როგორ „ნათლავდნენ“ ცნობილ თბილისელ მოკრივეს საბჭოთა ჯარში

  • თბილისელები
  • 23 ოქტომბერი 18:26, 2018 წელი

ცნობილი თბილისელი მოკრივე, სომეხი ეროვნების ანდრო ნავასარდოვი დაუმარცხებლის სახელით იყო ცნობილი. ის უკან არც რინგზე იხევდა და არც „გრაჟდანკაზე“ (სამოქალაქო ცხოვრება).

ჯარში გაწვევის ასაკიც დადგა და ნავასარდოვი ბაქოში გაანაწილეს. პირველივე დღეს, როდესაც „მწვანე“ ყმაწვილი ყაზარმაში მიიყვანეს, „სტარიკებმა“ (სტაჟიანმა ჯარისკაცებმა) ცალკე ოთახში შეიყვანეს და კარი გასაღებით გადაკეტეს. სულ რვანი იყვნენ. შვიდნი პერიმეტრზე განლაგდნენ, მერვე კი კართან დადგა. ეს ყველაფერი კი საბჭოური ჯარის ტრადიცია იყო და „სტარიკებს“ ახალბედისთვის ყურსა და კისერში თითო უნდა წამოერტყათ და თავიანთი ძალაუფლება ეჩვენებინათ. ამას „წითელ არმიაში“ ახალბედას „ნათლობას“ უწოდებდნენ. თუმცა, ნავასარდოვი არც თუ ისე იოლი „მოსანათლი“ იყო, თანაც „სტარიკებმა“ არ იცოდნენ, რომ მათ წინ ოსტატი მოკრივე იდგა.


– რა გინდათ? – ჰკითხა ანდრომ სტაჟიანებს, რომლებმაც ახალბედას უთხრეს:


– ცოტა უნდა წაგარტყათ, რომ იცოდე, თუ ვინაა აქ მასპინძელი და არ გაატ...ოო.
ანდრომ კართან მდგომზე ჰკითხა:


– ეგ კართან რატომ დგასო?


– იმიტომ რომ წამორტყმის დროს გაქცევა არ მოინდომო და ჩაკეტილი კარი თავით არ გაამტვრიოო, – აუხსნეს ნავასარდოვს.


განმარტება რომ მოისმინა, ანდრომ მოულოდნელად კართან მდგომი „სტარიკი“ კარს მოაშორა, გასაღები გამოაძრო და გადაყლაპა. შემდეგ კი მომავალი „ნათლიები“ ისე მიბეგვა, რომ მათი შემხედვარე იფიქრებდი „კატოკმა“ გადაუარაო.


ამის შემდეგ ანდროს „მონათვლაზე“აღარც უფიქრიათ, ანდროს სათოფეზეც არავინ გაჰკარებია.

წყარო: თბილისელები