ორი პარტიისგან დაშანტაჟებული საზოგადოება - რა შეიცვალა ბოლო 6 წელიწადში

  • რეზონანსი
  • 23 ოქტომბერი 13:24, 2018 წელი

საპრეზიდენტო არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი და წინასაარჩევნო აგიტაცია თუ პროპაგანდა აქტიურ ფაზაში გადადის.

თუმცა საზოგადოება მხოლოდ ორი დაპირისპირებული პოლიტიკური პარტიის კომპრომატებითა და ფარაული აუდიჩანაწერებით ბრძოლას ადევნებს თვალს.


პოლიტოლოგები "მთელ კვირასთან" აცხადებენ, რომ ბოლო 6 წლის განმავლობაში არჩევნების მხრივ, პრაქტიკულად, არაფერი შეცვლილა, რადგანაც ბრძოლის მეთოდებიც იგივეა და მებრძოლებიც ისევ ორი პოლიტიკური ძალა - "ოცნება" და "ნაციონალები" არიან. ორივე პარტიისგან კი საზოგადოების შანტაჟი მიმდინარეობს და მოსახლეობას თავისუფლ გარემოში თავისუფალი არჩევნის საშუალებას არ აძლევენ.


პოლიტოლოგი, კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე "მთელ კვირასთან" აცხადებს, რომ საარჩევნო პერიოდის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა ორმა პარტიამ, ფაქტობრივად, ტყვედ აიყვანა და ცდილობენ, შანტაჟის პირობებში მათი გადაბირება მოახერხონ. კომპრომატებითა და ფარული აუდიოჩანაწერებით ამ შანტაჟმა უფრო მძიმე ფორმა მიიღო, ბრძოლის მეთოდებით კი "ნაციონალებიც" და "ქართული ოცნებაც" ერთმანეთს დაემსგავსნენ და ცდილობენ, ამომრჩეველი ერთმანეთით შეაშინონ. მთელ ამ წინასაარჩევნო პროცესს ეს ფონი გასდევს.


"ალბათ საზოგადოებას ახსოვს, მიხეილ სააკაშვილი პოპულარული როგორ გახდა, ჩინოვნიკების ფეშენებელური სახლების ფოტოებს აფრიალებდა. "ნაციონალური მოძრაობა" ახლაც იმავეს აკეთებს, რადგანაც ამ კუთხით ქვეყანაში არაფერი შეცვლილა. ერთ წრეზე ვართ, ერთ ადგილას ვდგავართ. ბრძოლის მეთოდებიც ერთი და იგივეა.


"არც "ოცნებას" და არც "ნაციონალებს", ერთმანეთის ლანძღვისა და ერთმანეთისკენ თითის გაშვერის გარდა, საზოგადოებისთვის სათქმელი არაფერი აღარ დარჩა. ეს ორი პარტია ერთმანეთს ძალიან დაემსგავსა. "ოცნებამ" წინა ხელისუფლების სისტემის "კარგი შემსრულებლები" დაიტოვა და ამ კუთხითაც არავითარი ცვლილება არ მომხადარა. ორივე მათგანი ერთმანეთს აცოცხლებს, ერთმანეთის გარეშე პოლიტიკურ ავანსცენაზე ვერ დარჩებიან და მაშინვე გაქრებიან", - ამბობს ძაბირაძე.


მისი აზრით, ამ არჩევნებში საზოგადოებას ყველაზე ნათელი ალტერნატივა ის აქვს, რომ აირჩიოს მესამე პოლიტიკური ძალა, რომელიც ყველასგან ნეიტრალურია და ქვეყანაში შექმნილ სიტუაციას ცოტათი მაინც დაასტაბილურებს. ასეთი დავით უსუფაშვილია, ვისაც შეუძლია, საზოგადოება ამ ორი პოლიტიკური პარტიის შანტაჟისგან იხსნას.


ძაბირაძე "ოცნებას" ურჩევს, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მანამდე დანიშნოს, სანამ მას ამის პოლიტიკური რესურსი აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მართლაც "ნაციონალებმა" გაიმარჯვონ, რადგანაც მმართველი პარტია დღითი დღე პოლიტიკურად კოტრდება.


