რა პირობებში აცხობენ პურპროდუქტებს საქართველოში?

  • რეზონანსი
  • 17 ოქტომბერი 11:08, 2018 წელი

რა პირობებში ცხვება მომხმარებლისათვის განკუთვნილი პურპროდუქტები? შემოწმების შედეგები საკმაოდ დამაფიქრებელია.

781 შემოწმებული საცხობიდან 72-ს საწარმოო პროცესი შეუჩერდა. "სტანდარტები იმდენად "გაუფასურდა", რომ თუკი მომხმარებელმა ტარაკანი, ბუზი ან თმა იპოვა პურში, უკვე პრობლემად არ მიაჩნიათ", - ამბობენ სურსათის სფეროს სპეციალისტები.


სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2017 წლის მონაცემები გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ შემოწმებული საწარმოების დაახლოებით 10% დახურეს. უწყებაში ამბობენ, რომ საწარმოო შეუსაბამობებს შორისაა: არასათანადო სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა, კოროზირებული საგნები და აღჭურვილობა, ტექნოლოგიური პროცესის ნაკადურობის დარღვევა, მწერების არსებობა, კონდენსატის წარმოქმნა, გაუმართავი ვენტილაცია და ა.შ.


2017-18 წლებში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ პურის საცხობებში 781 ინსპექტირება ჩაატარა. ინსპექტირების პროცესში გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი 72 ბიზნესოპერატორს შეუჩერდა, 2018 წელს კი ასეთი 41 აღმოჩნდა.


სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 68-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, აღნიშნული ბიზნესოპერატორები 1000 ლარით დაჯარიმდნენ.


"კრიტიკული შეუსაბამობისას გამოვლინდა შემდეგი დარღვევები: არასათანადო სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა, კოროზირებული საგნები და აღჭურვილობა, ტექნოლოგიური პროცესის ნაკადურობის დარღვევა, მწერების არსებობა, კონდენსატის წარმოქმნა, გაუმართავი ვენტილაცია და ა.შ", - აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.


გარდა ამისა, პურისა და პურ-ფუნთუშეულის მწარმოებელ ბიზნესოპერატორებთან 2017 წელს განხორციელდა 278 დოკუმენტური შემოწმება, გამოვლენილი დარღვევების გამო დაჯარიმდა 59 საწარმო, ხოლო 2018 წელს განხორციელდა 124 დოკუმენტური შემოწმება და გამოვლენილი დარღვევების გამო დაჯარიმდა 51 მათგანი.


სურსათის სფეროს სპეციალისტი ლია კვარაცხელია ამბობს, რომ პურ-ფუნთუშეულის ცხობის პროცესში ჰიგიენური ნორმები ძალიან ბევრგან არ არის დაცული. პრობლემაა უკვე გამომცხვარის მომხმარებლამდე მიტანის პროცესიც, რომელიც ასევე არასათანადოდ ხორციელდება.


"სანიტარიულ ნორმებს რომ დიდად ყურადღება არ ექცევა, ამის ყველაზე ნათელი მაგალითია უკიდურესი შემთხვევები, როცა მომხმარებელი პურში მწერებსა და ნარჩენებს პოულობს. გარედან მომხმარებლისათვის სხვანაირად ჩანს.


თითოეულ საცხობს გაკრული უნდა ჰქონდეს სერტიფიკატი, რომ ახალი შემოწმებულია და ნამდვილად იცავს ჰიგიენურ წესებს.


გარდა ცხობის პროცესისა, მნიშვნელოვანია, როგორ მიდის მყიდველამდე პროდუქტი. არაერთხელ მინახავს, საბარგულში ჩაყრილი პური როგორ შეაქვთ მაღაზიაში შიშველი ხელებით. კატასტოფაა ამის ყურება და წარმოდგენა იმისა, რომ ამ საკვებს მერე ჩვენ ვიღებთ. ვერ გაიგო ამ ხალხმა, რომ პური იმ იშვიათ პროდუქტებშია, რომლებიც არ ირეცხება.


პურ-ფუნთუშეულის მოხმარებით ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ვართ, ანუ ჩვენი მთავარი საკვები ეს არის და სტანდარტები განსაკუთრებულად მაღალი უნდა იყოს", - აცხადებს "რეზონანსთან" ლია კვარაცხელია.


არასამთავრობო ორგანიზაცია "ეტიკის" ხელმძღვანელი ამირან შენგელია კი ამბობს, რომ საცხობების დიდ ნაწილში ჰიგიენის ნორმები დაცული არ არის.


"პურპროდუქტების საცხობები, რომლებსაც ორგანიზაციებთან აქვთ ხელშეკრულებები, მიიჩნევენ, რომ თავი ქუდში აქვთ და მომხმარებელი სულ ეყოლებათ, ამიტომ აღარ იცავენ სათანადოდ წესებს.


პრობლემაა ისიც, რომ სტანდარტები იმდენად "გაუფასურდა", რომ თუკი მომხმარებელმა ტარაკანი, ბუზი ან თმა იპოვა პურში, უკვე პრობლემად არ მიაჩნიათ. არადა, საცხობებში მტვრით სავსეა ფქვილი და არავინ სათანადოდ არ ასუფთავებს შენობას. ამის არაერთი შემთხვევა პირადადაც მინახავს", - განუცხადა "რეზონანსს" შენგელიამ.

წყარო: რეზონანსი