით გაზრდილი პირუტყვის ხორცი ხარისხით საუკეთესოა, გამოირჩევა გემოს მხრივაც, რის გამოც ყოველთვის მოთხოვნადია. ერთ დროს ეს ტრადიცია მივიწყებული იყო, რადგან განსაკუთრებულ შრომასა და ძალისხმევას მოითხოვს.


მაქსიმალურად ვართ დაინტერესებული, რომ ფერმერულ მეურნეობებში პირუტყვის ბაგური კვების მეთოდი განვავითაროთ. ამის შესაძლებლობა ძალიან დიდია გორისა და კასპის რაიონებში, სადაც ფერმერებს კონსულტაცია ჩავუტარეთ. ბევრი გადავიდა ახალ ტექნოლოგიაზე და ხარისხიანი ხორცის მიღების მეტი შესაძლებლობა აქვს. ძველი მეთოდის გამოყენებით ან მოვიგებთ, ან - არა, მაგრამ ახალი სტანდარტის დანერგვა აუცილებლად მოგვცემს შედეგს", - აცხადებს "რეზონანსთან" ჭიჭაყუა.


მოვაჭრეების ინფორმაციით, შესასყიდი ხორცი გაძვირდა, რის გამოც სარეალიზაციო ფასის გაზრდა მოუწევთ. სავარაუდოდ, წლის ბოლომდე ხორცი კიდევ გაძვირდება.


"დანამდვილებით უცნობია, რას უკავშირდება ხორცის გაძვირება, ბითუმად 12-13 ლარზე იაფად ხორცს ვერ იყიდი, თითქმის ყველამ გააძვირა. დანამდვილებით ვერ გეტყვით, მაგრამ ჩვენამდე მოაღწია ინფორმაციამ, რომ ხორცი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გადის. სასაკლაოებმაც მოუმატეს ფასი.


ძნელი აღმოსაჩენია რეგიონი, რომელსაც გადამყიდველები არ მისწვდნენ, ყველგან დადიან, სადაც კი ხორცის ყიდვა შესაძლებელია. ამბობენ, რომ თურქეთში საქონლის ხორცზე დიდი მოთხოვნაა, რის გამოც ახლა ქართულ პირუტყვზე გადაერთნენ. ფასში შეღავათი რომ არ იყოს, ცხადია, ამხელა ხარჯს არ გასწევდნენ. ტრანსპორტირება საკმაოდ ძვირი უჯდებათ", - ამბობს მოვაჭრე კახა გრძელიშვილი. ის შიშობს, რომ მომხმარებელს ხორცის ყიდვა კიდევ უფრო გაუჭირდება.


გლდანის სამომხმარებლო ბაზრის მოვაჭრე ზაალ ცირდავა ამბობს, რომ საქონლის ხორცს გლეხებისგან ყიდულობს. მისი თქმით, ფასმა რეგიონებშიც მოიმატა და დღესდღეობით 13 ლარზე ნაკლებად არ იშოვება.


"შარშან ამ დროს საქონლის ხორცის საბითუმო ფასი რეგიონებში, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში, 2 ლარით იაფი იყო. მთელი ზაფხულის განმავლობაში არ გაზრდილა ფასი, მაგრამ მაშინ მოთხოვნა არ ყოფილა დიდი და არც პრობლემა შეგვქმნია. ახლა მოთხოვნა გაჩნდა, მაგრამ დეფიციტის საფრთხეა.


ღორის ხორცი არ გაძვირებულა. გაყინული ხორცის მხრივ რადიკალურად სხვა მდგომარეობაა. იმპორტული ბაზარზე ჯერ კიდევ ბლომადაა და ლარის კურსმა კიდევ თუ არ მოიმატა, ფასი უახლოეს პერიოდში არ შეიცვლება", - ამბობს "რეზონანსთან" ზაალ ცირდავა.


 

წყარო: რეზონანსი