იურისტი, უფლებადამცველი ლევან ალაფიშვილი "მთელ კვირასთან" აღნიშნავს, რომ ორივე - "ნაციონალებიც" და "ოცნებაც" საზოგადოებას თავისუფალი არჩევანის საშუალებას არ აძლევენ. მართალია, "ოცნების" მმართველობის პირობებში არც ერთ არჩევნებზე და საარჩევნო უბნებზეც არ ყოფილა სიტყვიერი და ფიზიკური მწვავე დაპირისპირებები, მაგრამ თავისუფალი არჩევანი, იურისტის აზრით, სრულიად სხვა რამეს გულისხმობს.


ალაფიშვილი ფიქრობს, რომ ამომრჩეველს საშუალება არ ეძლევა, თავისუფლად, მასზე მძიმე ზეგავლენის გარეშე, კანდიდატების შანსი და დაპირებები შეადაროს. ორივე პოლიტიკური ძალა მოსახლეობაზე სხვადასხვა ფორმით ძალადობს და მასზე ფსიქოლოგიური გავლენის მოპოვებას ცდილობს.


"ყველასთვის მომგებიანია, რომ ამომრჩეველმა არჩევანი თავისუფალ გარემოში არ მიიღოს და იწყებენ პოლიტიკური პარტიები ჩანაწერებითა და კომპრომატებით ბრძოლას. საზოგადოებაში ხელოვნურად იქმნება დაძაბულობა, რათა მათ თავისუფლად ვერ შეძლონ არჩევანი და შედეგიც შესაბამისია - თავისუფალი და ინფორმირებული არჩევანი აღარ გამოგვდის.


"ჩვენი პოლიტიკოსები ძალადობით გვაიძულებენ არჩევანს და ყველამ ერთად თუ არ მივხედეთ ამას, კარგად არ დაგვისრულდება. ამიტომ ახლა მთელი პასუხისმგებლობა საზოგადოებას აკისრია. თუ ჩვენ ამ ძალადობრივ მეთოდებს უარს არ ვეტყვით, არაფერი არ გვეშველება. ეს ორი პოლიტიკური ძალა საზოგადოების დაშანტაჟებას კვლავ გააგრძელებს და ქვეყანა მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდება.


"ნაციონალები" და "ოცნება" ერთმანეთს აძლიერებენ და ათეულობით წელია, ამ ძალადობრივი მეთოდით არსებობას ახერხებენ. ისინი საზოგადოებას იმას კი არ ეუბნებიან, მე კარგი ვარ და მხარი ამიტომ უნდა დამიჭიროო, არამედ - ის ჩემზე ცუდია და სხვა არჩევანი არ გაქვსო. წლებია უკვე, საზოგადოებასთან ამ მეთოდით ვაჭრობენ", - აცხადებს ალაფიშვილი.


მისივე თქმით, კონსტიტუციურად, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა შეუძლებელია, რადგანაც ამისთვის ორი მიზეზი უნდა არსებობდეს - ან სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცება ვერ უნდა მოხდეს, ან მმართველმა გუნდმა მთავრობის ფორმირება ვერ უნდა შეძლოს. "ოცნება" კი ადვილად ახერხებს ორივეს, რადგანაც პარლამენტში კონსტიტუციური უმრავლესობა ჰყავს. მაგრამ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დიდი აუცილებლობა დგას, რადგანაც საფრთხე თავად "ოცნებას" ემუქრება. ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ, რომელსაც ქვეყანაში კონსტიტუციური უმრავლესობა ჰქონდა, 8 წელზე მეტი ვერ გაძლო.


ამიტომაც, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ალაფიშვილის აზრით, 2020 წელს "ოცნების" დასასრული დადგება და მათ ამ გარემოებასთან შეგუება მოუწევთ. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგად კი საზოგადოების დაძაბულობაც იკლებდა და ყველა პოლიტიკურ პარტიას მეტი ლეგიტიმაცია ექნებოდა. ისინი საზოგადოების ნდობის განახლებას შეძლებდნენ, რაც სიტუაციას მეტ-ნაკლებად გაანეიტრალებდა.


ალაფიშვილი ამბობს, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე კიდევ 2 წელია დარჩენილი და არ არის გამორიცხული, ქვეყანაში სოციალური და პოლიტიკური ფონი კიდევ უფრო დამძიმდეს, რაც მმართველი გუნდის მდგომარეობასაც უფრო შეარყევს.

წყარო: რეზონანსი