როგორ იცავდა თბილისს სამასი თავდადებული გლეხი

  • რეზონანსი
  • 17 ოქტომბერი 15:51, 2018 წელი

სამასი თავდადებულები საგმირო ისტორიაში ხშირად იმეორება.

ძველ საბერძნეთში, ქრისტეს დაბადების წინათ, სამასმა სპარტელმა ბერძენთა თავი შეაკლა აუარებელს ჯარს სპარსელებისას ფერმოპილეს ვიწროებში, სამასივე დაიმარხნენ აქვე და მათს საერთო ძეგლზე მადლობელმა ბერძნებმა ამოსჭრეს შემდეგი გულის ასაძგერი სიტყვები "მგზავრო, აუწყე სპარტელებს, რომ ჩვენ ვმარხივართ, აქ აღმსრულებელნი მოვალეობისა სამშობლოს წინაშე.


"სამასმა იტალიელმაც არჩია სახელოვანი სიკვდილი დამორიჩილებას. ეს თავდადებულება ერთმა იტალიელმა პოეტმა მშვენივრად გამოხატა თავის ჩინებულ ლექსში "ისინი იყვნენ სამასნი, სულ დარჩეულნი ვაჟკაცნი, ერთიანად დაიხოცნენ, ამდენი პირ-მზე მამაცნი". ეს ლექსი ზედ გამოჭრილია ჩვენს გმირ გლეხობაზედ"- წერდა იაკობ გოგებაშვილი კრწანისის გმირებზე - სამას არაგველზე.


დღევანდელ სტატიაში მკითხველს ვთავაზობთ ამონარიდს იაკობ გოგებაშვილის "სამასი თავდადებული გლეხი"


"მე მწადია გიამბოთ ამჟამად ერთი ფრიად სამწუხარო, მაგრამ სახელოვანი ამბავი, რომელიც მოხდა ასის წლის წინათ, სახელდობრ 1795 წელში.


"საქართველოს წინააღმდეგ სპარსეთის ჯარი საოცარი სისწრაფით მოგრიალებდა ჩვენი ქვეყნისკენ, რადგან აღა-მაჰმად-ხანს სწადდა ერეკლეს თავს დასხმოდა. თბილისის ახლოს დაბანაკდა სამოცდაათი ათასი ჯარით.


ერეკლემ კი ძლივს-ძლიობით მოასწრო ხუთი ათასი კაცის მოგროვება.


ამ მცირე ჯარში ერთი რაზმი იქცევდა განსაკუთრებულ ყურადღებას. ეს რაზმი შედგებოდა მთლიანად გლეხობისაგან და განირჩეოდა სხვა ჯარისაგან, მაღალი და სწორი ტანი, განიერი მხარ- ბეჭი, რკინის ჩაჩქანი ტანზე. აშკარად ჰხდიდნენ, რომ იგინი იყვნენ თავისუფალი მთის შვილები- არაგვისპირელნი მთლიულნი და ფშავ- ხევსურნი.


ერეკლე მეფე მთელს საქართველოს ღმერთივით უყვარდა, მაგრამ იმოდენა სიყვარულს და თაყვანისცემას კი, რასაც მისდამი მთიულნი და ფშავ-ხევსურნი გრძნობდნენ, ვერავინ დაიკვეხნიდა.


მთელს ფშავ- ხევსურეთში და მთიულეთში ვერ მოსძებნიდი ვაჟკაცს, რომელიც მზად არ ყოფილიყო თავის სიცოცხლე შეეწირა მეფე ერეკლესთვის.


ამის გამო, მივიდა თუ არა ფშავ- ხევსურეთში ხმა, რომ სპარსეთის შაჰი აუარებელი ჯარით მიდის ერეკლეზეო, საუკეთესნო ვაჟკაცნი აღიჭურვნენ, ჩაჯდნენ იარაღში თავით ფეხებამდე, გადმოვიდნენ არაგვის ხეობაში.


აქ მათ მიემატნენ არაგვისპირელნი და შესდგა სამასიანი რაზმი გლეხობისა,


რომელიც საჩქაროდ ჩამოიჭრა თბილისში. მეფე ერეკლე მამობრივი გრძნობით მიეგება მთიდან ჩამოსულ რაზმს და ჩააყენა მოწინავე ჯარის შუაგულში, რომელსაც გზა უნდა შეეკრა მოახლოებულ სპარსელთათვის.


"მე არ მახსოვს, რომ რომელიმე ჩემი მტერი ასეთი გმირობით შემბრძოლებოდეს" წარმოთქვა შაჰმა, როდესაც დაინახა ქართველნი, რომელნიც მუსრს ავლებდნენ მისს ჯარსა.


ქართველთა გამარჯვება ძნელი მოსალოდნელი იყო, რადგან რაც უნდა დიდი მამაცობით და თავგანწირულობით იყოს აღჭურვილი, ვერას სძლევს თოთხმეტ-თხუთმეტსა და ვერც სძლიეს ჩვენებმაცა. მწუხარებით შეპყრობილი ოთხმოცი წლის ერეკლე ძალით გაიყვანეს ქალაქიდან.


აღა- მაჰმად- ხანმა დაიპყრო თბილისი.


რა დაემართა ჩვენს მთის გმირებსა? მტკიცედ და სავსებით აასრულეს თავისი ფიცი, არც ერთი მათგანი ცოცხლად არ ჩავარდნია მტერს ხელში. იგინი საოცარის თავგანწირვით იბრძოდნენ. ყოველი ნაბიჯის წინ გადაგომა მათ მტერს დაუსვეს მეტად ძვირად. ბევრი სპარსელი გამოასალმეს სიცოცხლეს და თვითონაც ზედ შეაკვდნენ მათ პირველიდან დაწყებული უკანასკნელამდე.


დიაღ, სამასი ვაჟკაცი ერთი და იმავე გმირული სიკვდილით გამოესალმა წუთისოფელს ბრძოლის ველზე, კრწანისის მინდორში.


ზოგმა მათგანმა თავის სიცოცხლე დადსდო მამულისათვის დილით, პირისპირ სპარსეთის შაჰისა, ზოგი მტერს შეაკვდა დღისით, როცა იგი მოიწევდა თბილისისკენ, ხოლო დანარჩენთ თავი დასდეს ქვეყნისთვის საღამოთი თბილისის ქუჩებში, სადაც იგინი უკანასკნელ სისხლის წვეთამდე ებრძოდნენ შემოსულს სპარსელებსა.


არცერთი არ გადაურჩა სიკვდილს. არც ერთი არ შეიქმნა მოწამე თბილისის აოხრებისა. ყველამ თავის სამშობლოს შესწირა სიცოცხლე. ამაზე მეტი სიმამაცე და თავდადებულობა ქვეყნისთვის არა ერთი უცხო ერის შვილს არ გამოუჩენიათ".

წყარო: რეზონანსი